ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“. თქვენ გაეცნობით ევროკავშირის შესახებ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას.

7, სექტემბერი, 2023

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში აღნიშნულია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” კონსტიტუციური ნორმა ადასტურებს იმას, რომ ევროპული ინტეგრაცია იქცა კონსტიტუციურ წესრიგად. კონსტიტუციური ორგანოა ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც აღნიშნულია კონსტიტუციაში: მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, ეროვნული ბანკი, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ-ის ორგანოები და სხვა. მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა მიიღონ გადაწყვეტილებები და იმოქმედონ ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მიზნით.

ამავდროულად, არ არსებობს ევროპული ინტეგრაცია სამართლებრივი დაახლოების (აპროქსიმაციის) გარეშე. ევროპული ინტეგრაციის საფუძვლები, ვალდებულებები, სამოქმედო ნაბიჯები დღეს ასახულია ასოცირების შეთანხმებაში. ე. ი. კონსტიტუციური ნორმა უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად (ფართოდ), რომ ასოცირების შეთანხმება, როგორც სახელმწიფოსა და საქართველოს ხალხის ევროპული არჩევანის დეკლარირება, ქვეყნის ევროპეიზაციის მთავარი ნორმატიული ჩარჩოა.

ასეთ ვითარებაში, რამდენად გამოყენებადია “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის დებულება, რომლის თანახმადაც, თანაბარი ძალის ნორმატიულ აქტებს შორის კოლიზიისას უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულს? მაგალითად, საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წელს დაიდო საერთაშორისო ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჰიპოთეტურად, ეს უკანასკნელი თუ მოდის წინააღმდეგობაში ასოცირების შეთანხმებასთან (რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებაა), რომელიც დაიდო 2014 წელს და ძალაში სრულად შევიდა 2016 წელს, უპირატესობა ენიჭება ჩინეთთან დადებულ ხელშეკრულებას.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანულმა კანონმა ვერ გაითვალისწინა ეს სპეციფიკური ვითარება ქვეყანაში და არ მოიცვა საგამონაკლისო დათქმა, რომლის ძალით, არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ასოცირების შეთანხმებასთან. მიუხედავად ამისა, თუ ადგილი ექნება საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების წინააღმდეგობას ასოცირების შეთანხმებასთან, ორგანული კანონის დებულება ვერ იქნება გამოსადეგი, რამეთუ იგი დაუპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დანაწესს (ნორმატიული აქტების იერარქიის გათვალისწინებით).

საერთო აგრარული პოლიტიკა (CAP) წარმოადგენს ევროკავშირის კანონთა ერთობლიობას ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის უზრუნველსაყოფად. CAP-ის მთავარი პრინციპებია: სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის ერთიანი ბაზრის შექმნა; ერთგვარი კოდური ტერმინის შექმნა – „გაერთიანებისთვის პრიორიტეტული“, რომლითაც შეინიღბა პროტექციონიზმი. რეალურად კი ნიშნავდა, რომ გაერთიანების პროდუქციას უპირატესობა მიენიჭებოდა იმპორტირებულ საქონელთან შედარებით; ერთობლივი ფინანსირება – სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის ხარჯებს გაიღებდა გაერთიანება და არა წევრი სახელმწიფოები ინდივიდუალურად. CAP-ის მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის საკვები; ფერმერების ცხოვრების სამართლიანი სტანდარტი; ბაზრის სტაბილურობა; მომხმარებელთათვის გონივრული ფასები; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა.ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობა მხარდაჭერილია ევროკავშირის ბიუჯეტიდან. CAP ფინანსდება ორი ფონდის მეშვეობით: 1. ევროპის სოფლის მეურნეობის საგარანტიო ფონდი (EAGF) უზრუნველყოფს პირდაპირ მხარდაჭერას და აფინანსებს საბაზრო ღონისძიებებს; 2. სოფლის განვითარების ევროპული სოფლის მეურნეობის ფონდი (EAFRD), აფინანსებს უშუალოდ სოფლის განვითარებას. ევროკომისია რეგულარულად უწევს კონსულტაციებს სამოქალაქო დიალოგის ჯგუფებსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტებს სოფლის მეურნეობის შესახებ კანონთა და პოლიტიკის სათანადოდ ჩამოყალიბების მიზნით. ევროკომისიას არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას აწვდიან ექსპერტთა ჯგუფები. კომისია ახორციელებს ზემოქმედების შეფასებას ახალი ევროპული კანონმდებლობის დაგეგმვის, მომზადებისა და შეთავაზების დროს, განიხილავს ევროკავშირის მოქმედების აუცილებლობას. CAP, თანმიმდევრული რეფორმების მეშვეობით, ადაპტირდება ევროპის სოფლის მეურნეობის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებთან. 2023 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დაიწყო CAP სტრატეგიული გეგმების დანერგვა. ფერმერებისა და სოფლის დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა ევროკავშირის 27 ქვეყანაში ეფუძნება ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო ბაზას ევროპული მწვანე შეთანხმებასა და ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის გათვალისწინებით. დღეს სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება 1960-იანი წლების პოლიტიკისაგან. მაშინ აქცენტი სურსათის რეგულარულ მარაგზე კეთდებოდა, დღეს კი ფერმერებს ეხმარებიან იმისათვის, რომ შეძლონ კონკურენციის გაწევა ევროპულ და გლობალურ ბაზარზე.

DG (Directorate-General) არის ევროკომისიის სტრუქტურა (ე.წ. სამთავრობო სტრუქტურა, რამეთუ ევროკომისია არის ევროკავშირის მთავრობა/აღმასრულებელი ხელისუფლება). ევროკომისია შედგება 33 გენერალური დირექტორატისაგან. თითოეული პასუხისმგებელია კონკრეტული პოლიტიკის სფეროზე: სოფლის მეურნეობისა და აგრარული განვითარების DG, კომუნიკაციის DG, ვაჭრობის DG, საბაჟოსა და გადასახადების DG, სტრუქტურული რეფორმების DG, კვლევებისა და ინოვაციების DG, თარგმანის DG, რეგიონული და ურბანული პოლიტიკის DG, ტრანსპორტისა და მობილურობის DG, მიგრაციისა და შიდა საქმეების DG, საზღვაო საკითხებისა და მეთევზეობის DG, იუსტიციისა და მომხმარებელთა DG, ერთობლივი კვლევების ცენტრის DG, საერთაშორისო პარტნიორობის DG, შიდა ბაზრის, ინდუსტრიის, წარმოების, პატარა და საშუალო ბიზნესის DG, ინფორმატიკის DG, ადამიანური რესურსებისა და უსაფრთხოების DG, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის DG, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრის DG, ევროსტატის DG, ევროპული სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების DG, ევროპული სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების DG, გარემოს DG, ენერგეტიკის DG, დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის DG, განათლების, ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის DG, ეკონომიკისა და ფინანსური საკითხების DG, თავდაცვის ინდუსტრიისა და სივრცის DG, კონკურენციის DG, საკომუნიკაციო ქსელების, შინაარსისა და ტექნოლოგიების DG, კლიმატის ქმედებების DG, ბიუჯეტირების DG.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები (სამინისტრორები, სსიპ-ები) თემატურად/დარგობრივად თანამშრომლობენ ევროკომისიის გენერალურ-დირექტორატებთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში.

ქარდავა ე., ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Erasmus+ Jean Monnet Module, 2023, https://www.gu.edu.ge/uploads/other/14/14341.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო