ფიქრია ჩიხრაძე - ქვეყანაში, უსაფრთხოების სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები არ ასრულებენ სახელმწიფოებრივ ფუნქციას - ისინი დაქვემდებარებულები არიან ერთი კაცის ინტერესებს

ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე ზღაპრებს არაფერი მოჰყოლია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ამბავი ცოტა გვიანი პერიოდისთვის ჰქონდათ შემონახული, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ჩიხრაძემ სუს-ის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, არასერიოზულზე არასერიოზული, უპრიმიტიულესი ტყუილია, რომ გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს.

„ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე ძალიან ბევრჯერ მოგვიყვნენ ზღაპრებს და ამ ზღაპრებს არაფერი მოჰყოლია, ადამიანებიც კი არ არიან დაკავებულები წინა შემთხვევებში. ამბავს კი არ უნდა მიყვებოდეს სუს-ი, რომ გადატრიალების სცენარია, მტკიცებულებები უნდა დადოს, უნდა დაიჭიროს შესაბამისი ადამიანები, საქმე აღძრას, საზოგადოებას ნათლად უნდა უთხრან, რასთან გვაქვს საქმე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ამბავი, ცოტა გვიანი პერიოდისთვის ჰქონდათ შემონახული. არ გამოვრიცხავ, რომ სუს-ის აგენტების, ვიღაც ტვინგაცხელებულის ჩანაწერებს მოამზადებდნენ, ფაბრიკაციას გააკეთებდნენ. მოუმზადებელი იყო სუს-ის წარმომადგენელი, გამოვიდა და მოგვიყვა „როგორ მზადდება სახელმწიფო გადატრიალება, ვინ ვის კარავში უნდა შევარდეს, რა უნდა ჩაიდინოს, ამას უნდა მოჰყვეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და კარგად ბრძანდებოდეთო“. ეს არის არასერიოზულზე არასერიოზული, უპრიმიტიულესი ტყუილი, რომელიც უნდათ, რომ შეაჩოჩონ საზოგადოებას. „ქართულ ოცნება“ აუცილებლად შეიცვლება, ერთადერთი, ვინც შეიძლება განახორციელოს ძალადობა, არის თავად „ქართული ოცნება“,- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორც ჩიხრაძემ განმარტა, იყო დრო, როდესაც ძალოვანი უწყების მეთაურები პრემიერ-მინისტრებს „ქართული ოცნების“ პირობებში არ ემორჩილებოდნენ,

„სამწუხარო რეალობაა, რომ ამ ქვეყანაში, უსაფრთხოების სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები არ ასრულებენ სახელმწიფოებრივ ფუნქციას. ისინი დაქვემდებარებულები არიან ერთი კაცის ინტერესებს. არ ვიცი, გომელაურსა და ღარიბაშვილს შორის როგორი ურთიერთობაა, ან ლილუაშვილს შორის, მაგრამ იყო დრო, როდესაც ძალოვანი უწყების მეთაურები პრემიერ-მინისტრებს „ქართული ოცნების“ პირობებში არ ემორჩილებოდნენ, ანგარიშს არ აბარებდნენ, ისინი ანგარიშვალდებულები იყვნენ ივანიშვილთან“,- აღნიშნა ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო