არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ  - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციისა დაპრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

„მიგვაჩნია, რომ ხსენებულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლის საგანი:

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიურ ხელფასის და 2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, თუ რა არის პრემიერის ფინანსური წყარო.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამ და სხვა ფაქტებზე, ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების, ეჭვებს.

კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა - “ნოდარ მელაძის შაბათში” 2023 წლის 9 სექტემბერს გასულ სიუჟეტში გადმოცემული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

ამის პარალელურად, არსებითია შემთხვევაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საფარი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „დემოკრატიის მცველები“.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

საპასუხოდ მთავრობის სტრატკომმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტს და დეზინფორმაცია უწოდა.

სტრატკომის ინფორმაციით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამასთან, მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე, რომელსაც აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები მათ შორის, კომერციული და კერძო პირებისგან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო