ლაშა თორდია - ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა - სანქციებზე მისი შაბლონური განცხადებები თავის გადასარჩენადაა და მეტი არაფერი

ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 2017 წელს მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ლაშა თორდიას განცხადებით, არცერთ საქმეზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთანაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა.

„თავდასხმა როცა მოხდა და ყველა შემდგომმა პროცესმა, რომელიც საზოგადოებისთვის ნათელია, როგორც განხორციელდა მართლმსაჯულება, გამოძიება, საქმის წარმოება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები. ის გამართლებული იქნა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით ამ საქმესთან დაკავშირებით, ფორმალურად იყო ეს მართლმსაჯულება წარმართული. მუხლიც იმ დონის ჰქონდა წაყენებული, რომ საბოლოო შედეგი არ დადგებოდა ის, რასაც ითვალისწინებს მსგავსი ტიპის დანაშაული. ყველა სხვა საქმეც, რომელიც უკავშირდება ოთარ ფარცხალაძეს, კორუფციული გარიგებები იქნება ეს თუ ვანო მერაბიშვილის გაყვანის საქმე იქნება, არცერთ საქმეზე საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა. ჩემს შემთხვევაში იძულებული გახდნენ მეტ-ნაკლებად ფორმალური პროცედურები გაევლოთ ვითომ მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოსი“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია გადაცემა „360 გრადუსში“ ოთარ ფარცხალაძის მიერ გავრცელებულ წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ის ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული.

ლაშა თორდიამ ოთარ ფარცხალაძის განცხადებებს „სრული ბოდვა და სისულელე“ უწოდა.

„როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ ოთარ ფარცხალაძე სამართლებრივ მექანიზმებს გაატარებს? ლაშა თორდიამ ან ვიღაცამ უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტს და მათ ეს სანქციები დააწესეს? რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამაზე იყოს საუბარი. ეს შაბლონური განცხადებები თავის გადასარჩენადაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი 2017 წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.

ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებდა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს