ანდრო გოცირიძე - უმსხვილეს პროექტებში ჩინურ ინვესტიციებს შეიძლება მოჰყვეს გარკვეული ზეწოლა საქართველოს საგარეო კურსზე, ანაკლიით დაინტერესება ამერიკულ მხარესაც აქვს დაფიქსირებული, ჩინეთსა და აშშ-ს ურთიერთობა კი წინააღმდეგობრივია

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისთანავე ბევრი აქტუალური თემა დაგვიგროვდა სამსჯელოდ, მაგრამ, რადგან ჩინელების საქართველოში უვიზოდ შემოსვლის თემა ყველაზე აქტუალურად განიხილება, ამ თემით დავიწყოთ.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ გადაწყვეტილება აშკარად ნაჩქარებად იყო მიღებული და მისი მიღება ჩინეთს უფრო აწყობდა, ვიდრე საქართველოს.

ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ზაფხულში ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლითაც ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე სახეზე გვაქვს, ახლა თუ მათ კიდევ „ჩინელი ტურისტები“ დაემატა, დემოგრაფიული თვალსაზრისით საქმე კარგად ნამდვილად არ გვექნება.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა უნდა ვიფიქროთ, ხელისუფლება „რუსი ტურისტებისა“და „ჩინელი ტურისტების“ შემოდინებაში პრობლემას ვერ ხედავს?

- რუსეთისაგან განსხვავებით, ჩინეთი მეგობარი სახელმწიფო და ჩვენი სავაჭრო პარტნიორია, უვიზო რეჟიმი კი მეგობარ ქვეყანასთან ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა, მიგრაციული პროცესების მასშტაბების გათვალისწინებით, არსებობს მნიშვნელოვანი რისკები.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის არ ამოქმედებულა და ეს გადაწყვეტილება ცალმხრივ გამარტივებას გულისხმობს. ასევე საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილება სიურპრიზი აღმოჩნდა ბიზნესისთვის.

რუსეთისაგან განსხვავებით, ჩინეთი მეგობარი სახელმწიფო და ჩვენი სავაჭრო პარტნიორია, უვიზო რეჟიმი კი მეგობარ ქვეყანასთან ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა, მიგრაციული პროცესების მასშტაბების გათვალისწინებით, არსებობს მნიშვნელოვანი რისკები

შეფასებაა საჭირო, რა გავლენა ექნება ვიზების გაუქმებას შრომის ბაზარზე. იაფი ჩინური მუშახელი სხვა ქვეყნებში ძალიან ხშირად ანაცვლებს ხოლმე ადგილობრივ, რაც საქართველოსთვის შეიძლება პრობლემატური იყოს, რადგან შრომისუნარიანი მუშახელი საქართველოდან ისედაც გაედინება.

- რადგან ჩინეთის თემას შევეხეთ, ამ თემაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების გახსენებაც მოგვიწევს იმაზე, რომ ქართული მხარე მოხარული იქნება, თუ ჩინური მხარე მონაწილეობას მიიღებს ანაკლიის პორტისა და ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახლოს ახალ აეროპორტის მშენებლობაში.

ვითარებაში, როცა მიიჩნევა, რომ რუსეთი და ჩინეთი „სამხრეთ კავკასიაში როგორც მოკავშირეები მოქმედებენ“, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსა თუ ტენდერში, ჩინური კომპანია გაიმარჯვებს?

- ამის შესაძლებლობა არსებობს და ეს არ იქნება საქართველოსთვის მომგებიანი ნაბიჯი. ღრმაწყლოვანი პორტი, საჰაერო ტრანსპორტის ჰაბი იმ ტიპის პროექტებია, რომლებსაც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და სწორედ მათი მეშვეობით ხდება დასავლეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, ინტეგრაციული პროცესების დაჩქარება. რთულად წარმოსადგენია, რამდენად ითანამშრომლებს ამგვარი პროექტის ფარგლებში დასავლეთი ჩინეთთან.

უმსხვილეს პროექტებში ჩინურ ინვესტიციებს შეიძლება მოჰყვეს გარკვეული ზეწოლა საქართველოს საგარეო კურსზე, რადგან მაგალითად, ანაკლიის პორტით დაინტერესება ამერიკულ მხარესაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს ურთიერთობა წინააღმდეგობრივია

ამას გარდა, აფრიკაში, აზიასა თუ ბალკანეთში არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ჩინეთი გაცემულ კრედიტს, ინვესტიციებს პოლიტიკური წინა პირობების წამოსაყენებლად, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

უმსხვილეს პროექტებში ჩინურ ინვესტიციებს შეიძლება მოჰყვეს გარკვეული ზეწოლა საქართველოს საგარეო კურსზე, რადგან მაგალითად, ანაკლიის პორტით დაინტერესება ამერიკულ მხარესაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს ურთიერთობა წინააღმდეგობრივია.

- ვითარებაში, როცა ვიცით, რომ ჩინეთი ერთპარტიული, ავტოკრატიული სახელმწიფო, საქართველოს კი დეკლარირებული აქვს ევროპული, დემოკრატიის გზა, ეს ორი რამ ერთმანეთთან თავსებადი არაა, ცხადია.

ასეთ ფონზე, ჩინეთთან ურთიერთობები ხელისუფლების სტრატეგიული ხედვა თუ და ტაქტიკური მოძრაობები, უნდა ვიცოდეთ.

თუ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ევროპელი და ამერიკულები კომპანიები არ იქნებიან ჩართული, ასეთ შემთხვევაში რა სურათს მივიღებთ?

- ნებისმიერ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობას, საინვესტიციო პოლიტიკას თანამედროვე მსოფლიოში ახლავს უსაფრთხეობის კონტექსტი. საქართველოსთვის მსხვილი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ ეს არის დასავლური ინვესტიციები, რომელიც პოლიტიკურ და ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი სატრანზიტო პოტენციალზე დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ტემპი და უსაფრთხოების ქოლგის არსებობა.

დასავლეთი ინვესტირებას გადახდისუნარიანობის შესწავლის, ეკონომიკურ, პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე გავლენის ანალიზით ახორციელებს. ამ ინვესტიციას არ მოჰყვება პოლიტიკური წინაპირობები. ერთადერთი მოთხოვნა თავისუფალი სასამართლო და "კარგი მმართველობაა", რაც ინვესტორის ინტერესების დაცვას ემსახურება.

ამის საპირისპიროდ, ცნობილია, რომ ჩინეთი ყოველგვარი თავსებადობის გარეშე გასცემს სოლიდურ ინვესტიციებს, რისთვისაც შემდგომ პოლიტიკურ ლოიალურობას ითხოვს. მის აღურიცხავ კაპიტალს მოჰყვება პოლიტიკური წინა პირობები, კაბალური, დაურეგულირებელი შრომითი ურთიერთობები, რისკები შრომის უსაფრთხოების მხრივ, კორუფციული ინტერესები და სხვა.

ნებისმიერი ჩინური პროექტი, რომელსაც ოფიციალური პეკინის ხედვით, გლობალური მნიშვნელობა აქვს, მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის გავლენის შემცირებისკენ, რაც, ბუნებრივია, არ არის თანხვედრაში საქართველოს დეკლარირებულ საგარეო კუსთან. მიუხედავად ამისა, შესაძლოა საქართველოს ამ პროექტებისგან ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი.

ნებისმიერი ჩინური პროექტი, რომელსაც ოფიციალური პეკინის ხედვით, გლობალური მნიშვნელობა აქვს, მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის გავლენის შემცირებისკენ, რაც, ბუნებრივია, არ არის თანხვედრაში საქართველოს დეკლარირებულ საგარეო კუსთან. მიუხედავად ამისა, შესაძლოა საქართველოს ამ პროექტებისგან ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი

კარგი მმართველობის, პარტნიორებთან კონსულტაციების შემთხვევაში შეიძლება ამგვარ პროექტებში მონაწილეობა. საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით, ჩინეთი მეგობარ ქვეყნად განიხილება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობი, ტურისტული ნაკადების გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა სტრატეგიულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვისას მთავრობას გონივრული პოლიტიკის წარმართვა მართებს, რამდენად არის ეს თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი ქოლგის - დასავლური ინტეგრაციის პროცესების შემაფერხებელი.

- რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკული გაჩენა-არგაჩენის თემა აქტიურად განიხილება და მას გვერდს ვერ აუვლით.

ვითარებაში, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეც კი საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები ნატოს მიმართულებით, არ ვგულისხმობ ამერიკელებთან და ნატოელებთან ვაზიანზე ჩატარებულ წვრთნებს, საქართველოში ამერიკულ ბაზის გაჩენაზე საუბარი, უცნაურიც კი ჩანს.

ამ თემაზე მმართველი გუნდის განცხადებების ირიბად ამის დასტური იყო, რადგან, თეზისი - „ამერიკული ბაზა არ გვინდა, რადგან ერთი ბაზა ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ ნატოში შესვლა გვინდა“, როგორც მინიმუმ, უსაფრთხოების სისტემის ან არცოდნაა, ან, პოლიტიკური გულუბრყვილობა, რაშიც ხელისუფლება შემჩნეული ნამდვილად არაა.

ვერც „ქართული ოცნების“ გენმდივნის კახა კალაძის განცხადება - „თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა გახადეთ ნატოს წევრი“, ვერ გამოდგება კარგ პასუხად, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში გაივსო ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებით, როცა ევროპა რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს, ჩვენ კი რუსეთთან ფრენები აღვადგინეთ.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ თემაზე აშშ-ს საელჩოს განცხადების შემდეგ ისე ღრმად ამოისუნთქა მმართველმა გუნდმა, საქართველოში ამერიკულ ბაზაზე შეგვიძლია „აღარ ვიდარდოთ“?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არ მგონია სიმართლეს შეესაბამებოდეს, თითქოს უკრაინის ომის დაწყებამდე შეერთებულ შტატებს სურდა საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნა და ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა.

თავად ბაზას რაც შეეხება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის ნამდვილად იქნებოდა საქართველოსთვის უსაფრთხოების ქმედითი გარანტი, თუმცა, ამ პირობებში მოვლენების ამგვარი განვითარება ნაკლებად რეალისტურია.

საქმე ის გახლავთ, რომ უკრაინაში გაჭიანურებული ომის ფონზე საქართველო მაქსიმალურად უნდა იყენებდეს დროს და აძლიერებდეს საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე, სხვადასხვა მოდელს სთავაზობდეს პარტნიორებს ინტეგრაციის დაჩქარებისა თუ უსაფრთხოების ქოლგით უზრუნველყოფის მიმართულებით.

უკრაინაში გაჭიანურებული ომის ფონზე საქართველო მაქსიმალურად უნდა იყენებდეს დროს და აძლიერებდეს საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე, სხვადასხვა მოდელს სთავაზობდეს პარტნიორებს ინტეგრაციის დაჩქარებისა თუ უსაფრთხოების ქოლგით უზრუნველყოფის მიმართულებით

ამ ჰიპოთეზურ მოდელებს შორის ერთ-ერთი ქმედითი სწორედ ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა იქნებოდა ბაზის, ლოგისტიკური ცენტრის, სატრანსპორტო ჰაბის ან სხვა რამ სახით.

ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების ნაცვლად, ქვეყანაში აღვირახსნილი რუსული პროპაგანდა მიმდინარეობს, რის გამოც აღშფოთებას უკვე დასავლელი მაღალჩინოსნები არც მალავენ. მმართველი პარტიის ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები პირდაპირ თუ ირიბად სდებენ ბრალს სტრატეგიულ პარტნიორებს „მეორე ფრონტის გახსნის“, „საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობებში.

აღარ ვსაუბრობ მმართველი წრეების ყოველდღიურ ლექსიკონში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიაზე, მითიურ „ომის პარტიასა“ და „უცხოეთის აგენტებზე“, რომელთა შორისაც, ბუნებრივია, ისინი კოლექტიურ დასავლეთს მოიაზრებენ. ბუნებრივია, ამგვარ პირობებში სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეერთებული შტატებიდან წინადადება არ წამოვიდოდა.

დღევანდელი კონფრონტაციული რიტორიკის და დასავლეთთან შენელებული ურთიერთობების ფონზე წარმოუდგენლად მიმაჩნია ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსებაზე მსჯელობა მიმდინარეობდეს

ცხადია, ვითვალისწინებ, რომ ბაზის გახსნაზე მოლაპარაკების არსებობის პირობებშიც, დეტალები საჯარო ვერ იქნება. კარგად მახსოვს, რა პირობებში მიმდინარეობდა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ მომზადება, რომელიც რუსული დაზვერვისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის უსიამოვნო სიურპრიზად იქცა, საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის კუთხით კი გარდამტეხ მომენტად, ერთგვარ ათვლის წერტილად.

მაგრამ, დღევანდელი კონფრონტაციული რიტორიკის და დასავლეთთან შენელებული ურთიერთობების ფონზე წარმოუდგენლად მიმაჩნია ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსებაზე მსჯელობა მიმდინარეობდეს.

- ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყო თუ არა, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისარ ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე პრემიერმა ამ თემაზე თქვა, რომ „პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა ფორმალურიაო“, ვნახეთ მმართველი გუნდის მიერ ჯერ მხარდამჭერი დეპუტატების მობილიზაცია, შემდეგ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანა.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემით მმართველ გუნდს შოვის ტრაგედიის გადაფარვა სურს, რადგან ძალიან არ უნდა პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა.

თქვენ როგორ აღიქვით მმართველი გუნდის აქტიურობა პრეზიდენტთან დაკავშირებით? ასევე ის, რომ ხელისუფლებას არ უნდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა?

- ხელისუფლება ცდილობს სტატუსთან დაკავშირებით წაუგებელი თამაში ითამაშოს - რეკომენდაციების ხარისხიანი შესრულება მისთვის სასიცოცხლო გარემოს მოსპობას ნიშნავს. შესაბამისად, მმართველი გუნდი მათ შესრულებას არ აპირებს.

თუ შეუსრულებელი რეკომენდაციების ფონზე სტატუსს მოგვცემენ, ხელისუფლება კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს დასავლეთის გასული წლის უსამართლო უარს. უარის შემთხვევაში კი მმართველი ძალა ოპოზიციასთან ერთად ახლა უკვე პრეზიდენტსაც გადააბრალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შებღალვას.

თუ შეუსრულებელი რეკომენდაციების ფონზე სტატუსს მოგვცემენ, ხელისუფლება კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს დასავლეთის გასული წლის უსამართლო უარს. უარის შემთხვევაში კი მმართველი ძალა ოპოზიციასთან ერთად ახლა უკვე პრეზიდენტსაც გადააბრალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შებღალვას

სწორედ სტატუსის მინიჭებაზე პასუხის პერიოდს დაემთხვევა საიმპიჩმენტო მოსმენები პარლამენტსა თუ სასამართლოებში. დისპოზიცია „ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია“ ბუნებრივია, ყველაზე მეტად ხელისუფლებას აძლევს ხელს.

აქედან გამომდინარე, ცხადია, ვინ აღვივებს და უწყობს ხელს პოლარიზაციას ქვეყანაში. არადა, ამ გადამწყვეტ მომენტში დასავლეთი ჩვენგან ევროპული კურსის, დასავლური ღირებულებების, საგარეო პოლიტიკის მრავალპარტიულ მხარდაჭერას მოელის.

რამდენად დამაზიანებელია ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის, ადვილი მისახვედრია: წარმოიდგინეთ, დასავლეთის სახელისუფლებო წრეების აღქმა კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის უმწიფარობაზე, როდესაც მმართველი ძალა არათუ ოპოზიციასთან, არამედ მის მიერ და მისი უშუალო ჩარევით არჩეულ ინსტიტუტთან ვერ ახერხებს შეჯერდეს მათ მიერვე დეკლარირებული მიზნის, კანდიდატის სტატუსის მიღების ხელშემწყობ კონკრეტულ ღონისძიებაზე.

თუკი პრეზიდენტის და მთავრობის სურვილი სტატუსის მიღების ხელშეწყობაა, რატომ ვერ მოხერხდა კონსულტაციების გზით ტურნეს დაგეგმვა ან გადადება? ის არგუმენტი, რომ ზურაბიშვილი კოლეგა პრეზიდენტებს საქართველოს წინააღმდეგ განაწყობდა, აბსურდული და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის, რადგან უკიდურესად დაბალი ინტელექტის მქონე ელექტორატზეა გათვლილი.

თუკი პრეზიდენტის და მთავრობის სურვილი სტატუსის მიღების ხელშეწყობაა, რატომ ვერ მოხერხდა კონსულტაციების გზით ტურნეს დაგეგმვა ან გადადება? ის არგუმენტი, რომ ზურაბიშვილი კოლეგა პრეზიდენტებს საქართველოს წინააღმდეგ განაწყობდა, აბსურდული და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის, რადგან უკიდურესად დაბალი ინტელექტის მქონე ელექტორატზეა გათვლილი

წარმოიდგინეთ, რამდენად სავალალო სანახავია საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საელჩოს წარმომადგენლის გარეშე მყოფი საქართველოს პრეზიდენტი და ტელეფონით გადაღებული მიმართვები.

- პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ამერიკაში სასწავლებლად მიმავალი შვილის ევროპაში ჩასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენების თემა აქტუალურია და მას გვერდს ვერ ავუვლით.

ამ თემაზე ხელისუფლების პასუხი ვიცით - სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავების თანხა პრემიერის პენსიონერ მამას გადაუხდია. მაგრამ, ამის შესახებ რატომღაც მხოლოდ მეოთხე დღეს ამცნეს საზოგადოებას და არა იმავე დღეს, ან მეორე დღეს.

ფრენის შესრულებამდე თანხის გადახდის ქვითარი რომ მეორე დღეს წარედგინათ საზოგადოებისთვის, შესაძლოა, ამაზე საუბარი დასრულებულიყო, მაგრამ, ასე არ მომხდარა, რის გამოც ამ თემაზე მსჯელობები გრძელდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და მომხდარზე ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის რეაქციას?

- საზოგადოებას ახსოვს დასავლელი მაღალჩინოსნები, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ დატოვეს პოსტი, რომ სამსახურებრივი ავტომობილი გამოიყენეს პირადი მიზნით ან პანდემიის პირობებში დაარღვიეს გარკვეული რეგულაციები. ეს არის ევროპა.

პრემიერის მგზავრობასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები, რომ საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა, თუმცა მტკიცებულებები არ გამოქვეყნებულა. ამას გარდა, უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირს სხვა ვალდებულებაც აქვს მიღებულ საჩუქართან, შემოსავალთან თუ პრივილეგიებთან მიმართებაში.

პრემიერის მგზავრობასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები, რომ საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა, თუმცა მტკიცებულებები არ გამოქვეყნებულა. ამას გარდა, უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირს სხვა ვალდებულებაც აქვს მიღებულ საჩუქართან, შემოსავალთან თუ პრივილეგიებთან მიმართებაში

ამ რანგის მოხელეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაშინაც კი ეკისრება, თუკი იურიდიულად ყველაფერი სწორად არის გაფორმებული, თუმცა ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ამგვარი დაკვეთა ალბათ ამომრჩევლისგან უნდა მოდიოდეს.

შესაბამისად, მმართველი გუნდის რეაქცია იქნება პროპორციული საზოგადოების რეაქციისა.

- გასაგებია, რომ ხელისუფლებას და პრემიერს ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ, გაუგებარია მხარდამჭერების მიერ იმის გამართლება, რომ პრემიერმა შვილის სასწავლებლად გამგზავრებისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.

შვილიშვილის გამგზავრებისთვის ბაბუას დეკლარირებული ფული რომც გადაეხადა, კიდევ ჰო, მაგრამ, ყველაზე ცუდ შთაბეჭდილებას ის ტოვებს, რომ ასეთი მიდგომებით, საზოგადოებას არ უნდა არაფერი იცოდეს სამართლებრივ სახელმწიფოზე, ან წარმოდგენა არ აქვს როგორი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო

ასეთ ვითარებაში წინა პრეზიდენტის ხარჯებზე სხვა არაფერია თუ არა გაუგებარი პროპაგანდა და მას სამართალთან არაფერი კავშირი არ აქვს.

ამ თემაზე საზოგადოებაში მსჯელობამ,, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?

- ყველაზე ცუდი სწორედ ეს არის, რომ მიმდინარე შიდაპოლიტიკური ბრძოლის და პოლარიზაციის ფონზე, რომელიც მმართველი პარტიისათვის აუცილებელ სასიცოცხლო გარემოს წარმოადგენს, საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე მაკომპრომეტირებელი ქცევა აღარ არსებობს.

ევროპელი ამომრჩევლისთვის ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა იმის ახსნა, რატომ ისარგებლა მთავრობის მეთაურმა ჩარტერული რეისით, მაშინაც კი, თუკი ფინანსურად და სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია. ამგვარი ინციდენტი ნებისმიერ დასავლურ საზოგადოებაში ნეგატიურად იმოქმედებდა პოლიტიკური მოღვაწის და თავად პარტიის რეიტინგზე, აქედან გამომდინარე შედეგებით

თანდათან სუსტდება საზოგადოებრივი, საპარლამენტო თუ ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმები. არადა, ის რაც მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების წარმომადგენელთაგან, მიუღებლად უნდა დარჩენილიყო ახლაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამგვარი პოლიტიკური დაკვეთა არ არსებობს.

ევროპა პირველ რიგში ღირებულებებია და მხოლოდ ამის შემდეგ - პოლიტიკა, გეოგრაფია, საერთო ვალუტა და სხვა კომპონენტები. ევროპელი ამომრჩევლისთვის ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა იმის ახსნა, რატომ ისარგებლა მთავრობის მეთაურმა ჩარტერული რეისით, მაშინაც კი, თუკი ფინანსურად და სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია. ამგვარი ინციდენტი ნებისმიერ დასავლურ საზოგადოებაში ნეგატიურად იმოქმედებდა პოლიტიკური მოღვაწის და თავად პარტიის რეიტინგზე, აქედან გამომდინარე შედეგებით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო