მედიაპროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ მშვიდობის ჯილდოს მფლობელი გახდა

მედიაპროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ მშვიდობის ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მილენა აჟიბასა და ნინო პაპავას კონკურსში გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

„აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტმა „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ ნომინაციაში გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მისი ინიციატორი სახელმწიფო მინისტრის აპარატი გახლდათ. გარდა პრემიისა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა „გოგონები აფხაზეთიდან“ მხარდაჭერის ინიციატივა გამოხატეს, ხოლო ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.

მედიაპროექტს „გოგონები აფხაზეთიდან“ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი მიმდინარე წლის თებერვლიდან ახორციელებს. ვლოგებში ნაჩვენებია ეთნიკური აფხაზი მილენა აჟიბასა და ქართველი ნინო პაპავას მეგობრობა და მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში. პროექტის ფარგლებში გოგონები ებრძვიან დეზინფორმაციას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვრცელდება, ამასთან აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება სამხედრო კონფლიქტის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონები.

მომავალი წლიდან მედიაპროექტის ფარგლებში აფხაზეთში იგეგმება გავრცელებული ცრუ ინფორმაციების საპირისპირო ვიდეოების ჩაწერა, სიუჟეტების გადაღება პროგრამებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ახორციელებს.

„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაწესებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2021 წელს და ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას, ან ახალგაზრდების ჯგუფის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.

წელს მშვიდობის ჯილდო სამ ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ და „საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი“ გაიცა. საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობისთვის პრემია დაურ ბუავამ ხოლო სამშვიდობო გზავნილისთვის ნინო რიგავამ მიიღეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო