ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე ზრდის

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე იზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მოკლედ შევეხები იმ ფაქტორებს, რამ განაპირობა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების აუცილებლობა. იქიდან გამომდინარე, რომ გადავხედეთ იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელიც ქვეყანაში წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი და ის გაუმჯობესდა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება ბიუჯეტის, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრების კორექტირება, ასევე მოხდება ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება საგადასახადო შემოსავლების ზრდის მიმართულებით. ბუნებრივია ხარჯების ზრდის მიმართულებით. გასული 6 თვის განმავლობაში, ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია 19.3 %-ით და ეს 3.1. მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ზრდა გვაქვს დაახლოებით 58%-მდე, 1.8 მლრდ ლარი, რაც 23%-ით აღემატება პანდემიამდელ მდგომარეობასაც კი. ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს 10%-იანი ზრდა, პირველ ექვს თვეში, შესაბამისად, ასევე 6 თვის ეკონომიკური ზრდა არის 7.6%. ჩვენ გვქონდა ბიუჯეტი დაგეგმილი 5.5 % -იან ეკონომიკურ ზრდაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ვზრდით ჩვენს პროგნოზს 6.5%-მდე, აღნიშნულმა საშუალება მოგვცა, რომ დამატებით თანხები გამოგვეყო სხვადასხვა მიმართულებით.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება 6.5%-მდე. შემცირებულია ინფლაციის წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც შეადგენს 2.6%-ს. ხოლო თქვენ იცით, რომ ბოლო თვეში 0.9% დაფიქსირდა ინფლაციის მაჩვენებელი. 77.8 მლრდ ლარის საპროგნოზო მაჩვენებელი იქნება ლარში გამოხატული მთლიანი შიდა პროგნოზი, მიმდინარე წელს და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 19.4 მლრდ ლარის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი უცვლელი რჩება და ის შეადგენს 2.8%, ხოლო რაც შეეხება ვალს, ის 40%-ზე დაბლა ნარჩუნდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმის მაჩვენებელი იზრდება 835 მლნ ლარით და განისაზღვრება 21.64 მლრდ ლარით. საგადასახადო შემოსავლები იზრდება 520 მილიონი ლარით და შეადგენს 19.4 მლრდ ლარს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ის უწყებები ჩამოთვალა, რომელთაც, მიმდინარე წელს დაფინანსება ეზრდებათ.

„იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს. ყველაზე დიდი მოცულობით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები, 250 მლნ ლარით. ეს იქნება საპენსიო ფონდის ზრდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47 მლნ ლარით, უდიდესი ნაწილი 34.8 მლნ ლარი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. ნახევარი მილიონი ლარით იზრდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები.

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 23 მლნ ლარით, საიდანაც 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიხარჯება. შსს-ს ბიუჯეტი იზრდება 40 მლნ ლარით. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 10 მლნ ლარით. კულტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 34 მლნ ლარით, საიდანაც 27.5 გათვალისწინებულია მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებისთვის.

სარეზერვო ფონდის მოცულობა იზრდება 40 მლნ ლარით, რისი მიზეზიც არის ბევრი სტიქია, რომელიც წელს იყო. სტიქიის ნაწილში კიდევ იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელიც მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ზრდა იქნება 100 მლნ ლარი, საიდანაც 70 მლნ იქნება უშუალოდ პროექტებთან მიმართებით და 30 მლნ ლარი იქნება ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით. ჯამში, მხოლოდ ამ ფონდში 50 მლნ ლარი იქნება მხოლოდ სტიქიისთვის განკუთვნილი. როგორც მოგახსენეთ, 20 მლნ ლარი დამატებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემატება და სარეზერვო ფონდშიც გარკვეული თანხებია გათვალისწინებული. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სტიქიაზე მიმდინარე წელს, დაახლოებით 100 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.

21 მლნ გამოიყოფა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი პარლამენტს 29 სექტემბერს წარედგინება.

„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, მუშაობას ვაგრძელებთ. პირველადი ვარიანტი წარდგენილი იქნება მიმდინარე თვის ბოლოს, სავარაუდოდ, 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში, ეს იქნება პირველადი ვარიანტი. მეორე წარდგენა უკვე 5 ნოემბერს, სადაც მეტი კონკრეტიკა და მეტი დეტალები იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო