მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართა

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

„მინისტრმა მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ, მათ შორის, მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე. დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად ასევე სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებზე, მიროსლავ იენჩამ და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ივანა ჟივკოვიჩმა. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლიმ, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ჩერნიშოვამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, შტეფან სირბუმ.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ სამ ნომინაციაში: „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ და „საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი“ გამარჯვებული ახალგაზრდები - მილენა აჟიბა, ნინო პაპავა, დაურ ბუავა და ნინო რიგვავა დააჯილდოვა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა „საუკეთესო სამშვიდობო იდეის“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის მხარდაჭერის ინიციატივა გამოხატა, ხოლო ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

„შეიძლება ითქვას, ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ახალგაზრდებთან ერთად, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ერთად მივაწვდინოთ ჩვენი სამშვიდობო გზავნილი საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ აფხაზ და ოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ მშვიდობის უპირატესი ფასეულობა, მისი განუსაზღვრელი მნიშვნელობა როგორც უსაფრთხო და სტაბილური, ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს განვითარებისთვის, ასევე ჩვენი ხალხის შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანებისთვის. დღეს, ჩვენ გამოვავლინეთ, სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების წახალისებისა და ჩართულობის მხარდასაჭერად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული მშვიდობის ჯილდოს გამარჯვებულები სამ ნომინაციაში. წელს პირველად, ჯილდოს არეალის გაფართოებით, ახალგაზრდების უფრო ფართო წრეს მიეცა შესაძლებლობა არა მხოლოდ უკვე განხორციელებული საქმიანობით, არამედ ახალი ხედვით წარმოდგენილი საუკეთესო სამშვიდობო იდეით, თუ აკადემიური საქმიანობით ჩამოყალიბებული საუკეთესო სამშვიდობო გზავნილით წვლილი შეიტანონ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებასა და ნდობის აღდგენაში. დარწმუნებული ვარ, რომ ომი და დაპირისპირება არ არის ახალგაზრდა თაობის არჩევანი, იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ახალგაზრდა თაობას, ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრების ჩათვლით, რომელთათვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია უკეთესი მომავლის პერსპექტივების შექმნა, მშვიდობის განმტკიცება და შერიგება - ნაცვლად შუღლისა, გაუცხოებისა და ოკუპაციისა, სწორედ ამიტომ, აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს გამარჯვებულთა შორის გვყავს აფხაზი ახალგაზრდებიც, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად თანაბრად აქტიურად არიან ჩართული მშვიდობის მშენებლობის პროცესში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაწესებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2021 წელს და ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?