საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია.

საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე.

ქურდოვანიძის თქმით, ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე საზოგადოება პასუხებს მიიღებს.

„პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს.

სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს:

სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება;

საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

სტრატკომი საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო