ოთარ შამუგიამ საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესფორუმი გახსნა

თბილისში საქართველო - ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესფორუმი გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნეს.

„საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკასთან, მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. მით უმეტეს დღეს, როდესაც საქართველო იმყოფება ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ევროკავშირის მხრიდან. გამომდინარე აქედან, ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სახელმწიფო უწყებებს შორის პარტნიორობის გაძლიერების პარალელურად, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გაღრმავდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ვფიქრობ, დღევანდელი ბიზნესფორუმი, მინისტრის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი დელეგაციის საქართველოში ვიზიტი, კარგი შესაძლებლობაა საფუძველი ჩაეყაროს როგორც სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას, ასევე პრიორიტეტული მიმართულებებით სამინისტროებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა ბიზნესფორუმის გახსნაზე აღნიშნა, რომ საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკისთვის სტრატეგიული პარტნიორია. მრავალი წელია, ორ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ეს გზა ჩვენც გავიარეთ და ვიცით, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, იქნება ეს ნარჩენების მართვა, წყლის ხარისხის უზრუნველყოფა, ცირკულარული ეკონომიკის განვითარება თუ სხვა. ჩეხი ბიზნესმენები საქართველოში უკვე საქმიანობენ სხვადასხვა მიმართულებით. საქართველო ჩვენთვის ახალი ბაზარი არ არის, მაგრამ გვსურს უფრო მეტად ინტენსიური გახდეს ურთიერთობები. ამიტომ ჩვენ საქართველოში ჩამოვიყვანეთ ჩეხი ბიზნესმენების საკმაოდ ძლიერი გუნდი და ვფიქრობ, ეს ფორუმი შედეგიანი იქნება“, - აღნიშნა პეტრ ჰლადიკმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბიზნესფორუმს გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულების ჩეხი და ქართველი ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩეხეთის მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, წარმოების ინდუსტრიის, ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, საკანალიზაციო სისტემების, ჰაერის კონდიცირების,ზეთის, გაზისა და წყლის ინდუსტრიის, ნარჩენების მართვის და სხვა მიმართულების ბიზნესის წარმომადგენლები.

ბიზნესფორუმი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა