ბექა ბასილაია - შემოსავალს დადასტურება სჭირდება და ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და არა სტრატკომმა და ჩუბინიძემ - გამოძიებამ უნდა თქვას, პრემიერის ოჯახის ფული ლეგალურია თუ ის ქაღალდზე გაჩენილი ციფრებია, რათა ღარიბაშვილის ფრენა გადაიფაროს

თუ დოკუმენტების წარმოდგენით დადასტურდება, რომ ფრენის ხარჯი ირაკლი ღარიბაშვილის მამამ გასწია, ჩნდება კითხვა, საიდან აქვს პრემიერის ოჯახს ამხელა შემოსავალი, რომ ერთ ჩარტერზე 100 000 ლარზე მეტი გადაიხადოს, ეს არის სინამდვილე თუ ბლეფი. შემოსავალს დადასტურება სჭირდება, ეს მხოლოდ ვიღაცების ზეპირი განცხადებებით ვერ დადასტურდება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სდსს-ის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ბასილაია აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც პრემიერის ფრენასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

„როცა ჩვენ განცხადება წარვადგინეთ და გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს ხარჯი პრემიერის ოჯახის წევრმა დაფარა. როცა ჩვენ ეს განცხადება შევიტანეთ, ამ დროისთვის დადასტურებული იყო, რომ რეისი სახელმწიფომ განახორციელა, ხარჯთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ბუნდოვანი განმარტებები იყო. თუ ხარჯს კერძო პირი გასწევდა, ესეც პრობლემა იქნებოდა, რადგან ათეულობით ათას ლარზეა საუბარი, ხარჯი 100 000-ლარს სცდება, თან ორმხრივი ფრენაა განხორციელებული. ამ ხარჯებს პრემიერის ოჯახის წევრის გარდა, ნებისმიერი კერძო პირი, თუნდაც, მისი მეგობრები გასწევდნენ, აქ უკვე კითხვა შესაძლო კორუფციაზე ჩნდებოდა.

იქამდე, ვიდრე ინფორმაციას გაავრცელებდნენ, რომ ხარჯები მამამ დაფარა, მოცემულობა გვქონდა, რომ ან სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა უნდა ყოფილიყო ან უნდა ყოფილიყო შესაძლო კორუფციული დანაშაული, რაც ცალსახად გამოძიებას ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც ამბობენ, რომ ეს ხარჯი მამამ გასწია, ჩნდება კითხვა, ეს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. მხოლოდ სიტყვებზე რომ ვენდოთ, ასე სად არის, დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ დოკუმენტების წარმოდგენით დადასტურდება, რომ მამამ გასწია ეს ხარჯი, საიდან აქვს პრემიერის ოჯახს ამხელა შემოსავალი, რომ ერთ ჩარტერზე 100 000 ლარზე მეტი გადაიხადოს, ეს არის სინამდვილე თუ ბლეფი. შემოსავალს დადასტურება სჭირდება, ეს მხოლოდ ვიღაცების ზეპირი განცხადებებით ვერ დადასტურდება. როცა კითხვები გაჩნდა, რომ შესაძლო დანაშაულს ჰქონდა ადგილი, გამოძიება უნდა დაწყებულიყო, გამოძიებამ უნდა ამოწუროს ამ კითხვებზე პასუხი. ის, რომ ვიღაცას ვენახები აქვს, არ ნიშნავს, რომ „ქეში“ აქვს, რა ლოგიკაა, უამრავ გლეხს აქვს კახეთში ჰექტრობით ვენახი, მაგრამ 100 000 ლარი გამოიტანოს და ჩარტერი დააფინანსოს, ასე არ ხდება. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და არა სტრატკომმა და ჩუბინიძემ. გამოძიებამ უნდა თქვას, ეს ფული ლეგალური შემოსავლებია თუ ეს ფული ხელოვნურად, ქაღალდზე გაჩენილი ციფრებია იმისთვის, რომ პრემიერის ეს არამართლზომიერი ფრენა გადაიფაროს. ღრმად ვარ დარწმუნებული, ობიექტური გამოძიების პირობებში შემდეგი დადგინდებოდა: პრემიერის მამის მხრიდან არავითარი თანხის გადახდას ადგილი არ ჰქონია, სინამდვილეში, ეს სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯია. რადგან სკანდალი გაჩნდა, მოგვარებაზე დაიწყეს ფიქრი. თუ ნამდვილად მამამ გადაიხადა, გადარიცხვა უნდა იყოს. ეს თუ იქნება, რაც გადაირიცხა, ეს ფული საიდან გაჩნდა, ეს კითხვა არ მოიხსნება“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასაყენებლად საკმარისია.

„უკვე რაც მოხდა, აბსოლუტურად საკმარისია პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასაყენებლად. პრემიერი დაფრინავს ჩარტერით ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილში. ამ მიმართულებით არ შემიძლია წარმოვადგინო კონკრეტული განვითარების შესაძლო გზები, იმპიჩმენტი უნდა იყოს თუ - რა, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ნაწილია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები გასცემენ კითხვებს პასუხს, ეს ვერსიები, რასაც ვავითარებ რეალურია, თუ ჩემი ეჭვებია... ამაზე ვერ ისაუბრებს ჩუბინიძე, თავად ღარიბაშვილი, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს“, - განაცხადა ბასილაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო