საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა სამეცნიერო-შემეცნებით ღონისძიებაში - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“, მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა სამეცნიერო-შემეცნებით ღონისძიებაში „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიება „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“, მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საზოგადოების წინაშე წარადგინეს შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,

ECP/GR - ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერირებული პროგრამის - ,,სამკურნალო და არომატულ მცენარეთა გენეტიკური რესურსი“ - კოორდინატორი საქართველოში, საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა - ,,სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია“, ხელმძღვანელი თამარ კაჭარავა აცხადებს სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის მიერ სამეცნიერო-შემეცნებით ღონისძიებაზე წარდგენილმა სამეცნიერო ნიმუშებმა და პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო-შემეცნებით ღონისძიებაში ღირსეულად წარსდგა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოწონება დაიმსახურა არა მხოლოდ პრეზენტაციამ და სამეცნიერო ნიმუშებმა, უნივერსიტეტის მიერ გამოცემულმა სამეცნიერო ლიტერატურამ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი იყო მოზარდთა შორის ინტერესი. უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავლისმომცველი ღონისძიება და კონფერენცია. კონფერენციაზე ჩვენმა უნივერსიტეტმა წარადგინა რამდენიმე თემა. ძალიან საინტერესო იყო პროფესორების ევტიხი მაჭავარიანის და ნოდარ ბეგალიშვილის თემები. პირადად მე, ჩემს ყოფილ დოქტორანტ ლიანა ქოიავასთან ერთად, რომელიც ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომელია, კონფერენციაზე წარვადგინე თემა - კენკროვანი კულტურების ბიომრავალფეროვნება, ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევები და მდგრადი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. სასიამოვნოა, რომ თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დასასრულ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სახელით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადავეცით უნიკალური გამოცემა - „ქართული ინჟინერიის ოქროს წიგნი“, - განაცხადა თამარ კაჭარავამ.

ინფორმაციისთვის: მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და სხვა ორგანიზაციები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება: „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“. სამეცნიერო კონფერენცია - “შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე”, გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ჩართულობით.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი