შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კასპიის ბიზნეს ფორუმზე განიხილეს

საქართველო აფართოებს თავის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს არა მხოლოდ ნახშირწყალბადების ტრანზიტის მიმართულებით, არამედ ელექტროენერგიის გადაცემის კუთხითაც. კერძოდ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს ევროპულ ენერგოსისტემებს დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა კასპიის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გაიმართა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯუბო ტურაშვილმა მონაწილეობა ფორუმის პანელზე მიიღო, რომელზეც შუა დერეფნის მეშვეობით კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის საკითხები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. „საქართველო საიმედო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა. მისი მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია მომავალში. ქვეყანა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უწყვეტი და უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფის ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციით“, - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

უწყების ცნობითვე, თავის გამოსვლაში, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უკვე არსებულ სატრანზიტო მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა, მათ შორის, სამხრეთის გაზის დერეფანზე. მისი გაფართოება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ევროკავშირისთვის, რათა გაიზარდოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია და ენერგომომარაგების მთლიანი უსაფრთხოება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიიდან ნავთობის სატრანზიტო ნაკადების შუა დერეფანში მოზიდვის შესაძლებლობებზე.

ფორუმის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობამ.

„ეს არის ფლაგმანი პროექტი რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული დაკავშირებულობის გაძლიერებას. საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი კაბელი საშუალებას მისცემს საქართველოში და მთლიანად რეგიონში, წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე გატანას. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. მას დიდი პოტენციალი აქვს, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში“, - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის ბაზრის გაფართოება ევროპისკენ წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს წაახალისებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში და ამით ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო