ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026

ვიქტორ ყიფიანი - ”ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ომი უკრაინული სცენარით განვითარდება თუ რუსულით...”

ჰერჩინსკი რჩება - რა გზავნილია ეს ევროკავშირისგან “ოცნების” ხელისუფლებისთვის

პაატა ზაქარეიშვილი - “ცხინვალი მზად არის ჩაჰბარდეს რუსეთს, მაგრამ რუსეთს დღეს ეს არ სჭირდება”

სად არის მამუკა ხაზარაძე - “ლელო” გავრცელებულ ჭორებს არ ადასტურებს

* * *

ვიქტორ ყიფიანი - ”ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ომი უკრაინული სცენარით განვითარდება თუ რუსულით...”

"კობახიძის წერილის შინაარსი აჩვენებს, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები არა მარტო პოლიტიკისგან არის დაცლილი, არამედ პოლიტიკურად კორექტული ლექსიკისგანაც. ჩემი აზრით ხდება საინფორმაციო ფონისა და იდეოლოგიური საფუძვლის მომზადება - მმართველი პარტია ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ გარკვეულ ეტაპზე - ოღონდ ნუ მკითხავთ, ეს ხვალ იქნება, ზეგ თუ მაზეგ - ოფიციალურად გამოაცხადოს ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევა. სწორედ ასე შეგვიძლია ავხსნათ დღეს თითის გაშვერა ევროპისკენ... საგარეო კურსის ცვლილების ფორმალური დეკლარირება, სამწუხაროდ, სულ უფრო რეალური ხდება, სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება. შესაბამისად, ამის გაფორმებისთვის საჭიროა საზოგადოებრივი განწყობის მომზადება, ეს წერილიც სწორედ ამის ინსტრუმენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ”, - აცხადებს პოლიტიკური ინიციატივის “ჯერ საქართველო” დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ”ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ომი უკრაინული სცენარით განვითარდება თუ რუსულით...”

“ეს კამპანია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ეს შემთხვევითი არ არის, ვინაიდან საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი, მასშტაბური და მაღალი ხარისხის რისკების შემცველია, რომ ბუნებრივია, მსგავსი მიზნისთვის საინფორმაციო ფონის შექმნას დიდი პერიოდი სჭირდება. ნიადაგის შემზადება ეტაპობრივ და თანდათანობით განვითარებას მოითხოვს საინფორმაციო ველის თვალსაზრისით, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი, რომელიც დასავლურ ინტეგრა-ციას შეეხება. ამიტომ ასეთ რადიკალურ სვლას ძალიან მყარი და გაცნობიერებული ნი-ადაგის მომზადება სჭირდება. ნუ გაგვიკვირდება, რომ ეს კამპანია ასე დიდხანს გრძელდება - საკითხის ხასიათი და შინაარსი განაპირობებს სწორედ ასეთ გრძელვადიან სტრატეგიას. უსიამოვნო რეალობა ის არის, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა ასეთი იაფფასიანი პროპაგანდის მიმართ. ეს, ზოგადად, უკავშირდება პოლიტიკური განათლებისა და სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტს, ასევე კრიტიკული აზროვნების ნაკლებობას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.

“მიზეზი არაერთია და მთლიანობაში, ალბათ, სახელმწიფოებრივი ტრადიციების უქონლობასაც შეიძლება დავუკავშიროთ. თუმცა ფაქტი ჯიუტია - ამას ვხედავთ ქართულ სივრცეში, დაწყებული სოციალურ მედიაში, ზოგიერთ მედიასაშუალებასა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ვითარებაში. ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე არსებობს ნოყიერი ნიადაგი, რაც გამოიხატება ჩვენი თანამოქალაქეების მზაობაში, დაექვემდებარონ და ძალიან იო-ლად გაჰყვნენ ამ იაფფასიან კამპანიასა და პროპაგანდას. ეს საფუძველი რომ არ არსებობდეს, მსგავსი პოლიტიკა უკვე კარგა ხნის წინ დასრულდებოდა კრახით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს გრძელვადიანი კამპანია საზრდოობს და მტკიცდება იმით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას ძალიან მორჩილად და თავდახრილად მიჰყვება. თუ პრობლემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას: პრობლემის ერთი ნაწილი ხელისუფლების მხარესაა, მაგრამ მეორე ნაწილი აუცილებლად საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საგარეო კურსის ცვლილების საკითხი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და საბოლოოდ გადაწყვეტილი. იმედია, საქართველო თავიდან აიცილებს ამ ძალიან მძიმე ხვედრს. რაც შეეხება უშუალოდ ფორმებს, კურსის ცვლილებისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - ეს შეიძლება იყოს თანდათანობითი ნაბიჯები ან ერთბაშად დეკლარირება. ყველაზე კარდინალური და მყისიერი ნაბიჯი იქნებოდა 78-ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება. ეს ნაბიჯი ხელის ერთი მოსმით გასცემდა პასუხს კითხვას. თუმცა, თუ კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღება და გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის გამო, რომ არ გააჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, პროცესი შეიძლება სხვაგვარად გამოიხატოს - მაგალითად, არსებობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელშიც შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ევროპული კურსის ხარისხის დაკნინებას მოემსახურება - ეს ერთი ვარიანტია”, - მიიჩნევს “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი.

“პარალელურად, შესაძლოა გავხდეთ მოწმენი საქართველოს მეტი ინტეგრაციისა ევრაზიულ დოქტრინებში. ამანაც შეიძლება შეასრულოს საპირწონეს ფუნქცია: ფორმალურად გვქონდეს ჩანაწერი 78-ე მუხლის სახით, მაგრამ პრაქტიკაში განვითარდეს ისეთი პროცესები, რომლებიც ამ ჩანაწერს მხოლოდ ფარატინა ქაღალდად აქცევს. არსითა და შინაარსით მისი განეიტრალება მოხდება საქართველოს იმ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პლატფორმებში ინტეგრირებით, სადაც დასავლური ხმა მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს. კიდევ ერთი მომენტი, რადგან ფორმებზე ვსაუბრობთ, მათი რიტორიკის ფონზე, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისათვის ყველაზე სასურველი იქნებოდა, თვითონ დასავლეთს ათქმევინონ პირველი უარი საქართველოსთან დაახლოებაზე. დარწმუნებული ვარ, მათთვის ეს ყველაზე იდეალური და მისაღები ფორმაა, საბოლოოდ დასავლეთმა მიიჩნიოს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უპერსპექტივოა, და რომ არ ღირს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ნებისმიერი სხვა რესურსის დახარჯვა. ეს იქნებოდა “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე სასურველი ფინიში ამ პროცესში”, - განმარტავს ვიქტორ ყიფიანი.

“რაც შეეხება კონტაქტებს ამერიკასთან თუ ნაბიჯებს უკრაინის მიმართულებით, ამგვარი ნაბიჯები არასდროს გამოირჩევა გრძელვადიანობით. თუნდაც უკრაინისკენ გადადგმულ თითქოს პოზიტიურ ნაბიჯს შემდეგ მოჰყვა ანტიუკრაინული განცხადებების მთელი ტალღა... ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს, რომ დასავლური პოლიტიკა ძალიან თავისებური ფენომენია - “ოცნებასთან” შესაძლო გარიგებების თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებმა არანაირი სიურპრიზი არ უნდა გამორიცხონ. თუმცა ამ ვითარებაში რამდენად საკმარისი იქნება მმართველი პარტიისთვის საკუთარი სარგებლიანობის წარმოჩენა მხოლოდ გეოგრაფიულ ფაქტორზე აქცენტით და დასავლეთთან გარკვეული რეალური გარიგებების გაფორმება, ბოლომდე დარწმუნებული აღარ ვარ. ვშიშობ, დასავლური პოლიტიკური კონიუნქტურა გვიტოვებს განცდას, რომ შეიძლება მეტად უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდეთ”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “შსს-ში იქმნება სამმართველო, რომლის მიზანი იქნება ქვეყანაში სიძულვილის ენის აღმოფხვრა... როგორ ფიქრობთ საქმე ინტერნეტის კონტროლსა და “თეთრ სიებამდე” ხომ არ მივა, ისევე, როგორც რუსეთში?” - პასუხობს:

