გიორგი ამილახვარმა ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI 2023) გამარჯვებულ კონკურსანტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ ოქროს მედლები პირადად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიების გამართვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და საამაყოა, რომ ოლიმპიადა ხარვეზების გარეშე ჩატარდა.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისში გამართულმა ოლიმპიადამ, ქართველებთან ერთად, კიდევ 24 ქვეყნის წარმომადგენელი გააერთიანა. ეს მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, კიდევ ერთი ხაზგასმაა იმის, რომ საქართველო, მათ შორის, ქუთაისი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ჰაბად ყალიბდება.

დღეს აქ ნიჭისა და ტალანტის ზეიმია და კარგია, რომ ეს ყველაფერი სწორედ ჩვენს ქვეყანაში ხდება. საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება ცოდნის კერა და წარმატებული იდეების განხორციელების ადგილი. ჩვენი სახელმწიფო და სამინისტრო ამას ყოველთვის დაუჭერს მხარს.

მადლობა ოლიმპიადის ორგანიზატორებს – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სამეცნიერო და ტექნიკური კომიტეტების ხელმძღვანელებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური ტურნირის საქართველოში ჩატარება უზრუნველყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გიდებს, რომლებმაც უანგაროდ იმუშავეს, მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ სფეროს განვითარების საქმეში და არაერთი წარმატებული ოლიმპიელის აღზრდაში. მსგავსი ტიპის ღონისძიების გამართვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ძალიან მეამაყება, რომ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გავართვით და ოლიმპიადა ხარვეზების გარეშე ჩავატარეთ.

რაც შეეხება ყველაზე მთავარ გმირებს, მონაწილეებს და გამარჯვებულებს, მინდა მათ ვუთხრა, თქვენზე დგას თანამედროვე მსოფლიოს მომავალი და თქვენს ხელშია იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად მსოფლიოს წინაშე დგას. ის შემართება, რამაც დღეს აქ მოგიყვანათ, ძალიან მნიშვნელოვანია. ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე უდიდესი მიღწევაა. გამარჯვებულ მოსწავლეებს მთელი გულით გილოცავთ მიღწეულ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო აქტიურად გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას და თქვენი ნიჭითა და შესაძლებლობებით ცხოვრებაში კიდევ არაერთ გამარჯვებას მოიპოვებთ.

მჯერა, თითოეული მონაწილე განსაკუთრებულ როლს შეიტანთ როგორც საქართველოს, ასევე, თქვენი ქვეყნების განვითარებაში. ჩვენი მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ახალგაზრდებს, როგორც ქართველებს ისე უცხოელებს, კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი ბულგარელი მოსწავლე ანდრეი სტეფანოვი გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდო მინისტრმა, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვესელინ ვალკანოვთან ერთად, გადასცა.

გამარჯვებული მოსწავლეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, კანცლერმა მაგდა მაღრაძემ, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2023-ის პრეზიდენტმა გიორგი მანდარიამ, ოლიმპიადის სამეცნიერო და ტექნიკური კომიტეტების ხელმძღვანელებმა გიორგი ლეკვეიშვილმა და ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოლიმპიადა, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა, 9-13 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 24 ქვეყნის 25-მა გუნდმა, ჯამში კი 100-მდე კონკურსანტმა მიიღო.

ოლიმპიადის მიზანია, ხელი შეუწყოს STEM მიმართულების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია, რომელიც 7 წლის წინ დაფუძნდა. დაარსების დღიდან ტურნირის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოვლინდა. სხვადასხვა დროს EJOI-ის ოლიმპიადაში ქართველმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. EJOI-ის პირველი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი სწორედ ქართველი მოსწავლე – ნიკოლოზ ბირკაძეა.

EJOI ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. 16 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ერთმანეთს შეეჯიბრონ, თავიანთი შესაძლებლობები გამოცადონ საინტერესო და რთული ამოცანების ამოხსნის გზით და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ. პირველი ოლიმპიადა 2017 წელს, სოფიაში ჩატარდა. EJOI დაფუძნდა ბულგარეთის პრეზიდენტის, ევროკომისრებისა (განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, ასევე ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებებით) და ევროპარლამენტის მხარდაჭერით. პანდემიის პერიოდში ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში იმართებოდა. საქართველომ EJOI-ს 2020 წელს დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024