„საქართველოსთვის“ - „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს

„ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით კიდევ უფრო მყარი საფუძველი იქმნება 2024 წლის არჩევნების ხელისუფლებისადმი „ლოიალური ცესკოს“ მიერ ჩასატარებლად.

„ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა, რომლის მიზანი 2024 წლის არჩევნებზე მოქალაქეთა არჩევანის მოპარვის მცდელობა და არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესის შენიღბვაა.

ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 90 ხმით არჩევის წესის ინიცირება ხელისუფლების მხრიდან (მაშინ, როცა სულ რაღაც 2 თვის წინ საჭირო ხმების რაოდენობა 100-დან 76 ხმამდე შეამცირეს და ცესკო საკანონმდებლო დონეზე დაიქვემდებარეს), არის თითქოსდა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ყალბი მცდელობა (სახალხო დამცველის არჩევის მსგავსად), რეალურად კი საზოგადოების მოტყუება და ხელისუფლებისადმი ლოიალური ცესკოს თავმჯდომარის და წევრების გარანტირებულად არჩევა ფორმალურად უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, რაც ოცნებისთვის ჩვეული პოლიტიკურ-თაღლითური ხელწერაა.

როგორც სჩანს, ხელისუფლებას განზრახული აქვს ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან გარიგებით/მოსყიდვით, აირჩიოს ცესკოს მორჩილი თავმჯდომარე და წევრები, ზუსტად ისე, როგორც აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები (მაგ.: ნაცმოძრაობის ფრაქციის ხელშეწყობით). ამგვარი გარიგების/მოსყიდვის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, ოცნების მიზანია 90 ხმით ცესკოს თავმჯდომარის და წევრების აურჩევლობაში ოპოზიციის დადანაშაულება და მათი არჩევა უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებებით არათუ ვერ იქნება აცილებული არჩევნების გაყალბების რისკები, არამედ კიდევ უფრო მყარი საფუძველი იქმნება 2024 წლის არჩევნების ხელისუფლებისადმი ლოიალური ცესკოს მიერ ჩასატარებლად.

პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს ხელს არ შეუწყობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო