შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, დღეს, კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ იმართება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართა.

მან იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ, კერძოდ, ეს შეეხება გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას და შრომით უფლებებს.

„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქართული პოლიტიკა მოიცვა 12 რეკომენდაციის საკითხმა და თითქმის დღე არ გადის, რომ ეს არის იყოს თემა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილია ევროკავშირთან დაახლოების მხრივ, ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენების ერთ-ერთი პასუხი სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაშია. მეორე მხრივ, ევროკავშირთან დაახლოება უფრო მეტია, უფრო ვრცელია და უფრო ღრმაა, ვიდრე 12 რეკომენდაციაა. საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს ასოცირების შეთანხმება და დღის წესრიგი, რომელშიც გაწერილია თუ რას ნიშნავს იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, სფეროები, სექტორები, სადაც სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები თავის მოწყობით და შინაარსით უნდა დაუახლოვდნენ ევროკავშირის გამოცდილებაზე დაყრდნობილ მოწყობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, რამდენიმე თემის გარდა, რომელსაც პოლიტიკური მსჯელობის ძირითადი დრო ეთმობა, სხვა საკითხებზე საჯარო დისკუსია არ მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ეს ვრცელი და მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირისა თითქმის გამქრალია საჯარო დისკურსიდან. არადა, აქ არის საკითხები, რომელიც უშუალოდ ეხება ჩვენს მოსახლეობას, საკითხები, რომელიც ეხება ეკონომიკურ განვითარებას, გარემოს, სოფლის მეურნეობას და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე, პარლამენტი აქტიურად მუშაობდა და მივიღეთ კანონები, რომელიც შეეხებოდა მომხმარებელთა უფლებებს, წყლის რესურსების მართვას. მაგრამ უამრავი კანონი, სამწუხაროდ, არ მოხვდა საზოგადოებრივ განხილვაში, მათ შორის პარლამენტში პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ეს ის საკითხებია, სადაც საპარლამენტო უმრავლესობას უმეტეს შემთხვევაში, მარტო უწევს მუშაობა და აზრთა დაახლოება ევროკავშირთან. გარკვეული პარადოქსია, ყველა ყოჩაღად ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას, ევროკავშირში წევრობას და ახლა აღმოჩნდა, რომ ყველა პარტიის ძირითადი პოსტულატია ევროკავშირში ინტეგრაცია, მაშინ როდესაც 2020 წელს „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა წევრობაზე განაცხადის გაკეთება. მაშინ ეს სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან გარკვეული ირონიის საგანი იყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მეორედ იმართება. პირველი შეხვედრა 25 ივლისს გაიმართა, სადაც მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე იმსჯელეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო