კორნელი კაკაჩია - ფაქტია, რომ რუსულ-საბჭოური რიტორიკა და ნარატივები საქართველოში მოთხოვნადია, სამწუხაროა, მაგრამ ჯერჯერობით ასეა და ხელისუფლება მათ  წარმატებით იყენებს

ევროკავშირის კომისრის ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შედეგებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, ევროკომისრის ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე გვინდა გესაუბროთ.

ვინც აქტიურად ადევნებს თვალს ქვეყნის პოლიტიკას, მასპინძლებთან ერთად თბილისში ჩამოსული ბევრი სტუმრის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ახსოვს. მაგრამ, ძნელად თუ გაიხსენებს ისეთ ლატენტურად კონფრონტაციულ შემაჯამებელ პრესკონფერენციას, რომელიც ევროკომისარ ბორელსა და საქართველოს პრემიერ ღარიბაშვილს ჰქონდათ.

ევროკომისარი დიპლომატიურად ცდილობდა თავისი სათქმელის თქმას, არასასიამოვნო გზავნილების მოსმენის შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი შეტევის ისეთ ეშხში შევიდა, რომლიდანაც გამოსვლა სცადა, მაგრამ, ამასობაში კიდევ იმდენი პრეტენზიები გამოთქვა ევროპელი პარტნიორების მიმართ, სტუმარმა თავი უხერხულადაც კი იგრძნო, მაგრამ, თავისი სათქმელი დიპლომატიურად, მაგრამ მაინც თქვა.

ამ თემაზე სასაუბრო ბევრია, მაგრამ, მოდით მსჯელობა იმით დავიწყოთ, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბორელი-ღარიბაშვილის ერთობლივმა შემაჯამებელმა პრესკონფერენციამ?

- ბორელისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ევროკომისარი და ევროკავშირი და პრემიერი განსხვავებულად აღიქვამენ თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროპულ 12 რეკომენდაციას. ამ საკითხში რომ სერიოზული აცდენაა შეფასებებში, ნაწილობრივ ამის გამოხატულება იყო ის ხისტი პოლემიკა, რაც პრესკონფერენციაზე ვიხილეთ და რასაც ჩვენ შეჩვეულები არ ვართ.

ბორელისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ევროკომისარი და ევროკავშირი და პრემიერი განსხვავებულად აღიქვამენ თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროპულ 12 რეკომენდაციას. ამ საკითხში რომ სერიოზული აცდენაა შეფასებებში, ნაწილობრივ ამის გამოხატულება იყო ის ხისტი პოლემიკა, რაც პრესკონფერენციაზე ვიხილეთ და რასაც ჩვენ შეჩვეულები არ ვართ

ბორელის თბილისში ვიზიტის მიზანი უნდა ყოფილიყო მკაცრი გაფრთხილება ქართული მხარისთვის, რომ თუ ქართული მხარე შემჭიდროებულ ვადებში არ გადადგამს ნაბიჯებს 12 რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლიდანაც საქართველოს მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, მაშინ ამას ევროკავშირისგან შესაძლოა მოჰყვეს სხვა ტიპის რეაქცია.

- ეს ბატონ ბორელის ერთ-ერთი გზავნილი იყო. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანას 12 რეკომენდაციიდან კიდევ შესასრულებელი აქვს 9 რეკომენდაცია.

მან ასევე თქვა - „არ მოუსმინოთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ დასავლეთს აქ მეორე ფრონტის გახსნა უნდაო, ეს ნარატივი რუსული დეზინფორმაციააო“.

მან პრეზიდენტის იმპიჩმენტზეც გამოთქვა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა.

სავარაუდოდ, რაზე მიუთითებს ევროკომისრის მიერ თბილისში ბრიუსელიდან ჩამოტანილი გზავნილები?

- ჩემი აზრით, ამ გზავნილების ადრესატი იყო ქართული საზოგადოება და ქართველი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ევროკავშირს უკვე აღარ სჯერა რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ნაბიჯებს გადადგამს. ამავე დროს ისინი ხედავენ, რომ ქართული საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. იმასაც, რომ ქართული საზოგადოება მონდომებული და მოწადინებულია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

რა თქმა უნდა, ბორელის გზავნილები ხელისუფლებისთვისაც იყო. ბორელის კომენტარები ხელისუფლებისთვის ალიყურსაც ჰგავდა, რადგან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პროპაგანდა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს დასავლეთის წინააღმდეგ, არის აბსოლუტური ტყუილი.

ბორელის კომენტარები ხელისუფლებისთვის ალიყურსაც ჰგავდა, რადგან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პროპაგანდა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს დასავლეთის წინააღმდეგ, არის აბსოლუტური ტყუილი... პრემიერის თანდასწრებით ეს პირველად ითქვა

ეს ასე ღიად აქამდე არც ერთ ევროკავშირის მაღალჩინოსანს არ უთქვამს და არც ჰქონია საშუალება ეს ხმამაღლა ეთქვა, თან თბილისში. ევროპელი პარტნიორები ამას შიგა და შიგ კი აკეთებენ, მაგრამ პრემიერის თანდასწრებით ეს პირველად ითქვა.

- ბრძანეთ, ბორელის განცხადება ხელისუფლებისთვის „ალიყური იყოო“, მაგრამ, ვნახეთ, რომ ბორელმა პრემიერისგანაც მიიღო მმართველი გუნდის პასუხიც და "ალიყურიც."

ბატონ ბორელის განცხადებები საკმაოდ დიპლომატიური იყო, მაგრამ პრემიერის საჯარო პასუხი რომ არც დიპლომატიური იყო და არც ისეთი მასპინძელს რომ შეეფერებოდა, ვნახეთ. მეტიც, პრემიერმა ბორელს თითიც კი დაუქნია და ჭკუის სწავლებასაც შეეცადა.

თქვენ როგორ აღიქვით ბორელის გზავნილებზე ხელისუფლების პასუხი და რეაქცია?

- პრემიერის პასუხები და ტონი, აბსოლუტურად კონპროდუქტიული და მიუღებელი გახლდათ. საუბარი იმაზე, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა. ე.წ. ტრიოში ჩვენ საუკეთესოები ვართ, ვიმსახურებთ და აუცილებლად უნდა მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, არ გახლავთ მომგებიანი რიტორიკა.

ასეთი რიტორიკა ვერ დაეხმარება ქვეყანას მხარდაჭერა მიიღოს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად. არა მგონია ასეთი კონფრონტაციული განცხადებები წაადგეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გაუჩნდა იმის შიში, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით მოხდეს ის, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოხდა. ბოსნია-ჰერცეგოვინას მიეცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ, ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეცა ბოსნია-ჰერცეგოვინის ხალხს.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გაუჩნდა იმის შიში, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით მოხდეს ის, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოხდა. ბოსნია-ჰერცეგოვინას მიეცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ, ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეცა ბოსნია-ჰერცეგოვინის ხალხს

თუ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ამის რისკი არსებობს. თუ ასე მოხდა, ბუნებრივია, რომ ეს არჩევნების წინ ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს.

ხელისუფლების მკაცრი რიტორიკა და კონფრონტაციული ტონი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ასე არ მოხდეს.

- პრემიერმა თქვა, რომ ევროკომისია საქართველოს არასამართლიანად მოექცა, რომ საქართველო უსამართლობას არ შეეგუება. მან ასევე თქვა, რომ უკრაინას და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიცემა ბონუსი იყო.

პრემიერმა ასევე იმსჯელა იმაზე, რომ „არავინ იცის უკრაინაში ომი როგორ დასრულდება“, რომ საქართველო რუსეთთან დაკავშირებით მიღებულ სანქციებს თავისი ინტერესების გამო არ შეუერთდა.

სავარაუდოდ, როგორ აღიქვამენ პრემიერის ამ განცხადებებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ან, თუნდაც ევროკომისია, რომელმაც უნდა მიიღოს წლის ბოლოს საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება?

- პრემიერის განცხადებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იქნება იმის მანიშნებელი, რაზეც ადრე ბევრი გვისაუბრია. დასავლეთში ჩვენი პარტნიორები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ „საქართველომ დაკარგა სტრატეგიული კომპასი“, ანუ, გაურკვეველია ქვეყანა საით მიდით.

ფორმალურად, ქვეყანას უნდა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ, საქართველოს მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა სულ სხვა მიმართულებით მიდის. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გაუჩნდეთ კითხვა - რამდენად სანდოა საქართველო იმისთვის, რომ მას მიეცეს თუნდაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ფორმალურად, ქვეყანას უნდა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ, საქართველოს მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა სულ სხვა მიმართულებით მიდის. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გაუჩნდეთ კითხვა - რამდენად სანდოა საქართველო იმისთვის, რომ მას მიეცეს თუნდაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ დაკარგა იმ პარტნიორების ნდობა, რომლების მის ევროპულ პერსპექტივას უნდა ლობირებდნენ. ეს გახლავთ ყველაზე დამაზიანებელი ქვეყნისთვის.

ხელისუფლება ბევრს საუბრობს, რომ ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ არაფერს ამბობს თუ რა გააკეთა ევროპული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. დემოკრატიის განვითარებისთვის და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საქართველომ მაშინ დაიწყო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, როცა ცივილიზებულ სამყარო მაქსიმალურად ცდილობს აღარ იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე.

არა ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ევროპული რეკომენდაციების შესრულებას მოასწრებს და მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ, ასეთ ვითარებაში, თუ საქართველოსთვის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო არაა გამორიცხული საქართველომ ევროკავშირისაგან მიიღოს კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თავსებადი უნდა გახდეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის.

თუ საქართველოსთვის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო არაა გამორიცხული საქართველომ ევროკავშირისაგან მიიღოს კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თავსებადი უნდა გახდეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის

ასეთ შემთხვევაში, თუ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, საქართველოს აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ გაზარდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები.

- ევროკავშირის კომისრის თბილისში ვიზიტის შემდეგ საქართველომ რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, შანსები გაიზარდა თუ შემცირდა?

- თუ ბორელის განცხადებებით ვიმსჯელებთ, მისი განცხადებები საკმაოდ მკაცრი და კრიტიკული იყო. თუ სიტუაციას მთლიანობაში შევაფასებთ, მე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით უფრო მეტ ოპტიმიზმის საფუძველს ვხედავ, ვიდრე პესიმიზმის.

თბილისში ბორელის ვიზიტი რომ შედგა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ევროკავშირს გეოპოლიტიკურად არ აწყობს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების დაშლა. შესაძლოა, ბორელი თბილისში საერთოდ არ ჩამოსულიყო. მისი არ ჩამოსვლა ჩვენთვის ცუდის ნიშანი იქნებოდა.

ევროკავშირს გეოპოლიტიკურად არ აწყობს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების დაშლა. შესაძლოა, ბორელი თბილისში საერთოდ არ ჩამოსულიყო. მისი არ ჩამოსვლა ჩვენთვის ცუდის ნიშანი იქნებოდა

მე მაინც მგონია, საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხთან დაკავშირებით რაღაც შუალედური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ბოლო თვეებში როგორ განვითარდება პროცესები და ევროპული მიმართულებით რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

- ბორელის ვიზიტთან, ბორელი-ღარიბაშვილის შემაჯამებელი პრესკონფერენციის შემდეგ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი გამოითქვა.

ბევრმა ჩათვალა, რომ ისე არავის უნდა საქართველოს ევროპაში შეყვანა, როგორც თავად ევროპას, მაგრამ, ისე არავის არ უნდა ევროპაში არ შესვლა, როგორც ჩვენს ხელისუფლებას.

რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამგვარი მტკიცება?

- ამაში არის ლოგიკა და მისი ახსნა მარტივად შეიძლება. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ევროპა ისეთი, რომელიც მის ინტერესებზე იქნება მორგებული. ასე გააკეთა უნგრეთის პრემიერმა ორბანმა. საქართველოს ხელისუფლებას უნდა რომ ევროკავშირი არ შეეწინააღმდეგოს მის მმართველობას და მათ შეძლონ ქვეყნის 2030 წლამდე მართვა ერთპარტიულად.

ასეთი ტიპის საქართველო ევროპისთვის მიუღებელია, სწორედ ამაშია „ქართული ოცნების“ ინტერესებისა და დანარჩენი საზოგადოების ინტერესების განსხვავება. ხელისუფლებას უნდა, რომ ქვეყნის ევროკავშირისკენ მოძრაობა მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს და არა ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების. ეს კი მართვის იმ ფორმების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს ევროპასთან შეუთავსებელია.

ხელისუფლებას უნდა, რომ ქვეყნის ევროკავშირისკენ მოძრაობა მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს და არა ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების. ეს კი მართვის იმ ფორმების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს ევროპასთან შეუთავსებელია

ხელისუფლების რიტორიკიდან ცხადად ჩანს, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფოსა და საზოგადოების ევროპის მიმართ ინტერესს თავის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

- რთული სათქმელია, დარჩენილ დროში რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, მაგრამ, გაქვთ იმის იმედი რომ ხელისუფლება უარს იტყვის, როგორ ბორელმა უწოდა რუსულ ნარატივზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა?

- არა მგონია ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვას, რადგან, რაც უფრო მეტად ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება მეტად ავლენს რომ აქვს პოლიტიკური "კლიმაქსი". ამის მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე მმართველ გუნდს ბევრი არაფერია აქვს სალაპარაკო, რაც არჩევნებში გამოადგება.

ერთადერთი, რაც მას შეუძლია კონსპირაციული თეორიების გაჟღერებაა ევროკავშირთან და დასავლეთთან დაკავშირებით. ასევე შეუძლია გააგრძელოს საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ არ იყოს, ქვეყანა ომში იქნებოდა ჩათრეული.

ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რუსული ინვესტიციების შემოდინების შედეგად ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. არადა, უბრალო მოქალაქეებზე რუსული კაპიტალის შემოდინება რომ არ აისახება, ვხედავთ. ხელისუფლება უარს ვერ იტყვის იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე რომელიც მას აქამდე ჰქონდა.

ხელისუფლება უარს ვერ იტყვის იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე რომელიც მას აქამდე ჰქონდა

მას საზოგადოებისთვის არც ახალი იდეების შეთავაზება შეუძლია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მართვის სისტემის გაუმჯობესებასთან, აღარაფერს ვამბობ ახალ იდეებზე დემოკრატიის გასაღრმავებლად. „ქართული ოცნება“ ვერ მოახდენს თავისი პოლიტიკის გადატვითვას, როგორც პარტიამ, რომლის შემდეგაც იგი შეძლებდა საზოგადოებისთვის რეფორმების ახალი პაკეტის შეთავაზებას.

ამის რესურსი მას არ აქვს.

სწორედ ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოების პოსტსაბჭოთა მესიჯბოქსებით კვებას.

- ვითარებაში, როცა ხელისუფლება ხედავს, რომ „რუსული ნარატივები“ როგორც მას ბორელმა უწოდა, „მუშაობს“, თან „მშვენივრად“, და რატომ უნდა შეცვალოს ისინი?

- გეთანხმებით და ეს რომ ასეა, ეს საზოგადოების ბრალიცაა. როგორც ჩანს, ქართული საზოგადოება მოწყვლადი აღმოჩნდა რუსული დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ.

როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებას აქვს მიდრეკილება კონსპირაციული თეორიების მიმართ და მათზე მოთხოვნა არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ფაქტია, რომ რუსულ-საბჭოური რიტორიკა და ნარატივები საქართველოში მოთხოვნადია, სამწუხაროა, მაგრამ ჯერჯერობით ასეა და ხელისუფლება მათ წარმატებით იყენებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო