ოთარ შამუგია ჩეხ კოლეგას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს პეტრ ჰლადიკს შეხვდა.

შეხვედრა საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართა.

როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საქართველო მიესალმება ჩეხეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის დონეზე. დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. გატარდა რეფორმები გარემოს დაცვის სფეროში; მიღებულია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც თანხვედრაშია ევროკავშირის დირექტივებთან; ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები კლიმატის ცვლილების კუთხით გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში. საქართველო გააკეთებს ყველაფერს, აღებული ვალდებულების და დასახული მიზნების შესრულებისთვის. თუმცა, ამ პროცესში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას და კერძო სექტორის ჩართულობას განსაკუთრებული როლი ეკისრება. მოხარული ვარ, რომ პარტნიორ ქვეყნებს შორის არის ჩეხეთის რესპუბლიკა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის სფეროში. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ ურთიერთობები და ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან შედეგებს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

„ჩეხეთსა და საქართველოს კარგი ურთიერთობა და ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებას, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავებას. გვსურს გავაღრმაოთ თანამშრომლობა გეოლოგიის და გარემოს მონიტორინგის მიმართულებით, რაც ერთ-ერთი გამოწვევაა საქართველოსთვის. ჩვენ გავიარეთ ის გზა, რასაც ახლა საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით გადის და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ აღებული ვალდებულებების შესრულებაში, რაც ამ პროცესში დაგეხმარებათ“, - აღნიშნა პეტრ ჰლადიკმა.

შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება, მიმდინარე პროექტები და სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტი მიხალ შტეფლი და ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი