საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ისრაელის ეროვნულ პოლიციას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის, იაკოვ შაბთაის მოწვევით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები - ნიკოლოზ სამარღანიშვილი და ირაკლი დონდოლაძე.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრთან, იაკოვ შაბთაისთან და ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

ისრაელის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თელ-ავივის პოლიციის, ისრაელის ეროვნული კონტრტერორისტული დანაყოფის (YAMAM), იდენტიფიკაციისა და ექსპერტიზის დანაყოფის, იერუსალიმის ძველი ქალაქის კონტროლის და მართვის ცენტრის, საზღვაო პოლიციის, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებთან.

ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის ეროვნულ პოლიციას შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხს განიხილავენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა