ანდრო გოცირიძე ოთარ ფარცხალაძეზე - წარმოუდგენელია, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონოდა ჩვენს სპეცსამსახურს - ამას კრახიც არ ჰქვია

წარმოუდგენელია, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონოდა ჩვენს სპეცსამსახურს - ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სისტემები განეიტრალებულია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფარცხალაძის ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებას, „რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე”) მუშაობდა“.

ანდრო გოცირიძის თქმით, ერთი წლის განმავლობაში ქართულ სპეცსამსახურებს უკვე მეორე „კატასტროფა“ სჭირს, რადგან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სუს-იდან არქივები გამოიტანა.

„ძალიან უსიამოვნო ფაქტია სახელმწიფოს გადასახედიდან. ამას კრახიც არ ჰქვია, ასეთი კატასტროფა, ქართულ სპეცსამსახურს ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორე სჭირს. პირველი იყო გოგაშვილთან დაკავშირებით, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირმა არქივები გამოიტანა და პირადი ვაჭრობის თემად გამოიყენა. ეს ძალიან მძიმე რამ არის თვითონ სპეცსამსახურისთვის. მეორეა ახლა ეს შემთხვევა, როდესაც სანქცირების დოკუმენტში პირდაპირ კურატორიც არის მითითებული და ეს არ არის ღია წყაროებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, თუმცა არც ღია წყაროებში გასული მასალებია ნაკლებად სარწმუნო, როგორც ეს მოსამართლეების შემთხვევაში იქნა წარმოდგენილი.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორივე პირი, გოგაშვილი და ფარცხალაძე, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მივიდნენ პოლიტიკური ნიშნით, არცერთს არ ჰქონდა შესაბამისი ბექგრაუნდი. ფინანსურ პოლიციაში დაბალი რანგის ოპერთანამშრომლად მუშაობა არ ნიშნავს ქვეყნის გენერალური პროკურორის შესაბამის ცოდნას, რომელიც ერთი მხრივ ახორციელებს ზედამხედველობას მთელს საგამოძიებო, წარმოადგენს საქართველოს იურიდიულ სისტემას მთელს მსოფლიოში და ამას გარდა, გავრცელებულია მოსაზრება, რომ მას ჰქონდა გარკვეული ჩრდილოვანი გავლენები ბიზნესზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე, საკადრო პოლიტიკაზე და ა.შ. ახლა აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა აგენტურული ქსელით დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სისტემები განეიტრალებულია“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო