აზიის განვითარების ბანკს საქართველოში ახალი დირექტორი ჰყავს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად ლესლი ბეარმან ლაჰმი დანიშნა. ახალმა დირექტორმა თანამდებობა ოფიციალურად დღეს დაიკავა. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლესლი ლაჰმი, მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის რანგში, საქართველოში ADB-ის ოპერაციებს უხელმძღვანელებს და ბანკის მთავრობასთან, განვითარების პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას გაუძღვება.

მის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა, ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგიის მომზადების ზედამხედველობა, რომლის მეშვეობითაც, ორგანიზაცია საქართველოს მხარდაჭერას მრავალმხრივი, მედეგი და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარებისთვის მომავალშიც განაგრძობს.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში და ქვეყანასთან ბანკის ძლიერი და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შევუწყო ხელი“,-განაცხადა ლესლი ლაჰმმა.

ADB განაგრძობს ტრანსფორმაციული ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა დარგსა და პრიორიტეტულ რეფორმაში საქართველოს განვითარების ამბიციური დღის წესრიგის განსახორციელებლად.

საქართველოში ADB-ის ოპერაციების განუყოფელ ნაწილად რჩება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში არსებული რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ინიციატივები.

ლესლი ლაჰმი, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) მოქალაქეა და 30-წლიანი პროფესიული კარიერიდან 20 ADB-ში აქვს გატარებული. ის ADB-ის 2002 წელს შემოუერთდა და ნამუშევარი აქვს მრავალ მაღალ თანამდებობაზე. ლაჰმი საქართველოში დანიშვნამდე ADB-ის ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, სადაც ბანკის განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის დახმარების მოზიდვაში იყო ჩართული.

წარსულში, ლაჰმი უძღვებოდა ბანკის სტრატეგიისა და პოლიტიკის განვითარებას კერძო სექტორის ოპერაციების, საჯარო-კერძო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ საწარმოებთან ჩართულობის მთავარი სტრატეგიული და ინსტიტუციური საკითხების მიმართულებით. ის ასევე ADB-ის მონაწილეობას ხელმძღვანელობდა დიდი ოცეულის საქმიანობაში და თავმჯდომარეობდა ADB-ის შერეული ფინანსური ინსტრუმენტების კომიტეტს.

ლესლი ლაჰმი იურისპრუდენციის დოქტორია, აშშ-ის თულეინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ასევე ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბარნარდის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხს აღმოსავლეთ აზიის მცოდნეობაში. ლესლი ლაჰმმა დირექტორის თანამდებობაზე შეცვალა შეინ როზენტალი, რომელიც ADB-ის წყნარი ოკეანის ქვეყნების სამეკავშირეო და საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ დირექტორად დაინიშნა.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო