თეონა აქუბარდია - რეაქციები, რაც მოვისმინეთ, თეორიულადაც გამორიცხავს შესაძლებლობას, საქართველოში ამერიკული ბაზა იყოს, რადგან  ამის პოლიტიკური ნება კი არა, შიშიც აქვთ

საქართველოში ამერიკული ბაზა ძალიან კარგი იქნებოდა, მთავარი მოკავშირე ნატო-ს არა წევრი ქვეყნის სტატუსი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, სანამ ნატო-ს წევრები გავხდებოდით - დღევანდელი რეაქციები, რაც მოვისმინეთ, თეორიულადაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საქართველოში ამერიკული ბაზა იყოს, რადგან არა მხოლოდ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს, შიშიც აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.

აქუბარდიას თქმით, საქართველოში უცხო ქვეყნის ბაზის განთავსებაზე გადაწყვეტილება პარლამენტში მიიღება და ამ საკითხს მუშაობა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.

„ბაზის საქართველოში განთავსების საკითხის გადაწყვეტა, კონსტიტუციით პარლამენტში ხდება. საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა მნიშვნელოვნად გაზრდიდა ქვეყნის უსაფრთხოებას. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სამხედრო ბაზის ფუნქციონირება შეკავების მნიშვნელოვანი ელემენტია. შეკავება ნიშნავს იმას, რომ ისეთი ძლიერი ხარ, რომ მტერი ხელს აიღებს შენზე თავდასხმისგან. სამხედრო ბაზის ფუნქციონირება იქნებოდა დამატებითი შესაძლებლობა ნატო-ში გაწევრიანების, რადგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება მოცემულ ვითარებაში, ჩვენს უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდიდა. რაც შეეხება სამხედრო ბაზის განთავსებას, ვიღაც რომ მოვიდეს და საქართველოში სამხედრო ბაზა გახსნას, მითუმეტეს მისი ინიციატივით ისე, რომ ჩვენ ამაზე ხმას არ ვიღებთ, სარწმუნო არაა. ამას სჭირდება მუშაობა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ შემოთავაზებაზე ინფორმაცია არ მაქვს. გეტყვით, რა შემოთავაზება იყო - agenda.ge-ზე დევს ინფორმაცია, რომ 2018 წელს ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრობის დროს, შეერთებული შტატების მაღალი რანგის სამხედროს, ტრანსპორტის დარგში, პრემიერ ბახტაძესთან ერთობლივი პრესკონფერენცია ჰქონდა, რომ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივი მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, სადაც ამერიკული და ქართული ინვესტირება იქნებოდა.

მანამდე, როდესაც ავღანეთში ჰყავდა შეერთებულ შტატებს ჯარები, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო შეთავაზება, რომ საქართველო უკუტრანზიტისთვის ყოფილიყო გამოყენებული, ანუ შეიარაღების გამოტანის კუთხით - ესეც არ განავითარა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, მათ შორის დაანონსებული ვაზიანის აეროდრომის საკითხი ისე მოკვდა, რომ ვერ გავიგე, რა მოხდა. სავარაუდოდ, კრემლიდან ზეწოლის ამბავი იყო. დღევანდელი რეაქციები კი, რაც ამერიკულ ბაზასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, თეორიულადაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საქართველოში ამერიკული ბაზა იყოს, რადგან ამის პოლიტიკური ნება კი არა, შიშიც აქვთ. სასაცილო რაღაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სამართლის დოქტორმა, რომელსაც ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ უსაფრთხოებასთან ახლოსაც არ ჩაუვლია - ამერიკული სამხედრო ბაზა საქართველოს უსაფრთხოებას როგორ უზრუნველყოფსო“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო