„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საგარეო საქმეთა მდივანი, გრიგოლ გეგელია 13-21 სექტემბერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერთა პროგრამის ფარგლებში ჩეხეთს ეწვევა.
ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გრიგოლ გეგელია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სენატისა და პარლამენტის, ჩეხეთის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდება.
„ინტენსიური ერთი კვირის განმავლობაში, ჩეხ კოლეგებთან ერთად, ჩვენს რეგიონში მიმდინარე ძირითად საკითხს განვიხილავთ. ბუნებრივია, ყველგან გვექნება საუბარი საქართველოს ევროპულ პროცესზე და როგორც ყოველთვის, ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება საუკეთესოდ იქნას წარმოჩენილი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორის, ჩეხეთის სცენაზე“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.