გიგა ბოკერია - ხელისუფლებაში ივანიშვილის რეჟიმის თითოეული დღე ჩვენს უსაფრთხოებას არათუ აძლიერებს, ურტყამს

ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ, დროშას აფრიალებს, მშვიდობა უნდა დავიცვაო და სინამდვილეში, ყველა მისი მოქმედებით, იმ განწყობით, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, ჩვენს უსაფრთხოებას უზარმაზარ დარტყმას აყენებს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ს ბაზების საქართველოში განთავსებაზე გაკეთებულ განცხადებას.

ბოკერიას განმარტებით, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გზავნილს აკეთებს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი და როგორია ის განწყობა, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ აქვს.

„ეს ხელისუფლება წლებია და განსაკუთრებით, ბოლო წლებია, პროპაგანდას აწარმოებს, რომ მისი მოქმედებებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს, ხოლო ამავე დროს, ამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, როგორიცაა აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის თავის დაცვის ყველაზე სასურველი კომბინაციაა, სრულიად ბრიყვულ და მავნებლურ რეაქციას გამოთქვამს.

ამით ყველას, ვინც ჩვენი მოკავშირე და ლობისტი უნდა იყოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე, გზავნილს უკეთებს, რომ ჩვენს ქვეყანას ეს არ აინტერესებს. იმ უსინდისო სიცრუეზეც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა, რომ თითქოს, ნატო-ში გაწევრიანება და ჩვენს ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება ურთიერთსაპირისპიროა. ეს არა თუ ურთიერთგამომრიცხავი, არამედ შემვსები ფაქტორებია“,- აცხადებს ბოკერია.

მისივე განმარტებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატო-ს წევრობის მიუხედავად, მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ კამპანია, რომ მათ ტერიტორიაზე მოკავშირე ქვეყნების ბაზები განლაგებულიყო, რათა ნატო-ს მეხუთე მუხლის დაცვა ეფექტურად მომხდარიყო. მისი თქმით, ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ და ახლა კვლავ მიდის კამპანია, რომ მოკავშირეების, განსაკუთრებით აშშ-ს ბაზების რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გაიზარდოს.

„ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ, დროშას აფრიალებს, მშვიდობა უნდა დავიცვაო და სინამდვილეში, ყველა მისი მოქმედებით, იმ განწყობით, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, ჩვენს უსაფრთხოებას უზარმაზარ დარტყმას აყენებს.

დღეს, სწორედ ჩვენი ხელისუფლება უნდა ლობირებდეს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას და თუ შანსი იქნება, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო შენაერთების განლაგებას, რაც ჩვენი აზრით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად თავისუფალი სამყაროს ინტერესებში შედის”, - ამბობს ბოკერია.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, უკრაინისგან განსხვავებით, რომელიც აქტიურ თავდაცვით ფაზაშია რუსეთის აგრესიისგან, ნატო-ში გასაწევრიანებლად ბევრად უფრო სწრაფი გზით სვლის არგუმენტი გვაქვს.

„კობახიძის ეს სამარცხვინო განცხადებაც სწორედ ამის დასტურია. ყველა მოქალაქე, რომელიც შეიძლება შეცდომაში შეიყვანეს, რომ ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, უნდა დარწმუნდეს, რომ ეს დიდი სიცრუეა. სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმის თითოეული დღე ხელისუფლებაში ჩვენს უსაფრთხოებას არა თუ აძლიერებს, ურტყამს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო