შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, სახელმწიფო ასევე დაეხმარება გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ, გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით. ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ის მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს. დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საზოგადოებას ვაცნობო, ძალიან ბევრი ქართული კომპანია დაეხმარა სახელმწიფოს შოვში, სალიკვიდაციო სამუშაოებში და არც ერთი თეთრი, მათ არ აუღიათ ბიუჯეტიდან, ეს იყო მათი გადაწყვეტილება, საუბარია მილიონობით ლარზე, მათ თავად გაიღეს აღნიშნული კონტრიბუცია. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ეს კონტრიბუცია გააკეთა და ჩვენ დეტალურად გავავრცელებთ, ყველა იმ კომპანიის სახელს, ვინც მონაწილეობა მიიღო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო