აკაკი ცომაია - სებ-ის გადაწყვეტილება გარკვეულ ზიანს აყენებს საფინანსო სისტემის უსაფრთხოებას, თუმცა არასწორია მტკიცება, რომ ეს საბანკო სისტემას ჩამოშლის - შესაძლოა, ნათია თურნავაც გახდეს დასანქცირების პოტენციური კანდიდატი

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გარკვეულ ზიანს აყენებს საფინანსო სისტემის უსაფრთხოებას, თუმცა არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი საბანკო სისტემას ჩამოშლის, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში წერს, სადაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ის ამბობს, სებ-ის ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, ნათია თურნავაც გახდეს დასანქცირების პოტენციური კანდიდატი.

„1. ცხადია, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გარკვეულ ზიანს აყენებს საფინანსო სისტემის უსაფრთხოებას (იხ. მე4 პუნქტი). თუმცა არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი ჩამოშლის საბანკო სისტემას.

  1. კომერციული ბანკები ვერ გადაურიცხავენ ფარცხალაძეს უცხოურ ვალუტას ვერსად. ეს უბრალოდ სიგიჟე იქნება. სავარაუდოდ, ფარცხალაძე თანხას გაიტანს და აქ ყველა ანგარიშს დახურავს.
  2. მთავარი ისაა, რომ ყველაზე მეტად ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია ზიანდება, რადგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მაძიებელი ქვეყანა უგანდას, ბელორუსისა და ამ ტიპის ქვეყნების კატეგორიაში ხვდება, როდესაც დასანქცირებული პირს აძლევს ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობას. ეს ბევრად უფრო დიდი საფრთხეა.
  3. საფინანსო სისტემის უსაფრთხოება ზიანდება, რადგან:

- შესაძლოა, ქართული ბანკების ფასიანი ქაღალდების ფასი შემცირდეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდება. სებ-ის გადაწყვეტილებამ რისკი წარმოქმნა, პოტენციური საფრთხე.

- სავარაუდოდ, სებ-ის ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზეც.

- არავინ იცის, რეაქცია ექნება თუ არა აშშ-ს ხაზინას. ჩემი აზრით, ალბათ არა, მაგრამ მე არა ვარ აშშ-ს ხაზინა.

მაგრამ დროულად შეწყვიტეთ ბოდვა იმის შესახებ, რომ ხვალიდან ყველა დაიწყებს ბანკებიდან ფულის გატანას. როდესაც ამას განსაკუთრებით ჟურნალისტები აჟღერებთ პირდაპირ ეთერში დამაჯერებელი ტონითა და გამომეტყველებით, შეიძლება თქვენ გამოიწვიოთ პანიკა.

  1. იმედია, თურნავა აცნობიერებს, რომ ამიერიდან თავადაც შეიძლება იქცეს დასანქცირების პოტენციურ კანდიდატად.
  2. მნიშვნელობა არა აქვს თურნავამ ერთპიროვნულად მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება. დღეიდან, სებ-ი, როგორც ინსტიტუტი ხართ ბიძინას კანტორა“, - წერს ცომაია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო