პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი ძალა, ვინც საქართველოში პოლარიზაციას აღვივებს, ეს არის უცხოური აგენტურა.
„დეპოლარიზაცია არის ყველაზე რთული ამოცანა. ამ ამოცანის შესრულება „ქართულ ოცნებაზე“ არ არის დამოკიდებული. ხანგრძლივი ისტორია აქვს ამ ყველაფერს. მთავარი ძალა, ვინც საქართველოში პოლარიზაციას აღვივებს, ეს არის უცხოური აგენტურა, ეს შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს საქართველოში, მანამდე პოლარიზაცია ყოველთვის იქნება. ვგულისხმობ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ არასამთავრობოებს, მედიასაშუალებებს. ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვივებენ ამ ქვეყანაში პოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მათი მთავარი პატრონებისგან. რაც შეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, მინდა გითხრათ, რომ პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. შესაბამისად, საზოგადოება ამასთან დაკავშირებით თავის დასკვნებს გამოიტანს. არა იმპიჩმენტი, არამედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის მაპოლარიზებელი ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადება შეაფასა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ევროინტეგრაციის გზაზე ხელშემშლელია.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, „სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება“.
„ის რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებს. კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას. საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ინტერესებშია პოლარიზაცია. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიციასთან ექნება კონსულტაციები. მან სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ მოერიდა დანაშაულის ჩადენას. იცოდა, რომ არაკონსტიტუციურ, არალეგიტიმურ ვიზიტს ახორციელებდა. შესაბამისად, თავად გაწია ხარჯები და ვიზიტებში ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა. დანაშაულის ნაწილში მას რადიკალური ოპოზიციის იმედი ვერ ექნებოდა, ამიტომ ვერ გარისკა დანაშაულის ჩადენა, თუმცა, ძალიან მარტივად გარისკა კონსტიტუციის უხეშად დარღვევა იმიტომ, რომ სწორედ აქ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ისინი ერთიანი დღის წესრიგით მოქმედებენ. ადამიანმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. ჩვენი ვალდებულებაა, კონსტიტუცია დავიცვათ“,-განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადგილი აქვს წარუმატებელ მცდელობას, რომ რაღაც „შუაშისტური“ რეალური „ნაციონალური ძალა“ შექმნან.
„ეს ხომ არ არის პირველი მცდელობა, მანამდეც 2020 წელს ჰქონდა გლობალურ ომის პარტიას მცდელობა, რომ რაღაცნაირად წარმოეჩინათ „ლელო“ „შუაშისტური“ ფრთა, რომელსაც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მოგვიანებით უნდა დაელაგებინა კოალიცია, არ გამოუვიდათ. „ლელო“, როგორ უნდა წარმოაჩინო „შუაშისტად“, როცა პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო მათი ლიდერი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ჩართული.
2021 წელს იყო გახარია, აქაც სცადეს. როგორ იტყუებოდნენ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიები - „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, თითქოს გიორგი გახარია იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ვერც საზოგადოება ვერ მოატყუეს. ახლა ლომჯარიათი როგორ უნდა მოატყუონ ქართველი ხალხი, ეს ხომ წარმოუდგენელია. გიორგი გახარია საზოგადოებას ვერ მიჰყიდეს, რომელიც მანამდე „ქართულ ოცნებაში“ პრემიერი იყო და ახლა ქართულ საზოგადოებას ლომჯარია როგორ უნდა მიჰყიდო „შუაშისტად“, ეს წარმოუდგენელია. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონები ჩვენს ქვეყანაში საერთოდ ვერ გრძნობენ სიტუაციას. ვერ გრძნობენ მაგალითად იმას, რომ ხალხს ლომჯარიას „შუაშისტად“ ვერ მიჰყიდი ან ვერც დათო ტურაშვილს. კაცი გამოდის კეზერაშვილის ტელევიზიიდან და საზოგადოებას მაღალ მატერიებზე მოძღვრავს. აი, ასეთი კაცი, როგორ უნდა მიჰყიდო ხალხს „შუაშისტად“? რა თქმა უნდა, ვერ მიჰყიდი
საზოგადოებამ იცის, რომ სინამდვილეში, სამწუხაროდ არის ორი მხარე, ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს პროცესები წარიმართება ამის გარშემო და რატომ? იმიტომ, რომ რეალურად რესურსები არის კონცენტრირებული ორი მიმართულებით. მაგალითად: რომ ავიღოთ ოპოზიციური ტელევიზიები, ასევე, ფული რაც ოპოზიციაშია, ყველაფერი არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელში. აქედან გამომდინარე, სხვა ძალას სამწუხაროდ, რეალურ მესამე ძალას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ სათანადოდ პოლიტიკურ პროცესში შემოვიდეს, რაც ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან მარტივად გაშიფრავს ნებისმიერ ასეთ მცდელობას, რომ „ნაცური“ ასევ თქვათ, ახალი გაერთიანება ვიღაცას შეასაღონ, როგორც „შუაშისტური“. ლომჯარია თქვენც ხომ იცით, რომ „ნაცია“,- განაცხადა კობახიძემ.