“მაინტერესებს, პრაქტიკულად როგორი იქნება მისი აღსრულება? ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაში ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რბილად რომ ვთქვათ, არავის ჩამოუვარდებიან. რამდენად მიუკერძოებელი იქნება ეს აპარატი და მექანიზმი ამ ფუნქციის აღსრულებაში? რეპრესიული აპარატი მაქსიმალურად ცდილობს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სურთ შექმნან ისეთი ფონი, რომელიც შემდეგ მათ ვაჭრობის საშუალებას მისცემს. ეს ვაჭრობა ორი სცენარით შეიძლება განვითარდეს: გააჩნია, უკრაინაში პროცესი უკრაინული სცენარით განვითარდება თუ რუსულით. ახალი “რკინის ფარდის” შემთხვევაში ხელისუფლებას სურს აღმოჩნდეს მისთვის და მისი პატრონებისთვის სასურველ მხარეს. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას, ყველაფერთან ერთად, გეოპოლიტიკური პატრონებიც ჰყავს. ამდენად, ნებისმიერი სცენარის მიუხედავად, თავისუფალი ადამიანის, როგორც სოციალური ფენომენის, საბოლოო განადგურება და ამოშანთვა, მმართველ ძალას მისცემს მაქსიმალურ რესურსსა და თავისუფლებას, რომ ორივე სცენარში შეინარჩუნოს ბატონობა”

“რაც შეეხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანხის შეგროვებას, ამ საკითხის წმინდა სამედიცინო ასპექტში ვერ შევალ, მაგრამ მთავარი, რაც ამ აქციაზე უნდა აღვნიშნოთ, ის არის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ გარე პარტნიორების ყურების რეჟიმში, არამედ ჩვენი ბედის შემოქმედი და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად უნდა გავხდეთ. ნებისმიერი ასეთი აქცია თუ კამპანია სწორედ იმის დასტურია, რომ ქვეყანაში კიდევ დარჩა სამოქალაქო და საზოგადოებრივი რესურსი, რომელიც პრობლემებს სწორედ ასეთი მაღალი ცნობიერებითა და პასუხისმგებლობით უდგება. ყოველი ასეთი გამოვლინება ადასტურებს, რომ თავისუფალი აზროვნებისა და თავისუფალი ადამიანების თანაცხოვრების კუნძულები ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილია. დღეს ეს კუნძულები იმედს მიტოვებს, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფლების კონტინენტად გადაიქცევა... ეს აქცია ძალიან ღრმა პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობისაა - ჩვენ ვხედავთ სხვა ტიპის საზოგადოებისა და სხვა ტიპის მოქალაქის ფორმირების პროცესს”, - დასძენს ვიქტორ ყიფიანი.

ჰერჩინსკი რჩება - რა გზავნილია ეს ევროკავშირისგან “ოცნების” ხელისუფლებისთვის

“საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება, თუმცა მას მანდატი გაუხანგრძლივეს. საქართველოს ხელისუფლებასთან მისი რთული ურთიერთობიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური გზავნილია ოფიციალური ბრიუსელისგან. ამის პარალელურად მმართველი გუნდის წევრები ევროკავშირის ინსტიტუტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილის უპასუხოდ დატოვებასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი, სავარაუდოდ, 1 წლით გაუხანგრძლივდა. მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს ახლა არ მიუღია. პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ელჩის 4-წლიანი მანდატი 2026 წლის სექტემბერში ეწურებოდა, ის ქვეყანაში თავისი უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის სექტემბერში შეუდგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჰერჩინსკი რჩება - რა გზავნილია ეს ევროკავშირისგან “ოცნების” ხელისუფლებისთვის.

“თავის მუშაობის პერიოდში ევროკავშირის ელჩი რამდენიმეჯერ გახდა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ამის კულმინაცია აპრილის ბოლოს იყო, როდესაც ბრიუსელში გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო 27 აპრილს ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საქართველოში მის დატოვებასთან დაკავშირებით “ოცნების” ხელისუფლებას ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მმართველი გუნდის წევრები ოფიციალურ ბრიუსელს სხვა საკითხზე საყვედურობენ. 19 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ლიდერებს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ან-ტონიუ კოშტასა და რობერტა მეცოლას, ღია წერილით მიმართა. წერილში მან ევროკავშირი ცალმხრივად ურთიერთობის გაწყვეტაში დაადანაშაულა და შეახსენა დანიის აქციის დაშლის ინციდენტი. “ოცნებაში” უკმაყოფილო არიან, რომ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე ევროკავშირს ამ დრომდე პასუხი არ მოუწერია, მათ შორის დუმს ევროკავშირის ელჩიც და არც დანიის ინციდენტზე აკეთებენ განცხადებას. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ერთის მხრივ ჰერჩინსკის დატოვება ევროკავშირის მხრიდან გარკვეული გზავნილია “ოცნებისთვის”, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩიც და არანაირი განცხადება დანიასთან მიმართებით არ გაუკეთებია, რადგან ეს მათთვის მისაღებია, რასაც დანია და სხვა ევროკავშირის ქვეყნები სჩადიან, როდესაც მომიტინგეებს ხელკეტებითა და ძაღლებით უსწორდებიან, მაგრამ, როდესაც ჩვენ რბილი ფორმითა და კანონის დაცვით ვახდენთ აქციის დაშლას, ეს რატომღაც მიუღებელია. როდესაც ეს მათ ეხებათ და საკუთარ ქვეყანაში ხდება, ეს მისაღებია და რატომღაც ჩვენთვის მიუღებელია კანონის ფარგლებში პოლიციის მოქმედებები, მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს ორმაგი სტანდარტია. ან ის, რომ ევროკავშირის შემავალი ქვეყნები არიან და შესაბამისად დავალება აქვთ ეგეთი, ანუ კომენტარს და განცხადებას ვერ აკეთებენ”, ”, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა, რომლის აზრით, “ეს “დიფ-სთეითის” გავლენაა”, - დასძენს გამოცემა.

“ამით ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას და ზოგადად ყველას მიანიშნა, რომ ელჩის მუშაობით კმაყოფილია და შექმნილ სიტუაციაში, რომელიც მარტივი არაა, ელჩის მანდატის გახანგრძლივებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, რადგან ის ამ ხნის განმავლობაში ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში უკეთ გაერკვა და გახანგრძლივებული მანდატის პერიოდში უკეთ შეასრულებს ელჩის მოვალეობას. ახალი ელჩი რომ დაენიშნათ, მას ხელახლა მოუწევდა ამ ყველაფერში გარკვევა-ჩახედვა და ა.შ. ამ მხრივ მათი გადაწყვეტილება გარკვეულწილად პრაგმატულია, თუმცა ეს მესიჯია მმართველი პარტიის მიმართ, რომელიც ჰერჩინსკის ელჩის რანგში მუშაობით უკმაყოფილო იყო და ევროკავშირმა ამით უთხრა, რომ თქვენ კი ხართ უკმაყოფილო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ კმაყოფილები ვართო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“რა თქმა უნდა. ჩვენთან ასეთი მოსაზრება დამკვიდრდა, რომ ელჩები ხშირად თავიანთი ინიციატივით აკეთებენ რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ ასე არაა. ელჩი მთლიანად ანგარიშვალდებულია თავის ზემდგომ სტრუქტურასთან, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან, რომელსაც ის წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა მისი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იქნება ეს რომელიღაც ღონისძიებაზე დასწრება, თუ განცხადების გაკეთება, მათ შორის პოლიტიკური შინაარსის, ბრიუსელთან სრულიად შეთანხმებულია. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, თავად ბრიუსელი დააყენებდა საკითხს მისი გამოწვევის თაობაზე. ელჩი ფაქტობრივად მათი გრძელი ხელია, რომელიც აქ ევრობიუროკრატიის ინტერესებს ატარებს. ელჩის აქ დარჩენას ორი მხარე აქვს - ვიღაცისთვის ეს შეიძლება არაკომფორტული იყოს. მმართველ გუნდს მასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ მოქმედი ელჩის მოქმედების ალგორითმი და მისი სტილი უკვე ვიცით, თუ რას შეიძლება მისგან ველოდოთ. ყველა მისი რესურსი მაგიდაზე დაალაგა და ახალი ელჩი რომ ჩამოსულიყო, კიდევ დრო იქნებოდა საჭირო, რომ მისი მუშაობის სტილთან ადაპტაცია მომხადიყო, ხელისუფლებას იმაზე ემარჩიელა რას გააკეთებდა და რა ახალ დიპლომატიურ ფოკუსს შესთავაზებდა”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ახალი ელჩი რომც დაენიშნათ, ამით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეიცვლებიდა დადებითისკენ. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა იგივე რჩება, ყველა ის მოთხოვნები რაც იყო, ისინი რჩება... ჯერჯერობით ამ ღია წერილიდან არც ისე დიდი დრო გავიდა. ევროკავშირს რამდენი დრო სჭირდება რომ პასუხი გასცეს, ამას ვინ განსაზღვრავს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთოდ არანაირი პასუხი არ იყოს და უბრალოდ ეს წერილი გაატარონ და ამით “ქართული ოცნების” ხელისუფლება რაღაცნაირად დაამცირონ. თუ კიდევ ერთი კვირის მანძილზე არანაირი ოფიციალური რეაგირება არ იქნა, თუნდაც ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადების დონეზე (როგორც წესი, ასეთ ღია წერილებს პრესსპიკერები ეხმიანებიან ხოლმე), მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა თავისი დუმილით “ოცნება” და საქართველოს მთავრობა დააკნინოს, რომ პასუხის გაცემის ღირსად არ თვლის. მე უფრო ამისკენ ვიხრები, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ კვირას ამაზე რაღაც გარკვეული რეაქცია იყოს განცხადების, ან შეფასების დონეზე. ამის შანსი 50/50-ზეა”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

პაატა ზაქარეიშვილი - “ცხინვალი მზად არის ჩაჰბარდეს რუსეთს, მაგრამ რუსეთს დღეს ეს არ სჭირდება”

“რუსეთს შეუძლია პირდაპირ მოახდინოს ანექსია, ამაში ვერავინ შეუშლის ხელს - ოსი საზოგადოების უმრავლესობა რუსეთთან მიერთებაზე თანახმაა. ჩვენდა საუბედუროდ, ამას წინააღმდეგობას ვერც ქართული მხარე გაუწევს და ეს სამარცხვინო იქნება. თუმცა რუსეთი ფორმალურად პირდაპირ მიერთებას არ აკეთებს, იმიტომ, რომ ეს საქართველოში მღელვარებას გამოიწვევს. “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება მოინდომოს სიტუაციის მიჩქმალვა, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის ეს მიუღებელი იქნება. გაიხსენეთ, ივანიშვილი როგორ ცდილობდა ბოდიში მოეხადა და როგორ უცებ ჩაიფარცხა, იმიტომ, რომ აშკარად არაპოპულარული იყო. ეს ახსოვს რუსეთსაც და, შესაბამისად, ცდილობს არ გადადგას უტიფარი და საჯარო ნაბიჯები. ცხინვალი მზად არის ჩაჰბარდეს რუსეთს, მაგრამ რუსეთს დღეს ეს არ სჭირდება. ამიტომ ცხინვალის რეგიონის ათვისებას შემოვლითი გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება”, - აცხადებს რეინტეგრაციის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ცხინვალი მზად არის ჩაჰბარდეს რუსეთს, მაგრამ რუსეთს დღეს ეს არ სჭირდება”.

“ცხინვალში არიან ადამიანები, ექსპერტები, ასევე ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც ხელშეკრულებას აკრიტიკებენ, თუმცა ისინი უმცირესობაში არიან. მთავარი განხილვის თემაა ის, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაიკავოს მაღალი თანამდებობა ცხინვალში ისე, რომ არ დასჭირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა. რადგან ეს ხელშეკრულება ორმხრივია, წესით, იგივე პრინციპი უნდა ამოქმედდეს რუსეთშიც, მაგრამ რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს რუსეთში მაღალი თანამდებობა დაიკავოს პირმა, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. ამდენად, აქ უკვე აშკარად ირღვევა პარიტეტი და ნათლად ჩანს, რომ რუსეთს სულ არ ადარდებს სამართლიანობა და ლეგიტიმაცია. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების მთლიანად ანექსიისკენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ცხინვალში რუსული ფული იკარგება, ვერაფერი შენდება ნორმალურად და რუსეთს უნდა ცხინვალი პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებმა მართონ. სულაც არ არის აუცილებელი ეთნიკური რუსი დანიშნონ, უმრავლეს შემთხვევაში ამ პროცესში ჩრდილოეთ ოსეთის ჩი-ნოვნიკები იქნებიან ჩართული. სწორედ ამ ხელშეკრულებით მოხდება ჩრდილოეთ ოსეთის მეტად ჰეგემონიზაცია ოს მოსახლეობაში და ეს იქნება ანექსიური პროექტი - ერთიანი ოსეთის პროექტი, რაც რუსული იდეაა. თუ აქამდე მხოლოდ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო იყო სრულად რუსეთზე მიბმული და ე.წ. თავდაცვის მინისტრებად რუსები ინ-იშნებოდნენ, ახლა ყველა სფერო გადავა რუსეთის მოქალაქეებზე - თუნდაც სკოლების დირექტორები თუ უნივერსიტეტის რექტორი”, - განაგრძობს ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “ოსებისთვის პრობლემაა რუსეთის საზღვარზე დიდი რიგები და მაღალია საბაჟო გადასახადი. ამ ხელშეკრულებით ეს ბარიერები მოეხსნებათ?” - პასუხობს:

“რაში სჭირდებათ რუსებს ოსებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესება? ცხინვალი ისედაც ჩაბარებულია. მაგალითად, რუსეთმა კანონმდებლობა შეცვალა დნესტრისპირეთის მიმართ იმიტომ, რომ იქ პრობლემები აქვს, ამიტომ მეტ სიკეთეს სთავაზობს ეთნიკურ რუსებს, რომლებიც დნესტრისპირეთში ცხოვრობენ, ცხინვალში კი არ სჭირდებათ ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ არა მგონია, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი გაუქმდეს. რუსეთმა იმიტომ აღიარა ე.წ. სამხრეთი ოსეთი “დამოუკიდებლად”, რომ ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდეს მის მიმართ. რუსეთს დღეს ცხინვალის რეგიონი სჭირდება მხოლოდ როგორც სამხედრო ინფრასტრუქტურა. კურორტი მანდ არა აქვთ, განსაკუთრებული წიაღისეული არაა, არც გამჭოლი გზები და აეროპორტები. უბრალოდ, ცხინვალში რა ფულსაც აქამდე დებდა, ის იკარგებოდა, ამიტომ სჭირდება რუსი ჩინოვნიკების ჩაყვანა და პირდაპირი კონტროლი.

სად არის მამუკა ხაზარაძე - “ლელო” გავრცელებულ ჭორებს არ ადასტურებს

“უკვე რამდენიმე დღეა, რაც “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქვეყანა დატოვა. ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ის ემიგრაციაში წავიდა, რამაც პარტიის წევრების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია სად იმყოფება ხაზარაძე და დაბრუნდება თუ არა საქართველოში. ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა, 21 მაისს, სოციალურ ქსელში გამოთქვა ვარაუდი, რომ მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში წავიდა. “როგორც ვხვდები მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში წავიდა. და ლელო ამის შესახებ საკუთარ ამომრჩეველს როდის შეატყობინებს? თუ არ არის აუცილებელი?”, - დაწერა ჯანგირაშვილმა “ფეისბუქში”. ამას ”ლელოს” წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა მოყვა. “ვიღაცა ლუზერი რომ რაღაცას დაწერს, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ. “ლელოს” კიდევ ერთმა წევრმა, ლანა გალდავამ ჯანგირაშვილის ვარაუდს “არასერიოზული” უწოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სად არის მამუკა ხაზარაძე - “ლელო” გავრცელებულ ჭორებს არ ადასტურებს.

“იმდენად არასაინტერესოა ახლა ჩემთვის ნინო ჯანგირაშვილი რას დაწერს სოციალურ ქსელში, რომ მე უბრალოდ ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია ამაზე კომენტარის გაკეთება”, - განაცხადა გალდავამ. ამის შემდეგ, ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში დამატებითი პოსტი გამოაქვეყნა: “რა არის ქოცობა: ქოცობა არის, როცა კითხვებზე პასუხი არ გაქვს, ან ეს პასუხი არ გაწყობს, შენს გადაწყვეტილებებს და ქმედებებს ვერ ხსნი და ვერ ამართლებ, თავდასხმას უწყობ კითხვის ავტორს, მტრის ხატს თხზავ და ყველაფერს იმას აბრალებ. ამით გადის ფონს ქოცი წლებია. “სამწუხაროდ, “ლელომ” მიკროქოცობას მიმართა - ზრდილობიანად ვიკითხე, ხომ არ წავიდა მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში. პასუხი უნდა ყოფილიყო მარტივი - ან კი, ან არა. ამის ნაცვლად ჩემზე პერსონალური თავდასხმების გზა აირჩიეს, ოღონდ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ... ვწუხვარ, ძვირფასო “ლელო”, რომ ქოცის კარიკატურად ქცევა გადაწყვიტეთ”, - დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი თითქმის გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძე ნამდვილად ემიგრაციაში წავიდა. “არ ვიცი სადაა, მეც გავიგე ეს ვარაუდი და უცნაურია, რადგან არანაირი პირობა არ არის იმისა, რომ ხაზარაძეს არ ეთქვა ემიგრაციაში წასვლაზე, თუკი ეს სიმართლეა. ვიღაცებმა კუდი მოაბეს, რომ თითქოს ევროპაში უძრავი ქონება შეიძინა და ემიგრაციაში წავიდა. ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და სხვის ჭორებზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. თვითონ “ლელოში” ამას უარყოფენ. მათი წარმომადგენლების განცხადებები ჩემთვის უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ვიღაცის მიერ აგორებული ჭორები”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის განმარტებით, “უძრავი ქონების ქონა საერთოდ არ ნიშნავს ემიგრაციას”, - დასძენს გამოცემა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი