ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მადრიდში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა სხდომაში ესპანეთის თავმჯდომარეობის მოწვევით მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ცნობით, სხდომაზე, ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მომავალზე იმსჯელეს.
„ჩვენი კონტინენტის შავ-თეთრად დაყოფა რომ მოგიწიოთ დღეს, სად განათავსებდით ქვეყანას, რომელსაც აქვს მკაფიო ევროპული იდენტობა და ევროპული მისწრაფებები?! ქვეყანას, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტია რუსეთის აგრესიას ებრძვის და რომლის ორი რეგიონი ჯერ კიდევ რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული?! ქვეყანას, რომელმაც მოახერხა რეგიონში გამხდარიყო ლიდერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმების გატარებაში, მიუხედავად უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევებისა?!“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისადმი სიტყვით მიმართვისას.
მან ევროპელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულ წელს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველოც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. „ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭებისთვის და ამავდროულად არ ვმალავთ იმედგაცრუებას ევროპის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კოიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის გაფართოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. „ამ ურთულეს და არაპროგნოზირებად დროს, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებმაც მყარი საფუძველი უნდა შექმნან მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ევროპის უკეთესი მომავლისათვის - ჩვენი საერთო მომავლისთვის. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და სამივე ასოცირებულ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება - არის ერთადერთი გზა. ამ მიზნის მისაღწევად და ამისთვის თქვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა ოტმარ კარასმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ესპანეთი მასპინძლობს, მადრიდში 17-18 სექტემბერს გაიმართა და მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მონაწილეობდნენ.
მაკა ბოჭორიშვილმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრები.