ჯაბა სამუშიამ თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო კონფერენცია - „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“ გახსნა, რომელშიც ქართველ სპეციალისტებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად 23 ქვეყნის 132 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

თსუ-ის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, მულტილინგვური განათლების საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ აუცილებელია იცოდეს სახელმწიფო ენა, მათ შორის ეროვნულმა უმცირესობებმა.

„საქართველოს განათლების სისტემა ზრუნავს, რომ შექმნას ახალი მიმართულებები, იმისათვის, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა შეისწავლოს სახელმწიფო ენა. დღევანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილია მოხსენებები, რომელიც ითვალისწინებს მეორე ენის სწავლების საკითხებს. ამ კუთხით აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რაც მოცემული აქვს ევროკავშირს, აგრეთვე, ბოლონიის პროცესის ფარგლებშია შემუშავებული“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

„ძალიან საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქართულ სახელმწიფოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ შეუნარჩუნოს ყველა ერს თავისი კულტურული თვითმყოფადობა, რაც პირველ რიგში ენას ეფუძნება და ამავე დროს მათ შეუქმნას ის გარემოება, რომ საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაუმკვიდროს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა ყველასთვის არის სავალდებულო“, - აღნიშნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

თსუ-ის ცნობითვე, მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვილნიუსის უნივერსიტეტის (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

„მოხარულები ვართ, რომ ამ კონფერენციის თანაორგანიზატორები ვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ვილნიუსის უნივერსიტეტი მულტილინგვური განათლების საკითხს განიხილავს მნიშვნელოვნად ახალგაზრდა თაობისთვის. ჩვენ, უნივერსიტეტებმა უნდა ვიზრუნოთ, რომ გავაძლიეროთ ენების სწავლა/სწავლება. რაც მეტი ენა გვეცოდინება, უკეთესი იქნება ჩვენთვის და მსოფლიოსთვის, უკეთესად გავუგებთ ერთმანეთს და ხელს შევუწყობთ ინტერკულტურული და მულტილინგვური მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხოური ენების ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაიჩიუნიენემ.

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება ვორკშოპი სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის.

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, საერთაშორისო კონფერენციას სამეცნიერო და თეორიულ ღირებულებასთან ერთად პრაქტიკული ღირებულებაც გააჩნია.

„დღევანდელ სამყაროში მულტილინგვისტური პრობლემები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და მსოფლიოს მასშტაბითაც. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ გვყავს მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ქვეყნის განვითარებას, ვინაიდან ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი პიროვნული პოტენციალის გამოყენებას. ამიტომ, სახელმწიფო, ჩვენი უნივერსიტეტიც ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარებაზე“, - განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.

თსუ-ის ინფორმაციით, მეორე ენის სწავლა/სწავლება და მულტიკულტურული ასპექტების კვლევა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, შესწავლილია არაერთი ქვეყნის გამოცდილება, გამოკვეთილია აქტუალური საკითხები და ჯერ კიდევ გადასაჭრელი პრობლემები.

„მულტილინგვური განათლების მიდგომები განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულები. საკითხი აქტუალურია ქართული რეალობისა და ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების საფეხურზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო