სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებისგან ასობით წერილი მიიღო - როცა ხალხის მოსაზრება მოისმინა, საბრძოლო განწყობა უფრო მეტად დაუბრუნდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრის კამპანიის ფარგლებში, სააკაშვილმა მოქალაქეებისგან ასობით წერილი მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჯაფარიძე აღნიშნავს, ის რამდენიმე რეგიონის მოსახლეობას შეხვდა და მათგან ყოფილ პრეზიდენტთან კონკრეტული გზავნილები წამოიღო.

„აჭარაში, გურიაში, მარნეულში ვიყავი, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ხვალიდან ისევ ვაგრძელებთ მსვლელობას. წარმოუდგენელი განწყობები დამხვდა, ჩემთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის, საზოგადოების აზრის მოსმენა ყველა საკითხთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მათი აზრი, მათი პრობლემები, მათი ხედვა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს ყველაფერი, „გარუსებისკენ“ ასეთი ტემპით მიმავალი გზა და ა.შ. მათი მოსაზრებები მოვისმინე, ათასობით ადამიანს შევხვდი, მიხეილ სააკაშვილთან უამრავმა ადამიანმა გამატანა გზავნილი.

განწყობა ერთია, რომ ქვეყანა რუსეთის ტყვეობისგან უნდა ვიხსნათ და იმ ჭაობიდან უნდა ამოვიყვანოთ, რომელშიც დღეს „ქართული ოცნება“ მიგვათრევს, „გარუსებისკენ“ უმართავი ტემპი მართლა უნდა შევაჩეროთ და ქვეყანა დასავლურ რელსებზე უნდა დავაყენოთ. მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ერთსულოვნებაა, ყველა იმას ამბობს, რომ მას ადეკვატური მკურნალობის მიღება უნდა შეეძლოს, სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანებიც კი იმას ამბობენ, რომ ნამდვილად ქვეყნის სირცხვილია, რომ პრეზიდენტს ასე ვაწამებთ და ამას გამადიდებელი შუშით მთელი მსოფლიო უყურებს. ზოგადად, განწყობები უკიდურესად შეცვლილია. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენი ხელისუფლება ასე ღიად, რუსეთისკენ მიგვაქანებს.

ძალიან ბევრმა მოქალაქემ გამატანა პრეზიდენტთან წერილი, უამრავი კითხვაა, კითხვაზე მეტად ისინი მას თავიანთ პრობლემებზე და იმ გამარჯვების ფორმულის შექმნაზე ესაუბრებიან, რაც უნდა შეიქმნას, რომ ჩვენ რუსული რეჟიმი დავამარცხოთ.

წერილების რაოდენობა არ დამითვლია, ზოგ წერილს 20-30 ადამიანი აწერს ხელს, ინდივიდუალური წერილებიცაა, საერთო ჯამში, ასობით წერილია. მათი ნაწილი შეტანილია, ნაწილი სიტყვიერად გადაცემულია, მაგრამ თითოეული ჩვენი მოქალაქის მოსაზრება მასთან მიტანილია.

მას კიდევ უფრო მეტად დაუბრუნდა საბრძოლო განწყობა, როცა ხალხის განწყობა დაინახა, მისთვის ხალხის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის ყოველთვის ჩვენი მოქალაქეების გვერდით იყო, განსაკუთრებით, გაჭირვებული ადამიანების გვერდით. დღეს, როცა მან ისევ მოისმინა მათი პრობლემები, ისევ კომუნიკაცია დაამყარა მათთან, მისი საბრძოლო განწყობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და კიდევ უფრო მეტი შემართებით იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო