მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე - ბიუჯეტიდან ერთი კაპიკიც არ არის გადახდილი, მთავარი ეს არის

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტისთვის „ბიუჯეტიდან ერთი კაპიკიც კი არ არის გადახდილი“. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, თუ რით აპირებენ იმის დადასტურებას, რომ პრემიერის ჩარტერული რეისი არ ყოფილა ბიუჯეტიდან დაფინანსებული.

„ვფიქრობ, პირთა წრე საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს, არ შეიძლება ოჯახის წევრებმა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში? მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი კაპიკი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის. მგონი, მოსახლეობას უპირველეს ყოვლისა ეს აინტერესებს, სახელმწიფომ გაიღო თუ არა ხარჯი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ - არა. სიტყვით ვადასტურებ ამ შემთხვევაში. მიმართეთ ანზორ ჩუბინიძეს და დარწმუნებული ვარ შესაბამის განცხადებას გააკეთებს“, - აღნიშნა ჯაველიძემ.

კითხვაზე, თუ როდის დაიდო ხელშეკრულება პრემიერსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შორის, ჯაველიძემ აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, როდის დაიდო ხელშეკრულება.

„არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ვერ გეტყვით როდის დაიდო. სავარაუდოდ, არსებობს, უნდა მიმართოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს“, - აღნიშნა ჯაველიძემ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, არსებობს თუ არა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ღარიბაშვილმა როგორც მოქალაქემ, ისე გადაიხადა კონკრეტული თანხა, ჯაველიძემ აღნიშნა, რომ კონკრეტული დოკუმენტი არ უნახავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ კომუნიკაცია არსებობს მასა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც მის ფრენას უზრუნველყოფს. ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება ანზორ ჩუბინიძის უწყებაში“,- აღნიშნა ჯაველიძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

სტრატკომი საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. საქართველოს მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. "კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო