დიმიტრი ხუნდაძე - 2024 წლის არჩევნებზე ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს არა მარტო პარტიებს შორის, არამედ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო

ფაქტობრივად დაიწყო წინასაარჩევნო წელი და 2024 წლის შემოდგომაზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო.

„ახალ უმკაცრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პროცესები ჯერ მხოლოდ ირევა და არ ლაგდება, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს არა მარტო ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ, ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო. ამისთვის კი აუცილებელი იყო მოსახლეობის ინფორმირება, მათი გამოღვიძება და რეალობის დანახვა. როდესაც ვსაუბრობთ სუვერენიტეტსა და მორჩილებაზე, აქ ერთმანეთში არ ვურევთ თანამშრომლობასა და მონობას, ეროვნული ღირსების დაცვას და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფას. რას ვთავაზობთ მოსახლეობას? პრინციპულობას და არა - რადიკალიზმს! თვითმყოფადობას და არა - უსიტყვო მორჩილებას! მშვიდობას და არა - ომს! სიმართლეს და არა - სიცრუეს! ხვალინდელი დღის სწორად განსაზღვრას, ახალი მსოფლიო პოლიტიკის თანამონაწილეობას და არა - წარსულში ჩარჩენას!

რადიკალიზმი ანგრევს ქვეყანას, პრინციპულობა და ღირსება კი სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავს. ოპოზიცია დიდი ხანია რადიკალიზმსაც კი გასცდა და საკუთარი ქვეყნის მტრობასაც არ ერიდება.

გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო რთულადაა, ვიდრე ეს საზოგადოებას ესმის და ხედავს. ჩვენი ქმედება მხოლოდ პრინციპულობით შემოიფარგლება, რომელიც გონივრულ პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას.

თვითმყოფადობა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აუცილებელი პირობაა. უსიტყვო მორჩილება კი, საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხელყოფაა.

ჩვენ 30-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, რეალური სუვერენიტეტისთვის ვიბრძვით ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებით, მაშინ, როცა სხვა პოლიტიკური ძალები უცხო ქვეყნის უსიტყვო მორჩილებას ამჯობინებენ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

მშვიდობა უალტერნატივოა ქვეყნისთვის. ეს იცის ხალხმა და იციან იმ პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებიც დღეს გამუდმებით უარყოფენ ომის რიტორიკას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საარჩევნოდ სჭირდებათ. იციან, რომ ომის პარტიას ხალხი ხმას არ მისცემს.

სიმართლესა და სიცრუეს შორის არჩევანის გაკეთება თუ რამდენად მარტივია, ყველამ კარგად ვიცით, მთავარია, ხალხმა იცოდეს, თუ რა არის სიმართლე. ჩვენც, სწორედ ამას ვაკეთებთ დიდი ზეწოლის, ბულინგისა და ყველანაირი ბინძური მცდელობების მიუხედავად.

მართალია, სიცრუითა და სიყალბით ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ფარდა ეხდება და სიცრუის მკადრებელი ოპოზიცია ნდობას ბოლომდე კარგავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხალხი ხვდება, თუ ვის მიჰყავს ქვეყანა სწორი გზით და ვინ მიაქანებს მას ნგრევისა და მონობის გზაზე. მომდევნო ერთი წელიც ხალხზე ზომბირების წელი იქნება, რასაც ჩვენ სიმართლეს დავუპირისპირებთ.

ჩვენი გონივრული პრინციპულობა ქვეყნისთვის, მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ წესრიგში ისტორიული შანსის მოსაპოვებლად, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ძალადაკარგული რადიკალიზმი.

და ბოლოს, მყარად მჯერა, რომ საქართველო გახდება ერთიანი, ძლიერი სუვერენული სახელმწიფო ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, რომელიც იქნება ჩვენი უშეცდომო პოლიტიკის შედეგი. ამ შედეგს მივიღებთ სწორედ 2024 წელს საზოგადოებასთან ერთად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო