რომეო მიქაუტაძე და თორნიკე რიჟვაძე დაბა ხულოში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე აჭარაში, დაბა ხულოში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბა ხულოში მშენებარე გაზსადენის საერთო სიგრძე 6,426 გრძივი მეტრი იქნება და ის 363 ადგილობრივი მოსახლის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის ინფრასტრუქტურულ მშენებლობას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ახორციელებს.

ხულოში გაზიფიცირების პროცესი ასევე დაათვალიერეს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ, ამავე კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა კახა დვალმა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ხულოსა და ზოგადად, მთიან აჭარას აქამდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.

„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სხვა სახის ბიზნესის, განსაკუთრებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას. ზამთარი მთიან აჭარაში მკაცრია. გაზიფიცირების პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მხარის მცხოვრებნი შეძლებენ გაზი გასათბობად გამოიყენონ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკოლოგიურ ვითარებაზე", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ამჟამად აჭარის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 4 მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში, რომლის დასრულების შემდეგ 1,535 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

„მთავრობის მიერ დამტკიცებული, გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში, აჭარაში, 35 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რომელიც 3,696 პოტენციურ აბონენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 2019-2021 წლებში დამატებით 80 ათასზე მეტ ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, ხოლო მიმდინარე სამწლიანი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივ აირს კიდევ 40 ათასამდე ოჯახი მიიღებს. ხაზგასასმელია, რომ 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი