ოთარ ფარცხალაძე - ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა

ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე „რუსთავი 2-ისთვის“ გაგზავნილ წერილში აცხადებს, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.

ოთარ ფარცხალაძის განმარტებით, ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.

ყველამ ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით, მისივე ავტორები ადასტურებენ:

„FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში“.

„გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSB-სთან კავშირის შედეგად“. ამაში დასარწმუნებლად, ტექსტიდან სიტყვა-სიტყვით ციტირებული მხოლოდ ეს ორი ამონარიდიც კმარა! სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს!

რა თქმა უნდა, ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული",- აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო