საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მეცნიერ-ქიმიკოსს, აკადემიკოს რამაზ ქაცარავას 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე უნივერსიტეტის სახელით, 80 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 55 წლისთავს ულოცავს მეცნიერ-ქიმიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ის უნივერსიტეტის პროფესორს, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს რამაზ ქაცარავას.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონო რამაზ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 80 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 55-ე წლისთავს.

თქვენ ბრძანდებით ქართული სამეცნიერო ინტელიგენციის იმ თაობის ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც ათეული წლებია თავდადებით იღვწის მეცნიერების წინსვლის, განვითარებისა და ქვეყნის პროფესიონალური სამეცნიერო, საინჟინრო კადრების მომზადებისათვის.

თქვენს მიერ სასახელოდ გავლილი ცხოვრების გზა, საერთაშორისო ავტორიტეტი და საყოველთაო აღიარება სამშობლოსთვის გაწეული დიდი ღვაწლის ჭეშმარიტი დადასტურებაა. თქვენს მიერ აღზრდილი თაობები კი, მრავალი წელია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო რამაზ. მრავალჟამიერ თქვენ!“ - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, რამაზ ქაცარავამ თავისი მოღვაწეობა დაუკავშირა მაღალმოლეკულურ ნაერთთა სინთეზისა და ფიზიკური ქიმიის სხვადასხვა ასპექტებს.

„შექმნილი აქვს ორიგინალური მიმართულება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაკრომოლეკულურ ქიმიასა და ახალი, პერსპექტიული ბიომასალების შექმნასა და პრაქტიკაში დანერგვის საქმეში. რამაზ ქაცარავას მიერ შემუშავებულმა სხვადასხვა კლასის პოლიმერების სინთეზის ორიგინალურმა, მესამე თაობის პოლიკონდენსაციურმა მეთოდებმა - ე.წ. „აქტივირებული პოლიკონდენსაცია“, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და აქტიურად გამოიყენება სხვა მკვლევართა მიერ, რომელიც ლიტერატურაში მოიხსენიება „ქაცარავას მეთოდის” სახელწოდებით.

რამაზ ქაცარავას მოღვაწეობისა და კვლევების საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (WIPO) ოქროს მედალი, საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიისა და ქიმიური საზოგადოების სიგელები, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მისი საქართველოს 2017 წლის საუკეთესო მეცნიერად დასახელება. სვანტე არენიუსის და მერკურის პრიზები, 2021 წელს მიღებული საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში და მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღირსების ორდენი და ასე შემდეგ“,- აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო