ვახტანგ ძაბირაძე - ყოველთვის სამოქალაქო არეულობაზეა საუბარი, როცა ხელისუფლებას გავლენას კარგავს, ასე იყო 2012 და 2003 წლებში - დაიწყო საზოგადოების დამუშავება, რომ ნაკლები რეაქცია ჰქონდეს, თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს

დაიწყო საზოგადოების წინასწარ დამუშავება იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები რეაქცია მოჰყვეს პროტესტს, რომელიც აუცილებლად იქნება, თუ არ მოგვანიჭეს სტატუსი - იმედი იმისა, რომ ასეთი განცხადებებით ვინმე რამის პრევენციას მოახდენს, ან მოსახლეობას დააშინებს, ყალბია. ამან 30 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ იმუშავა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

მისივე თქმით, თუ მართლაც არსებობს რაიმე საფრთხე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწორედ იმისთვისაა, მისი ნეიტრალიზება მოახდინოს.

„პირველ რიგში, საზოგადოების დამუშავება ხდება იმის საწინააღმდეგოდ, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვცეს და გამოსვლები დაიწყო, რასაც ალბათ, ვარაუდობენ და რისიც გარკვეულწილად ეშინიათ, თქვან, რომ ჩვენ ამას ვაცხადებდით, ვაკეთებდით და ა.შ. ეს არის ძირითადი და მნიშვნელოვანი ამ თემაში. არა მარტო დღეს, არამედ მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა მზადდება და ა.შ. ანუ, წინასწარ მიდის საზოგადოების დამუშავება. აქ, ქვეტექსტში ლაპარაკი იმაზე კი არ უნდა იყოს, რომ რადგან ეს არის მოსალოდნელი, ამიტომ პროტესტები ავკრძალოთ ქვეყანაში, არამედ იმაზე, რომ რომ სუს-მა უკეთესად უნდა იმუშაოს და თუ რაიმე საფრთხე არსებობს, მოახდინოს მისი ნეიტრალიზება,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, როდესაც ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება და გავლენას რეალურად კარგავს, ყოველთვის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლის მცდელობაზე იწყება საუბარი.

„ივანიშვილს და მის თანამდგომთ შეუძლიათ 2011 და 2012 წელი გაიხსენონ. მაშინაც იგივეზე იყო ლაპარაკი მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან. 2003 წელსაც იგივეზე იყო. ყოველთვის ამაზეა საუბარი, როდესაც ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება და რეალურად კარგავს გავლენას. იმედი იმისა, რომ ასეთი განცხადებებით ვინმე რამის პრევენციას მოახდენს, ან მოსახლეობას დააშინებს, ყალბია, ცუდი იმედია. ამან 30 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ იმუშავა,“ - აღნიშნა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

ამასთან სუს-ს მტკიცებით, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა.

რაც შეეხება სცენარს, სუს-ის ინფორმაციით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ე.წ. „კარვების ქალაქის“ მოწყობას, ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებას.

კერძოდ, სუს-ი აცხადებს, რომ დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო