არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ედიშერ თოლორაიამ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობა არ მიუთითა.
ორგანიზაცია დეპუტატის ქონებაზე ინფორმაციას ავრცელებს და ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, ედიშერ თოლორაიას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს
„თოლორაია 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია და ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის, რომელმაც „რუსული კანონის“ მიღებას მხარი დაუჭირა.
ედიშერ თოლორაიას ოჯახს ეკუთვნის სამი დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:
ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე - 153.5 კვ.მ;
ავტოსადგომი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე - 25 კვ.მ;
მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში - 4,567 კვ.მ;
თოლორაიას ოჯახთან ასევე დაკავშირებულია დაუდეკლარირებელი კომპანიები:
თოლორაიას მეუღლე, მაკა ღურწკაია ფლობს შპს კერა 2011-ის 100% წილს.
მისი დედა, ლამარა გორდულავა ფლობს შპს ევროლუქსი 2011-ის 100%-იან წილს.
ლამარა გორდულავა ასევე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.
ედიშერ თოლორაია, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში.
ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წელს თოლორაიას დეკლარაცია უარყოფითად შეაფასა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, ედიშერ თოლორაიას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.