„ლელო საქართველოსთვის“ კატეგორიულად გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის საბოტაჟი, - ამის შესახებ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლებამ დიდი ხანია სამართლის უზენაესობის პრინციპებს ზურგი აქცია და ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე უარი თქვა.
„საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია ზურგი აქცია სამართლის უზენაესობის პრინციპებს და უარი თქვა ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, პოლიტიკური დევნის მიზნით.
„ქართული ოცნება“ იცავს რუსეთის ჯაშუშებს, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებსაც არჩევნებში იყენებს. ამავე დროს, ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას და თავისუფალ მედიას, დაუსჯელად ტოვებს მათ წინააღმდეგ ძალადობას.
„ლელო საქართველოსთვის“ კატეგორიულად გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების უკანონო დაკავებას და მოითხოვს დაუყოვნებლივ მათ გათავისუფლებას. განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მის მიერ პოლარიზაციის გაღრმავების მიზანმიმართულ მცდელობას. პარტია „ლელო“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ ძალადობრივი პოლიტიკით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის საბოტაჟი“,- ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.