ევროკავშირის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქციების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 9 სხვადასხვა აქციის მონიტორინგის შედეგად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა გამოიკვეთა - 7 მარტის, 8-9 მარტის და ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და კანონმდებლობის ფორმალური ნაწილების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული აქციების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, კვლავ პრობლემურია სამართალდამცავების მხრიდან, აქციის დაშლისას, შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევისა და აქციაზე დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა აქციების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების თუ სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებული შეკრებების მონიტორინგის შედეგებს დეტალურად ასახავს. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

მონიტორინგი 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები 9 სხვადასხვა აქციას დააკვირდნენ, მათ შორის: 7-8 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, ნაციონალური მოძრაობის აქციას - „ერთად ევროპაში“, გია გაჩეჩილაძის და ზაზა პაპუაშვილის აქციას - „მოვდივარ!“ ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციას და სხვა შეკრებებს თუ მანიფესტაციებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. კერძოდ, პოლიციამ არაპროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა მშვიდობიანი აქციის დასაშლელად. ამასთან, პოლიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, დაარღვიეს საპროცესო კანონმდებლობა, აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებისას.

საანგარიშო პერიოდში, აქციის ორგანიზატორებს, ძირითადად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, სულ მცირე, 3 შემთხვევაში: 7 მარტის, 8-9 მარტის და ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სადაც, გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და კანონმდებლობის ფორმალური ნაწილების დარღვევის ფაქტები.

მონიტორების შეფასებით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციების შემთხვევაში, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უსაფუძვლოდ დააკავა როგორც აქციის ორგანიზატორი, ისე - ადგილზე მყოფი ერთ-ერთი აქტივისტი. ამასთან, საკუთრების - კარვის ჩამორთმევა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, კვლავ პრობლემურია, სამართალდამცავების მხრიდან, აქციის დაშლისას, შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევისა და აქციაზე დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა.

ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიმართ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას და გაუმართლებლად არ ჩაერიოს ამ უფლებით დაცულ სფეროში; არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა შსს-ს თანამშრომლების მიერ; უზრუნველყოს შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან - მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის შესაბამისად, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტების, აქტივისტების და აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან ანდა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატირებას და მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, გაითვალისწინონ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და ითანამშრომლონ თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს