ვალერი ჩეჩელაშვილი - ეს არის ძალიან სახიფათო თამაში - უნდა გადადგეს ნათია თურნავა, რაც დაადასტურებს, რომ სები-ს წიაღში ჯანსაღმა ძალებმა გაიმარჯვეს

ვფიქრობ, ახლა არის ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში საკუთარი ავტორიტეტი შეინარჩუნოს. პირველ რიგში, ცხადია, უნდა გადადგეს ქალბატონი ნათია თურნავა, რაც დაადასტურებს, რომ სები-ს წიაღში ჯანსაღმა ძალებმა გაიმარჯვეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან გადაცემაში,მათ შორის ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომ ისინი, ვინც ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“. ჩეჩელაშვილის შეფასებით, ფარცხალაძე გახდა „ძალიან ტოქსიკური პიროვნება“, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა, ვინც მას იცავს, საკუთარ თავს საფრთხის ქვეშ აყენებს.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა გამოავლინოს შეცდომები საკუთარ სისტემაში, თუ რა თქმა უნდა, საკუთარი რეპუტაციის გამყარება უნდა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ზოგადად და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კონტექსტში. ახლა, ზუსტად ეს უნდა იყოს სერიოზული მოკვლევისა და გამოძიების საგანი იმისთვის, რომ ჩვენ პარტნიორებს დავუდასტუროთ, საქართველო არის თანმიმდევრული, ანტიპუტინისტური და პროუკრაინული კოალიციის წევრი და აქედან გამომდინარე, თუნდაც „რამშტაინს“ ჯგუფში ჩვენი მოქმედებებიდან გამომდინარე ჩვენ ყველა იმ სანქციას, საუბარია ფინანსურ სანქციებზე, რომელსაც იმთავითვე მკაცრად ვიცავდით, ვიცავთ და ასე გავაგრძელებთ.

ბატონი ოთარ ფარცხალაძე გახდა ძალიან ტოქსიკური პიროვნება, ანუ ახლა, ვინც მას იცავს, შესაბამისად საკუთარ თავს საფრთხის ქვეშ აყენებს. რაც შეეხება სებ-ის გადაწყვეტილებას, მინდა მარტივად ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, ანუ ჩვენი ორი უმთავრესი ბანკი „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ წარმოდგენილები არიან ლონდონის ბირჟაზე, იქ ხდება მათი აქციების ვაჭრობა, რაც ჩვენი საბანკო სისტემის უდიდესი მიღწევაა და ამით ყველა ძალიან ვამაყობთ, მაგრამ თუ ეროვნული ბანკი ამ ორ უმსხვილეს ბანკს აიძულებდა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციები არ განეხორციელებინა, აუცილებლად იმოქმედებდა მათ ავტორიტეტზე ლონდონის ბირჟაზე. შესაბამისად, მათი აქციების მიმზიდველობა შემცირდებოდა, მათი ფინანსური მდგრადობა აღარ იქნებოდა ისეთი ხარისხის, როგორიც საჭიროა და და საბოლოო ჯამში, ეს იმოქმედებდა ნებისმიერ ადამიანზე, ვინც არის ამ ბანკებთან დაკავშირებული. ამ ბანკებთან კი სრულიად აქართველოს მოსახლეობაა დაკავშირებული“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება ამერიკის პასუხს სები-ის გადაწყვეტილებაზე, ჩეჩელაშვილის თქმით, ეს მხოლოდ ამერიკის პასუხი არ არის,მათ შორის ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პასუხიც, სადაც ამერიკელებს, ბუნებრივია, უპირატესი სიტყვა აქვთ და მათ სიტყვას კი, დიდი წონა.

„ამიტომ, ეს არის ძალიან სახიფათო თამაში. ვფიქრობ, ახლა არის ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში საკუთარი ავტორიტეტი შეინარჩუნოს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ქალბატონი ნათია თურნავას გადადგომა, რაც დაადასტურებს იმას, რომ სები-ს წიაღში ჯანსაღმა ძალებმა გაიმარჯვეს. ასეთი იქ საკმაოდ ბევრია, რამდენიმე ადამიანის თანამდებობიდან გადადგომამ ჩვენ ეს დაგვიდასტურა. შესაბამისად,ეს კიდევ უფრო უკეთესად დაადასტურებს იმას, რომ ინსტიტუტი ძლიერია და მას ძალუძს გადალახოს პრობლემები“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო