ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ კონკურსში, მეორე ეტაპზე გადასული 2 კომპანიიდან ერთი  შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას.

“საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი, 4 პრეტენდენტისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისა და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა 2-მა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენის ეტაპი, ვერ გადავიდნენ და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთაგან შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, ამ წინადადებების ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი.

რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ ამ კონკურსში. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე, ჩვენ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და ეს პორტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს, აქედან გამომდინარეა ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და სახელმწიფოს ექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკული, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიების შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როდესაც ჩვენ ამ კონფიგურაციით დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მან კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასული კომპანიები კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ დაასახელა.

„რაც შეეხება კომპანიების კონკრეტულ დასახელებას კომპანიებთან კონფიდენციალურობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო დირექტივებიდან გამომდინარე, კონკურსის პირობების მიხედვით, ჩვენ კონკრეტულ დასახელებებს საჯაროდ ვერ განვაცხადებთ კონკურსის დასრულებამდე, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს კონკურსს. ჩვენ დაველოდებით კონკურსის დასრულებას, რომელიც მალე იქნება, როგორც არის გათვალისწინებული კონკურსს პირობების შესაბამისად და შემდგომში კერძო და საჯარო თანამშრომლობის სააგენტო ამ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი