ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს

საქართველოს მმართველი რეჟიმი საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევას ცდილობს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა „ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მედია ხაზს უსვამს, რომ ბუჩუკურის პარტიის ლიდერი „ამჟამად ბერლინში, ემიგრაციაში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, რომელიც თავის დროზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ნაწილი იყო, თუმცა მოგვიანებით ოპოზიციაში გადავიდა“. ასევე, აღნიშნავენ, რომ „ბოლო წლებში გახარიაზე ორჯერ განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, ახლა კი მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს“.

„ინტერპრესნიუსი“ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

თქვენ დღეს სასამართლოში იმყოფებოდით თქვენი პარტიის ლიდერის საქმესთან დაკავშირებით. ხომ ვერ მეტყოდით მოკლედ, რას ეხება ეს საქმე და რამდენად სიმბოლურად ასახავს იმას, რაც ახლა საქართველოში ოპოზიციური ძალების თავს ხდება?

– დარწმუნებული ვარ, უკვე იცით, რომ დღეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი ან ციხეშია და სისხლისსამართლებრივ დევნას განიცდის, ან ემიგრაციაში იმყოფება. მსგავსი რამ საქართველოში ადრე არასდროს მომხდარა! არასდროს!

ჩვენი პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ამჟამად ორ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. თუმცა, ვერ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ კიდევ რაიმეს არ დაუმატებენ. რაც შეეხება იმ ორ ეპიზოდს, რომლებშიც მას ახლა ადანაშაულებენ, ორივე 2019 წელს მოხდა. ამის შემდეგ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ის პრემიერ-მინისტრად წარადგინა. ანუ მაშინ ის დამნაშავე არ იყო, ახლა კი, როცა ოპოზიციაშია, დამნაშავე გახდა. ეს არის უმარტივესი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში პოლიტიკური დევნა. რეალურად, გახარიას საქმე ერთადერთია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა – ვინც ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი და რეალური პირია – საჯაროდ, პირდაპირ და ხმამაღლა გააჟღერა მუქარა.

საქმე, რომლის განხილვასაც ჩვენ, პარტიის წარმომადგენლები, დღეს დავესწარით, მხოლოდ გახარიას არ ეხება. ის უაღრესად სახიფათოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ გახარიას სისხლისსამართლებრივი ბრალდება წარედგინა იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას მიიღო და მან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანაში, პოლიციის საგუშაგო განათავსა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მას „ბრალად“ ედება საქართველოს ტერიტორიის დაცვა.

უფრო მეტიც, გახარიას წინააღმდეგ აღძრულ ამ სისხლის სამართლის საქმეს ახლა ოკუპანტები იყენებენ. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა საჯაროდ განაცხადა – რაკი ქართული მხარე ახლა სისხლისსამართლებრივად დევნის და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, ეს მათთვის იმედისმომცემი ნიშანია. ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოს პოლიციის საგუშაგო გაუქმებულ იქნას. ასე რომ, ეს საქმე მხოლოდ გახარიას არ ეხება. ეს აძლევს საფუძველს რუსულ მხარეს, კრემლს, მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს პოლიციის საგუშაგოს აღება. თუკი რამეს ჰქვია სახელმწიფო ღალატი, აი, ეს არის ღალატი. ამ საქმის განხილვას ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავესწარით.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველა ოპოზიციონერი ან ემიგრაციაშია, ან ციხეში. როგორ გრძნობთ თავს? თქვენს უსაფრთხოებასაც ემუქრება საფრთხე?

– ამას ყველანი ვგრძნობთ. თუმცა, მე შემიძლია ამ რეალობასთან ერთად ცხოვრება. აქ (პარტიაში) ვარ არამხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მეგობრები მყავს, არამედ იმიტომაც, რომ მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ. მწამს როგორც ჩემი საქმის, ისე იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც ამას ვაკეთებ – ისინი სწორი ადამიანები არიან. ამ გუნდთან - გიორგი გახარიასთან ერთად, უკვე დაახლოებით ათი წელია ვმუშაობ. ჩემი ოჯახიც მხარს უჭერს ჩემს საქმიანობას, რადგან ისეთი ოჯახიდან ვარ, რომელიც ოპოზიციაში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ანუ სააკაშვილის მმართველობის დროსაც. ასე რომ, გარკვეულწილად, ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ.

ინტერვიუმდე ახსენეთ, რომ საქართველოში მოვლენები საკმაოდ სწრაფად იცვლება და ხანდახან ყველაფრისთვის თვალის მიდევნება რთულია. შეგიძლიათ მოიყვანოთ რაიმე მაგალითი?

– თუ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ან ნატოში გაწევრიანებისკენ საქართველოს სწრაფვაზე ვისაუბრებთ – როგორც უკვე აღვნიშნე, წლების განმავლობაში ვმუშაობდი საჯარო სამსახურში და მჭიდროდ ვიყავი ჩართული იმ მრავალ რეფორმაში, რომელიც საქართველომ გაიარა. სულ რაღაც ხუთი წლის წინ, საქართველო ლიდერი იყო არამხოლოდ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის და რეგიონულ კონტექსტში, არამედ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად მოიაზრებოდა. მახსოვს ისეთი საერთაშორისო ლიდერები, როგორებიც არიან ნატოს გენერალური მდივანი, ევროკავშირის ხელმძღვანელები თუ წევრი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ხმამაღლა მიესალმებოდნენ იმას, თუ რამდენს მიაღწია საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და რამდენად წინ წავედით.

თუმცა, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მოხდა არამხოლოდ ევროინტეგრაციისა და აღმოსავლეთ ევროპული პროცესებისგან ზურგის შექცევა, არამედ ზოგადი სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. საუბარია ადამიანის უფლებებზე, ძალადობის ზრდაზე, მედიაზე. ჩვენ ვეღარც კი ავუდივართ, ვეღარც კი ვეწევით ამ ყველაფრისთვის თვალის დევნებას. ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც კი ძალიან უჭირთ იმის გაგება, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ ვითარებას. ხუთი წლის წინ ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვიყავით და ყველას ვეამაყებოდით. ახლა კი...

ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას მინდა გკითხოთრას მოელოდით ამ სიტუაციაში ევროკავშირისგან? რა უნდა გააკეთოს მან, რომ დაეხმაროს საქართველოს კვლავ უფრო დემოკრატიულად ჩამოყალიბებაში? საერთოდ თუ არის შესაძლებელი რაიმეს გაკეთება?

– ეს მილიონდოლარიანი კითხვაა! [იცინის.] სულ პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი, რის ხაზგასმასაც ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ პარტნიორებთან საუბრისას, არის ის, რომ მიუხედავად ამჟამინდელი მმართველი პარტიის თავდასხმებისა, მიუხედავად ყველა იმ განცხადებისა, რომელიც მიზანმიმართულად არის მიმართული ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ – მიუხედავად ამ ყველაფრისა, გთხოვთ, შეინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში და არ დაივიწყოთ იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, კარგად აცნობიერებთ – იზოლაცია ნიშნავს მომავალი ათწლეულების დაკარგვას და საქართველოს დატოვებას რუსეთის გავლენის სფეროში.

ჩემი აზრით, მათი მიზანიც სწორედ ეს არის. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება. ყველა ეს თავდასხმა, ჩვენს პარტნიორებზე შეტევები და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველოს იზოლაციას. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავუწიოთ ამას წინააღმდეგობა. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია. ეს ძალიან მძიმეა.

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ეს არის სისტემა, სადაც ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს. პრემიერ-მინისტრმა კობახიძემაც კი არ იცის დილით, რის გაკეთებას უბრძანებენ საღამოს. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც რაიმე სახით გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს მაინც დგანან. ისინი უბრალოდ ინსტრუმენტები არიან. არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს და საუბარიც სწორედ მასთან უნდა მიმდინარეობდეს.

უკვე რამდენჯერმე ვახსენე პროპაგანდა, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ძალიან თანმიმდევრული და ეფექტური პროპაგანდისტული მანქანის შექმნა. დარწმუნებული ვარ, მათი გზავნილები (მესიჯბოქსი) საქართველოში არ იწერება. ეს კარგად აპრობირებული სისტემაა. მათი გზავნილები ძალიან მარტივია.

შესაძლოა გსმენიათ, რომ არსებობს „ქართული ოცნების“ რამდენიმე სატელიტი პარტია, რომლებიც ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაციას ეწევიან. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში საქართველო ვერანაირ ნეიტრალიტეტზე ვერ ისაუბრებს. ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ამ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია. ასე რომ, ჩვენ ან დასავლური დემოკრატიული ოჯახის ნაწილი ვართ, ან უბრალოდ ავტოკრატიის ქოლგის ქვეშ აღმოვჩნდებით და ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო. არანაირი ნეიტრალური საქართველო არ შეიძლება არსებობდეს.

თუმცა, პროპაგანდა ძალიან მიზანმიმართულად და აქტიურად ცდილობს ხალხს ჩააგონოს, რომ დასავლეთი არ გვჭირდება; რომ მის გარეშეც ყველაფერი რიგზე გვექნება, რომ ჩვენითაც შესანიშნავად ვიცხოვრებთ. არადა, სწორედ დასავლელი პარტნიონერები არიან ისინი, ვინც რეალურად გვეხმარებიან, თავი დავიცვათ რუსეთის შემდგომი აგრესიისგან და ვინც გვეხმარება ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ, ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ერთობლივად უნდა შევქმნათ ანტიპროპაგანდის ეფექტური ინსტრუმენტები. იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პროპაგანდისტული გზავნილები ნამდვილად მუშაობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში, დედაქალაქის გარეთ ცხოვრობენ, ყოველდღიურად უამრავ ეკონომიკურ და სოციალურ გაჭირვებას აწყდებიან. ამიტომ, როდესაც ადამიანებს უწევთ შიმშილთან გამკლავება, როდესაც ფასები ასე მაღალია არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ ჯანდაცვაზეც და როდესაც ყველა მომსახურება სულ უფრო ძვირდება, მათთვის ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ – მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ კავშირშია მათ კეთილდღეობასთან. პროპაგანდა კი ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებს, ისევ და ისევ, და ეს ეფექტური ხდება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალები ამის დასაძლევად.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა