საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც სტუ-ის რექტორი აცხადებს, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ლიდერი ბელა ხოტენაშვილი და მთავარი მწვრთნელი დავით ჯოჯუა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.

„მორიგ წარმატებას, მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს. განსაკუთრებით ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ნაკრების ლიდერს ბელა ხოტენაშვილს და ნაკრების მთავარ მწვრთნელს დავით ჯოჯუას.

მეგობრებო, თქვენ გაიმარჯვეთ იქ, სადაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის 12 ქვეყნის საუკეთესო გუნდები იბრძოდნენ. 12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ უკვე მეორედ - წარმატებები თქვენ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს თქვენით! დაე, მრავალჯერ გაგეხარებინოთ მშიობლიური უნივერსიტეტი და საქართველო! კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - აღნიშნავს რექტორი თავის მილოცვაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, რექტორს გამოეხმაურა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი, ასევე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი, 2013-2014 წლის მსოფლიო ქალთა გრან-პრის ეტაპის გამარჯვებული და პრიზიორი, 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული და აგრეთვე ოქროს მედლის მფლობელი პირველ დაფაზე, ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი, ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, სპორტის რაინდი ბელა ხოტენაშვილი.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის რექტორს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს, დეკანს, ასევე, ჩემს ხელმძღვანელს და ყველა გულშემატკივარს, რომლებმაც გულწრფელად გაიზიარეს ჩემი და საქართველოს ნაკრების წევრების სიხარული. ვისარგებლებ შემთხვევით და აღვნიშნავ, რომ მე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო სწავლების საფეხურები გავიარე. მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი კეთილგანწყობას, მხარდაჭერას, რაც, საბედნიეროდ, დღემდე გრძელდება. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს უნივერსიტეტს“, - აცხადებს მსოფლიო ჩემპიონი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრას გეგმავს.

„პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში ქალ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინალურ ეტაპის ორივე შეხვედრაში ყაზახეთის გუნდი დაამარცხეს და ჩემპიონობა იზეიმეს. ნაკრებმა მეოთხედფინალში ჩინეთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუგო.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ბელა ხოტენაშვილი (2423), მერი არაბიძე (2349), ნინო ბაციაშვილი (2366), ლელა ჯავახიშვილი (2342), სალომე მელია (2267). საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელს გაიმარჯვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო