გიგა ბოკერია - ყველა ლეგიტიმური საპროტესტო აქცია აუცილებელია, საჭიროა პროტესტის ხმამაღლა გამოხატვა - ერთადერთი საკითხი, რაზეც ყველას ფოკუსი უნდა იყოს, ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის ამოცანაა

ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის რეჟიმის განსახიერება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, რეჟიმის დავალებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სამარცხვინო და უტიფარი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩემთვის ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არაფერს ცვლის იმ უზარმაზარი პრობლემის არსში, რაც ფარცხალაძის ამბავმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, ვგულისხმობ, ამ რეჟიმის პუტინისტურ ბუნებას. ფარცხალაძის ამბავი ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ. ფარცხალაძე უბრალოდ არის ივანიშვილის რეჟიმის განსახიერება. მხოლოდ ამით აიხსნება ეროვნული ბანკის ის უტიფარი საქციელი, დემონსტრირება მოეხდინა, ჩემიანებს არ ვწირავო, ოღონდ ეს მან გააკეთა თავისი ვერტიკალის ჩამოშლის შიშის გამო. ჩვენ ამაში უნდა დავინახოთ კიდევ ერთხელ მწარე სიმართლე“,- განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის კონსოლიდაციის საკითხს, გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძის თემით ყველამ უნდა დაინახოს, რამდენად სახიფათო რეჟიმი მართავს დღეს ქვეყანას.

„შემიძლია ჩემი და „ევროპული საქართველოს პოზიცია გითხრათ, სხვების სახელით ვერ ვისაუბრებ, ოპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ ვითარებაში ყველა ლეგიტიმური საპროტესტო აქცია არის საჭირო და აუცილებელი. საჭიროა პროტესტის ხმამაღლა გამოხატვა. ამ პროტესტის მთავარი ამოცანა არის საზოგადოებაში იმ მოქალაქეების რიცხვის გაზრდა და აბსოლუტურ უმრავლესობამდე მიყვანა, რომელიც მყარად ჩამოყალიბდება ამ რეჟიმის დემოკრატიულად გამოცვლის აუცილებლობაში, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეობაში, არჩევნებში მონაწილეობაში, შემდეგ თუ მანიპულაცია იქნება, ამ არჩევანის დაცვის აუცილებლობაში. ეს არის ის, რისკენაც, ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა აქტიური მოქალაქე უნდა ისწრაფოდეს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაც სწორედ ეს არის. ფარცხალაძის ამბავი მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეიძლება იქნას გამოყენებული „დადებითად“, რომ ბევრმა მოქალაქემ, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი ამ რეჟიმის პროპაგანდის და სხვა ფაქტორების გამო, ვერ ხედავდა, თუ რამდენად საგანგაშოა ვითარება, ახლა დაინახოს. ასევე, ისიც, ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ, როგორ წავიდეთ ჩვენ ნატო-ს წევრობისკენ და როგორ უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან “,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ამისთვის არავისთან შეერთება არ სჭირდება.

„პოზიცია, რომ ეს რეჟიმი გასცდა „წითელ ხაზს“ და მასთან დემოკრატიულად შეცვლის გარდა, შეუძლებელია სხვა რამეზე მუშაობა, დიდი ხანია გვაქვს. ვაშაძეს, „გამარჯვების პლატფორმას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ როცა სხვა პოზიცია ჰქონდათ, როცა არალეგიტიმურ პარლამენტში შეცვივდნენ და ამბობდნენ, რომ ერთად რეფორმებს გაატარებდნენ. ჩვენ ამაში დარწმუნება არ გვჭირდება. არც იმაში, რომ ამ რეჟიმის პირობებში იმედი უნდა დავამყაროთ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ეს გადაგვარჩენს. იმედი მაქვს, ამ საკითხში სხვებიც სწორი მიმართულებით დაიძვრებიან, რაც „ევროპულ საქართველოს“ თავიდანვე ჰქონდა. ერთადერთი საკითხი, რაზეც ყველას ფოკუსი უნდა იყოს, არის ამ ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის ამოცანა“,- განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო