პროკურორის განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ადგილზე ბრალდებულთან სუს-ის თანამშრომლების კოორდინირებული ქმედება, ასევე ავტომანქანებისა და სხვა პირების კორდინირებული გადაადგილება არ დადასტურდა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განმარტებით, ჩატარებული გამოძიებით შემთხვევის ადგილზე სუს-ის თანამშრომლების მხრიდან ბრალდებულთან რაიმე სახის კოორდინირებული ქმედება არ დადასტურდა.

პროკურორის თქმითვე, სუს-ის თანამშრომლები ადგილზე სულ სხვა ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

ამასთან, ჩხეიძე აღნიშნავს, რომ იქ არც ავტომანქანების და არც პირების კოორდინირებული გადაადგილება არ დადასტურდა.

„სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში წარმოადგინა მთელი რიგი მტკიცებულებები - ეს არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ვიდეო ჩანაწერები, თავად ბრალდებულიც აღიარებს და ა.შ., რაც ბრალდების მიერ დაზარალებულზე განხორციელებულ ძალადობას ადასტურებს",- განაცხადა ჩხეიძემ.

კითხვაზე, დასტურდება თუ არა ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა, ჩხეიძე ასე პასუხობს:

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიძია ეს სისხლის სამართლის საქმე. გამოთხოვილი იქნა ათეულობით კერძო ობიექტის ვიდეოჩანაწერი, რომელიც შემდეგ დეტალურად დათვალიერდა, გაანალიზდა. ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ სუს-ის თანამშრომლები რაიმე კოორდინირებულ მოქმედებებში იყვნენ ბრალდებულთან, ისინი სულ სხვა ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ეს მასალებითაც დასტურდება, რასაც დაზარალებულიც იცნობს.

ვიდეოჩანაწერების დეტალური ანალიზის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენამდეც და დანაშაულის ჩადენის მომენტშიც მარტო გადაადგილდებოდა და არავისთან კომუნიკაციაში არ იმყოფებოდა. იქ სხვა მოწმეებიც იგინებოდნენ, მაგრამ ძალადობაში მონაწილეობას არ იღებდნენ, ისინიც გამოკითხული არიან. როცა ერთი ადამიანი სცემს და ვიღაც გამვლელი აგინებს, აქ რა ორგანიზებულობაზე უნდა ვისაუბროთ, ერთს, ერთი განზრახვა ჰქონდა, მეორეს - მეორე“,- განაცხადა ჩხეიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

პროკურორი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დარჩენას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბრალდებული „დღისით, ქუჩაში დაესხა დაზარალებულს თავს და სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ჩხეიძის თქმითვე,რომ არა იქ მყოფი სხვა პირები, შეიძლებოდა სავალალო შედეგიც დამდგარიყო“.

აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა და დაკავებულის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

მოსამართლე ნინო თარაშვილმა ნიკოლოზ გუგეშაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ამასთან, დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

ცნობისთვის, 27 ივნისს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა