დეოლიგარქიზაციის გადაჭრისთვის ხელისუფლება ან გონს მოეგება და შესაბამის ნაბიჯებს მიმართავს, ან ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთის დასუსტებას გულისხმობს, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, მათ შორის სანქცირების მექანიზმს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყოფილი გენერალურ პროკურორის ოთარ-ფარცხალაძის სანქცირება „ქართული ოცნებისთვის“ მტკივნეული საკითხია, სერიოზული გაფრთხილება და პრობლემაზე მითითება.
„არ მგონია, რომ ოთარ ფარცხალაძის სანქცირება ერთეული შემთხვევა იყოს. ვფიქრობ, კიდევ იქნება. ოლიგარქის გამოყენება ფარცხალაძესთან დაკავშირებულ დასაბუთებაში, ასევე მისი არაფორმალური კავშირების ხარისხი მიანიშნებს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი ამ ქვეყანაში კრიტიკულია.
დეოლიგარქიზაციის გადაჭრისთვის ხელისუფლება ან გონს მოეგება და შესაბამის ნაბიჯებს მიმართავს, ოლიგარქიულ გავლენებს შეამცირებს და გააქრობს, ან რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს რუსეთის დასუსტებას, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, მათ შორის სანქცირების მექანიზმს.
შევხედოთ, თუ რა შესაძლო რესურსი შეიძლება ჰქონოდა ფარცხალაძეს, რომ რუსეთისთვის დახმარება აღმოეჩინა. აქ შეიძლება იყოს საქართველოსთან უშუალო კავშირები, მათ შორის სანქციების გვერდის ავლის გზით. არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების რიტორიკა, რომ ერთი მხრივ სანქციებს არ უერთდება, მეორე მხრივ კი სანქციებს გულმოდგინედ იცავს.
ფაქტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის პარამეტრებით, ე.წ. ტურისტული კავშირებით, ყველა პარამეტრით მნიშვნელოვანი ზრდაა. საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 200-250%-იანი ზრდა გვაქვს. გასაგებია, რომ იქნება წარმოდგენილი რუსეთის ინტერესები, შესაძლოა, იყოს სანქციების გვერდის ავლის რისკები.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ მტკივნეული საკითხია, სერიოზული გაფრთხილებაა და პრობლემაზე თითით მითითება. ჩვენ ახლა ვაკვირდებით, „ქართული ოცნების“ მიერ აპრობირებული პროპაგანდის მექანიზმებს, რომელიც გულისხმობს ახალი ხაზების შემოტანას, რათა საზოგადოების ყურადღება კონკრეტული საკითხიდან გადაიტანოს. როდესაც ორშაბათი ხელისუფლების მხრიდან ახალი ხაზებით იწყება, ეს ნიშნავს, რომ კონცენტრაციის ხარისხს ამცირებს“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.