გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - რისი ამშენებლები ხართ, სამტრედიის ხიდი ვერ აგიშენებიათ ბიჭო! - ერთ რამეში ხართ პირველ ადგილზე მთელ მსოფლიოში, თუ იცით რაში? – „ტროლების“ რაოდენობაში

ბატონო ლევან, შემთხვევით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომანქანით ხომ არ მოსულხართ პარლამენტში? 2016 წელს გაიცა ეს პირობა, - ამ სიტყვებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მას ანაკლიის პორტის საკითხზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.

რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტს, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან რუსული დავალების განხორციელება დაიწყო, რომ საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენებულიყო.

„მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას აქვს, არის ის, თუ რა მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის 11 წლის თავზე? 3 რამ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა - დემოგრაფიული კატასტროფა, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან მასირებული განდევნა და მათი ადგილების რუსების მიერ დაკავება. ასევე, რუსი ჯაშუშების დიდი ქსელი, რომელიც ფარცხალაძით არც იწყება და არც მთავრდება.

მე მაინტერესებს, თქვენ ვისთვის საქმიანობთ, აი, რას აკეთებთ ეკონომიკაში ისეთს, რა უბედურებას ატრიალებთ ამ ქვეყანაში - ხალხი გარბის, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ. სწორედ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად, უმუშევრობის, ეკონომიკის პრობლემების მოსაგვარებლად, 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით დაიგეგმა ანაკლია-ლაზიკის პროექტის განხორციელება, მე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელსაც ამ პროექტის კონცეფციის შემუშავება დაევალა. ანაკლიის პროექტით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, საქართველოში პირველი ქართული ღრმაწყლოვანი ეროვნული პორტი უნდა აშენებულიყო, ის საწარმოო ჰაბისგან შედგებოდა, რადგან მხოლოდ პორტი არ იყო საკმარისი.

რას ვხედავთ დღეს? 11 წლის მერე რა გააკეთეთ? ყოველ წელს, გამოდიხართ, იძახით, ანაკლიას დავიწყებთო, რატომ არაფერი დაიწყეთ ამდენი ხანი? ბულვარიც კი, რომელიც ანაკლიაში იყო გაკეთებული, ფაქტობრივად მტვერს და ბალახს მიაქვს, ჩადით ერთხელ მაინც, აქ ბევრს რომ ლაპარაკობთ და ადგილზე მაინც ნახეთ, რა უბედურება ტრიალებს ანაკლიაში, რა მდგომარეობაშია ხალხი. მე გეტყვით, თქვენ რა გააკეთეთ, პირველივე დღიდან, როცა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლებაში მოხვედით, რუსული დავალების განხორციელება დაიწყეთ, რომ საქართველოში არ აშენებულიყო ღრმაწყლოვანი ეროვნული პორტი, რომელიც რუსული პორტების კონკურენტი იქნებოდა, დღემდე ეს წითელი ბეჭედი ადევს ანაკლიას, ყველაფერი „ბლეფია“. რა ჩინელები ხალხნო, რა 20 მილიონი? 20 მილიონი რას უზამს ანაკლიის პორტს? არაფერს უზამს, რა პორტის მშენებლობა, ეს ისეთივე „ბლეფია“, როგორც იყო 2017 წელს. გამოხვედით და თქვით, ჩვენ ავაშენებთ ანაკლიის პორტსო, ისეთივე „ბლეფია“, როგორც იყო 2018-ში, 2019-ში, 2020-ში, 2021-ში, 2022-ში და ახლა 2023-ში. რატომ? იმიტომ, რომ შეატყუოთ ისევ ხალხს, რომ ვითომ რაღაცას გააკეთებთ. ანაკლიის პორტის მშენებლობა „ბლეფია“. სად არის ბათუმში ეს დიდი ფინანსური მეგაჰაბი რომ უნდა აგეშენებინათ?

დემოგრაფიული გადარჩენის ფონდი - „ბლეფი“ ნომერი ორი, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს, რომელიც თქვენი მამამარჩენლის, ივანიშვილის მიერ გქონდათ დაფუძნებული. ეს არის დემოგრაფიული გადარჩენა? დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა ქვეყანა.

წყალტუბო - ხომ უნდა აგეყვავებინათ? დიდი პროექტები დავიწყეთ წყალტუბოშიო, სად არის განვითარებული წყალტუბო? ისევ ისეა ჩამონგრეული ის სასტუმრო, ინფრასტრუქტურა, რომელიც იქ იყო. ელექტრომანქანების ქარხანა ქუთაისში - კალაძე, თქვენი ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, ჩავიდა, გახსნა. ბატონო ლევან [დავითაშვილი], შემთხვევით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომანქანით ხომ არ მოსულხართ პარლამენტში? 2016 წელს გაიცა ეს პირობა. ერთ რამეში ხართ პირველ ადგილზე, მთელ მსოფლიოში, თუ იცით რაში? ტროლების რაოდენობაში მოსახლეობის რიცხოვნობასთან. მთელ მსოფლიოში მთელმა „ქართულმა ოცნებამ“ რეკორდი მოხსენით და ტროლ-ბოტები არის ყველაზე მეტი მოსახლეობის რიცხოვნობასთან მიმართებაში. ყველაფერი არის სიყალბე, რასაც თქვენ თავს უქმნით ილუზიას, არის ყალბი, აცდენილი ხართ იმ რეალობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ. ან რისი ამშენებლები ხართ, სამტრედიის ხიდი ვერ აგიშენებიათ ბიჭო, ამდენი წელი გავიდა, მე-8 ნაწილი ინგრევაო და მე-7 ჩაგენგრათ. საზოგადოებას მივმართავ, აი, რა უნდა ააშენოს, რისი ამშენებლები არიან ეს ადამიანები?

და უფრო მძიმე, თქვენი პერსონალური დაპირება 2018 წელს, რომ საქართველოს უნდა ჰქონოდა 3 წელიწადში ადრეული შეტყობინების სისტემა სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით. 3 წელი 2012 წელს გავიდა, 2023 წელს, ამ სისტემის არარსებობამ ოჯახები და ადამიანები იმსხვერპლა. ასეთივე ტყუილია, რომ ანაკლიაში რამეს გააკეთებთ. რეალურად, დღეს, საქართველოში პირდაპირ რუსული ტიპის ოლიგარქიული რეჟიმი ჩამოყალიბდა, სადაც ელიტა ზემდიდარია, ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია. თქვენი პრემიერ-მინისტრი ჩარტერებით დაფრინავს თავის შვილთან ერთად, თქვენი თბილისის მერი, ბატონი კალაძე და მისი ოჯახის წევრები ჩარტერებით ფრენას არ იკლებენ საშოპინგოდ, რა თქმა უნდა, განცხრომაში არიან, ბედნიერები არიან, ძალიან კარგად ცხოვრობენ! ამიტომ არ გინდათ ევროკავშირი. ევროკავშირი რა არის? კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სამართლიანი სასამართლოა, კორუმპირებულების და ოლიგარქების მმართველობა კი არ არის ევროკავშირი, ხალხის მმართველობაა ევროკავშირი, ამიტომ ეწინააღმდეგებით დღენიადაგ ევროკავშირს!

ერთადერთი, რასაც ძალიან მაგრად იცავთ - რას იცავთ? ჯაშუშ ფარცხალაძეს. მოქალაქეობის შეწყვეტაზე ატყდა ამბავი, ახლა, როგორც იქნა, გადააგზავნეთ, მანამდე ქონება გადააფორმებინეთ, თქვენს კოლეგა იუსტიციის სამინისტრომ სწრაფად გაუფორმა ყველა ქონება, იქ ბანკიდან სავარაუდოდ, ფულები გაატანინეთ, ეროვნულ ბანკს სპეციალური ბრძანება მიაღებინეთ ფარცხალაძისთვის, სად არის აქ ხალხის ინტერესი? ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება, რომ ჯაშუში ფარცხალაძე გენერალურ პროკურორად გყავდათ და იმის ნაცვლად, ეს კაცი დაჭერილი იყოს, ქონებას აფორმებს, მისი დაცვა ჟურნალისტებს თავს ესხმის, თქვენ ამას ხელს აფარეთ, ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოში შექმენით. არასდროს, საქართველოში რუსულ ინტერესს არ გაუმარჯვია“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო