ფინანსთა მინისტრი - ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული პირის ქმედებაზე - ნებისმიერი დასანქცირებული პირის სახელმწიფოსთან დაკავშირება სპეკულაციაა

ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული პირის მიერ განხორციელებულ ამა თუ იმ ქმედებაზე, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ს მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი ფარცხალაძის დასანქცირებას.

ხუციშვილმა ნებისმიერი დასანქცირებული პირის სახელმწიფოსთან დაკავშირება სპეკულაციად შეაფასა და როგორც მან აღნიშნა, ფაქტობრივი მდგომარეობაა, რომ ფარცხალაძე 10 წელია, რაც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს.

„საქართველოს პოლიტიკა ყველასთვის ცნობილია. საქართველო ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს ასრულებს და ამის აღსრულება საქართველოში ძალიან ეფექტურად ხდება. ამასთან დაკავშირებით, თქვენც, ჩვენმა საზოგადოებამაც და ალბათ, მთელმა მსოფლიომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაერთი შეფასება მოისმინა, რომ საქართველო ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს ასრულებს და ამ ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ეს განმარტებები გაცემული იქნა იმ ფორმით, რომ სპეკულირების, ან ორაზროვანი მოსაზრების საშუალებასაც კი არ ტოვებს. შესაბამისად, ამ ნაწილში ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველო აქამდეც ასრულებდა საერთაშორისოდ დაწესებულ სანქციებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას ნებისმიერი პირის, ვინც არის ან იქნება სანქცირებული, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა. არც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის ქმედებაზე. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, თვითონ იმ ქვეყნებში, ვისაც სანქციები აქვს დაწესებული. მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ძალიან ბევრი მოქალაქე არის სანქცირებული ამა თუ იმ იურისდიქციის მიერ. ბუნებრივია, ამ ნაწილში სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ გასცემს ყველა იმ პირის ქმედებაზე, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქე იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ხდება და სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ ხორციელდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს სანქციების შესრულება და მოხდება თუ არა ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების გაყინვა, ხუციშვილი პასუხობს, რომ „საკუთარი აქტივების გამოყენების უფლება ყველა პირს აქვს“.

„სანქციების აღსრულება ნიშნავს იმას, რომ ყველა ის შეზღუდვა მოქმედებს, რომელიც უშუალოდ სანქციებთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, საკუთარი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს აქვს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ამ ტიპის სანქცირება ხდება. საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით ასეთი ტიპის შეზღუდვები გარკვეულწილად საფინანსო სექტორში მოქმედებს. შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტები ამას იმ ფორმით ასრულებენ, რა ფორმითაც მათ მანდატში ეს შედის და რა ფორმითაც საერთაშორისოდ არის აღიარებული“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, შეეზღუდება თუ არა ყოფილ გენერალურ პროკურორს გადარიცხვები, ხუციშვილი პასუხობს, რომ „დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან“.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი დეტალია, მითუმეტეს ჩვენ კიდევ უნდა მივიღოთ დამატებით ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც გვაქვს, გარკვეულ ნაწილში საკმარისი არ არის, ეს სანქციები დამოკიდებულია მათ შორის, სანქცირების მიზეზზე და შესაბამისად, ამ ნაწილებშიც საჭიროა დამატებითი შესწავლა. შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით მუშაობენ, მას შემდეგ, რაც უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, აღსრულების პროცესიც შესაბამისად გაგრძელდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, დაიწყებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო 2022 წელს ოთარ ფარცხალაძის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის საქმიანობის შესწავლას და ხომ არ ეხმარებოდა ფარცხალაძე აღნიშნული კომპანიის მეშვეობით რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ლაშა ხუციშვილი ასე პასუხობს:

„ფინანსთა სამინისტრო სავაჭრო მიმართულებით არის რეგულატორი, საფინანსო მიმართულებით ეროვნული ბანკია და შესაბამისად, ბანკები ახორციელებენ შესაბამის აღსრულებას. საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს არც ერთი მოქმედი, ან ყოფილი კომპანია, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონია, რომ სანქციების გვერდის ავლა მოეხერხებინა. მათ შორის, იგულისხმება ყველა იურიდიული პირი, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ფაქტები არც ერთ კომპანიასთან, რომელშიც შედის დასახელებული კომპანიაც, დაფიქსირებული არ არის...ფინანსთა სამინისტრო ბუნებრივია, გამოძიებას არ დაიწყებს, ფინანსთა სამინისტრო არ არის საგამოძიებო ორგანო, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს სანქციების აღსრულებას და პრევენციას.

ჯერ გავიგოთ, რა თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა. თქვენი შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, იურიდიული პირი ჩართული იყო თუ არა რამე ფორმით სანქციების გვერდით ავლაში - ასეთი რამე სახელმწიფო დეპარტამენტს არ უთქვამს და ასეთი რამე საქართველოში არ მომხდარა. სახელმწიფო დეპარტამენტს არ უთქვამს, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიიდან რაიმე ტიპის საქმიანობა იქნა განხორციელებული, რომელიც სანქციების გვერდის ავლას გულისხმობდა. ასეთ რამეს ვერ იტყოდნენ, ვინაიდან ასეთი რამე ფიზიკურად არ მომხდარა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის პრობლემას, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი რუსეთის სასარგებლოდ ახორციელებდა საქმიანობას, ხუციშვილი ასე პასუხობს:

„მე არ ვარ საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი, რომ უფრო დეტალურად მოგახსენოთ რამე ტიპის ქმედებასთან დაკავშირებით. თუმცა, მხოლოდ გავრცელებული ინფორმაცია არ არის საკმარისი რამე ქმედების განსახორციელებლად. ამისთვის დამატებით ინფორმაციაა საჭირო. ახსენეთ, რომ ადამიანი 10 წელია სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს - ეს არის ფაქტობრივი მდგომარეობა. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული პირის მიერ განხორციელებულ ამა თუ იმ ქმედებაზე“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით