ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023

გიორგი კობერიძე - “სახელმწიფო ახლა კონკრეტული ძალის საკუთრებაა. დღეს ჩვენ გავდივართ იმაზე წვრილ ბეწვის ხიდზე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია”

გლდანის ინციდენტი და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე - რას უნდა ველოდოთ არჩევნების მოახლოებასთან ერთად

პაატა ზაქარეიშვილი - “ჩვენ სხვა მეზობელი არა გვყავს, რუსეთი და თურქეთია დიდი სახელმწიფოები - ავირჩიოთ, ვისთან გვინდა”

უკრაინელებმა შეიძლება სოხუმის მშენებარე აეროპორტს დაარტყან - რამდენად რეალურია რუსული წყაროებით გავრცელებული ეს ინფორმაცია

ბესიკ ალადაშვილი - “ჩვენი კონტრდაზვერვის შემყურე, ისღა დაგვრჩენია, იმ ბედნიერ დღეს დაველოდოთ, როდის გაშიფრავენ აგენტები საკუთარ თავს”

* * *

გიორგი კობერიძე - “სახელმწიფო ახლა კონკრეტული ძალის საკუთრებაა. დღეს ჩვენ გავდივართ იმაზე წვრილ ბეწვის ხიდზე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია”

“ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში, მოსალოდნელი იყო - მოყოლებული ყარაბაღის მეორე ომიდან ილჰამ ალიევი ხშირად ამბობდა, რომ ის ელოდა სუვერენიტეტის სრულად აღდგენას და სამშვიდობო გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა შემდგარიყო 2 საკითხზე: ერთი - უშუალოდ ყარაბაღთან, მეორე კი ზანგეზურის ეკონომიკურ დერეფანთან დაკავშირებით. ამ ორივე საკითხზე მოლაპარაკება აშშ-ის ეგიდითაც გაიმართა, ევროკავშირისაც და მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. ოფიციალური ერევანი ფაქტობრივად თანახმა იყო, მაგრამ თავად ყარაბაღში იყო განსხვავებული დამოკიდებულება. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ფაშინიანის მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი და სვამდა კითხვას, ფაშინიანი ყარაბაღელ სომეხთა ინტერესებს ხომ არ ღალატობსო? ამ ყველაფერმა ჩიხური ვითარება შექმნა, ყარაბაღელ სომხებს და მის ადმინისტრაციას გამოცხადებული ჰქონდათ რუსეთის მხარდაჭერა და იმედოვნებდნენ, რომ სწორედ რუსეთი დაუდგებოდა გვერდით”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ყველაზე სწრაფი ომი მსოფლიოში ანუ დაამხობენ თუ არა ფაშინიანს?!

“აზერბაიჯანი ბოლო დროს ამბობდა, რომ სუვერენიტეტის აღსადგენად აპირებდა კრიტიკული ნაბიჯის გადადგმას, რაშიც სწორედ სამხედრო მოქმედებები იგულისხმებოდა. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ დღეს რუსეთი ძალიან დასუსტებულია - კრემლი ვერაფერს ახერხებდა ამ პროცესის შესაჩერებლად და აზერბაიჯანული ინიციატივის აღსაკვეთად. რუსეთის სისუსტეს დაემატა ისიც, რომ კრემლს არა აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ფაშინიანისადმი. რუსები შეეცადნენ ეს ვითარება როგორმე სათავისოდ გამოეყენებინათ - თუ აზერბაიჯანი მიაღწევდა წარმატებას, ეს ფაშინიანისთვის დაებრალებინათ. რუსეთმა ეს პროპაგანდა აქტიურად წარმართა, მას უწოდებდნენ “ენჯეოშნიკს”, რომელიც “ყარაბაღს `ღუპავდა” “დასავლეთის აგენტს” და ა.შ. ეს პროპაგანდა ჯერ კიდევ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, ფაშინიანი ამისთვის მზად იყო და ბოლო თვეებში აშკარად გადაიხარა დასავლეთისკენ. სომხეთი დღეს გადის ძალიან უცნაურ პოლიტიკურ ფაზას. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში განწყობები სამად არის გაყოფილი: ერთია ფაშინიანის მხარდამჭერი და პროდასავლური, მეორე - პროდასავლური, მაგრამ ფაშინიანის მოწინააღმდეგე და მესამე ასევე პრემიერის მოწინააღმდეგე, მაგრამ პრორუსული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ამჟამად ქვეყანაში ამ სამ ბანაკს შორის დაპირისპირება გრძელდება. რაც შეეხება რეგიონზე გავლენას, ეს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი მეთოდით აღდგენის პრეცედენტია. აზერბაიჯანი დღეს მყარ პოზიციაზეა, გაძლიერებულია. რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე არ გამქრალა, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტებულია. მაგალითად, თუ სომხეთში 2020 წლამდე მოსახლეობის დიდ ნაწილში პრორუსული განწყობა იყო, დღეს რეკორდულად მაღალია დასავლური კურსის მომხრეების რაოდენობა. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში ძლიერდება თურქეთის როლი და გავლენა. თუ გადავავლებთ თვალს, რას წერს აფხაზური მედია და რა განწყობები აქვთ სეპარატისტულ ძალებს სოხუმში, ვნახავთ, რომ მათ ეშინიათ იგივე არ დაემართოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სომხეთი ნამდვილად რუსეთის მძევალი იყო, დღეს კი ხელ-ფეხი გაეხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა ადვილი იქნება. ეს რომ მოახერხოს ფაშინიანმა, მას დიდი სახალხო მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია სჭირდება, რაც ამ პროცესებმა ძალიან შეურყია. სომხეთში პოლიტიკური პროცესისადმი საზოგადოდ ნიჰილისტური განწყობაა - აზერბაიჯანული სამხედრო ოპერაციის წინადღეს ერევანში გამართულ მერის არჩევნებზე ამომრჩევლის მხოლოდ 28% მივიდა, რაც წარმოუდგენლად მცირე მაჩვენებელია. ეს მიუთითებს, რომ ხალხი პოლიტიკოსებს არ ენდობა. აქედან გამომდინარე, თუ ფაშინიანმა მაინც შეძლო მასშტაბური მხარდაჭერის მოპოვება და ანტირუსული განწყობის გაძლიერება, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიაღწევს წარმატებას და სომხეთის პროდასავლური კურსი უფრო მკაფიო გახდება. პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესებმა თვითონ ფაშინიანი ძალზე დააზარალა, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთი კვლავაც შეეცდება მის შეცვლას. მე არ გამოვრიცხავ გადატრიალების მცდელობასაც. სომეხ საზოგადოებას საღი აზრი თუ არ უღალატებს, მიხვდება, რომ ფაშინიანის წასვლა გამოიწვევს ისევე პრორუსული ძალების მოსვლას, რაც ქვეყანას უფრო დააზარალებს”, - დაასკვნის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის სკანდალს, დავიწყოთ იმით, რომ სანქცირების ეს ფაქტი კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ ევროპასა და ამერიკაში კარგად იციან რაც ხდება საქართველოში. რთულია ვინმე მოატყუოს ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ იმის ლაპარაკით, რომ პროდასავლური კურსი აქვს. შეგახსენებთ, ფარცხალაძეს საქართველოში რუსული გავლენების გავრცელების გამო დაუწესდა სანქციები. მეორე მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება იმასაც აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთბაშად არ წაურთმევიათ შანსი. ხომ შეიძლება ეთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს პრორუსულ კურსს და მისი მაღალჩინოსნები დაესანქცირებინათ? ეს უკიდურესი ნაბიჯია და რადგან ჯერ არ გადაუდგამთ, როგორც ჩანს, აშშ-სა და ევროპაშიც ჯერ არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ეს ხელისუფლება სრულად ანტიდასავლურია. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება. ამ სანქციების წინააღმდეგ წასვლა, ჩემი აზრით, არარაციონალური, პანიკაში მყოფი ძალის სინდრომია, რაც აზარალებს არა მარტო თავად ხელისუფლებას, არამედ უპირველესად აზარალებს ქვეყანას”, - ამტკიცებს ჯიპას პროფესორი.

“ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო ახლა კონკრეტული ძალის საკუთრებაა. დღეს ჩვენ გავდივართ იმაზე წვრილ ბეწვის ხიდზე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მოტივს, ერთი მხრივ, ხელისუფლებაში შიშობენ, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში მათაც დაუწესდეთ სანქციები და ცდილობენ როგორმე დაიზღვიონ თავი საქართველოს მოქალაქის უფლებებზე აპელირებით. მეორე მხრივ, ამის მთავარი მიზეზი მაინც ის მგონია, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულ დამნაშავეებს, შავი საქმეების შემსრულებლებს მიანიშნებენ, არაფრის შეგეშინდეთ, მთავარია, ერთგულად გვემსახუროთ და ჩვენ დაგიფარავთო. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები პოლიტიზებულია. ისე, ოპოზიციიდან ვინმესთვის რომ დაეწესებინათ სანქციები, მაშინ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის უფლებები ხომ საერთოდ არ გაახსენდებოდა”, - მიიიჩნევს გიორგი კობერიძე.

“ეროვნული ბანკიდან მაღალი თანამდებობის პირების დემონსტრაციული წასვლა მიანიშნებს, რომ იქაც გაჩნდა გააზრებული პროტესტი. ხელისუფლებას ეშინია, რომ სისტემამ შეიძლება რღვევა დაიწყოს. “ქართულ ოცნებაში~“ ყოველთვის არასტაბილური იყო ვითარება, ის ფასეულობების გარშემო გაერთიანებული პარტია არასდროს ყოფილა. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება, მოქმედებენ მხოლოდ აქედან გამომდინარე, და აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც, მათი აზრით, ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაში დაეხმარება... ჩემი აზრით, პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ფარცხალაძეზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაუტოვა. ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, ფარცხალაძეს ადანაშაულებენ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში რუსეთის სასარგებლოდ. შესაბამისად, დამტკიცების შემთხვევაში პასუხიც საქართველომ უნდა აგებინოს. მას სანქცია იმიტომ არ მიუღია, რომ რუსეთს რამე აწყენინა. საქართველოს ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ მოუხსნიდა ფარცხალაძეს მოქალაქეობას და ამ გზით სანქციების აღსრულების საკითხსაც ადვილად მოაგვარებდა, მაგრამ პრეზიდენტმა აშკარად აურია გეგმა. ახლა მათ ხელშია ბურთი და მოედანი”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ეს არის ერთგვარი წყალგამყოფი - თუ საქართველოს ხელისუფლება სანქციებს არ დაემორჩილება და მაინც შეეცდება ფარცხალაძისთვის ხელის დაფარებას, ეს იქნება საბოლოო ნიშანი იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დასავლურ კურსს ზურგი აქცია. თუ ოდნავი რაციონალიზმი მაინც შერჩა ამ ხელისუფლებას, წესით, ეს არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს დააზარალებს არა მარტო გარეთ ურთიერთობებს, არამედ თავად ქვეყანას, რადგან ჩვენი საზოგადოებისთვის აუხსნელია, რატომ ზრუნავს ხელისუფლება არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილ ფარცხალაძეზე ასე”, - ამბობს ჯიპას პროფესორი და შეკითხვაზე - “სუს-მა უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ საქართველოში არეულობა იგეგმება. თუ სააკაშვილის დაკავებამდე ამის სულისჩამდგმელად მას ასახელებდნენ, დღეს უკვე სხვა ფიგურანტები გამოჩნდნენ, მათ შორის უკრაინაში მყოფი ქართველები” - პასუხობს:

“ეს ყველაფერი ცრუს ძახილს ჰგავს, მგელი, მგელიო, ტყუილად რომ იძახა და ბოლოს, როცა ნამდვილად მოვიდა, აღარავინ დაუჯერა. მართალი ბრძანდებით, მსგავსი განცხადება არაერთხელ გაკეთებულა, საქმეებიც კი აღუძრავთ, მაგრამ მე დაკავებული და დასჯილი არავინ მინახავს. ამიტომაც დღეს ამის აღარავის სჯერა, რადგან აქამდე ყველა განცხადება პოლიტიკური ინტერესით იყო ნაკარნახევი. ამაზე ხალხში მხოლოდ იცინიან. შეთქმულებაზე რომ ლაპარაკობენ, სად არის დამამტკიცებელი დოკუმენტები? დავიღალეთ. არც მათ არგიათ ეს პროცესი და ქვეყანასაც აზიანებს, რადგან ხალხს ყურადღებასა და სიფრთხილეს უჩლუნგებს”.

“არ ვიცი ზუსტად, რა მოხდა გლდანში, როგორც ცნობილია, დააკავეს რამდენიმე პირი და იმედია, დროულად გაარკვევენ სიმართლეს და დამნაშავეებს დასჯიან... ნორმალურ სახელმწიფოში პოლიტიკური კლასი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემი, ის კი ქაოსის, ძალადობისა და არეულობის მაგალითს აჩვენებს. ან რა ლექსიკა აქვთ, ან როგორ იქცევიან... ამას უყურებენ ქვეყნის გარეთაც და ეს დადებითად ნამდვილად ვერ აისახება ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. მართალს ბრძანებთ, საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის, მთელი წინასაარჩევნო პერიოდიც საარჩევნო პროცესია და უფრო გამძაფრდება. ყველა დაუფიქრდეს საკუთარ საქციელს. ერთადერთი, ვისაც აწყობს დასუსტებული და ქაოსში მყოფი საქართველო, რუსეთია. რუსეთის სპეცსამსახურები სხვადასხვა სახელმწიფოზე ინდივიდუალურად მუშაობენ. თუ დაინახავენ, რომ საქართველოში დაპირისპირებაა, ამის გასაღრმავებლად ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებენ. ამიტომაც არის ძალიან საშიში ეს პროცესები. უბედურებაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას რაციონალური აზროვნების უნარი ნაკლებად შესწევს და მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზეა ორიენტირებული”, - დასძენს გიორგი კობერიძე.

გლდანის ინციდენტი და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე - რას უნდა ველოდოთ არჩევნების მოახლოებასთან ერთად

“რეალურად არსებობს თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე - ეს საკითხი პარასკევს ღამით გლდანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შორის მსგავსი ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება, მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციებიც, თუმცა ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ დესტაბილიზაციის იმიტაცია იქნება. 22 სექტემბერს გლდანში თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე მოხდა თავდასხმა. დაზარალებული დეპუტატი იხსენებს, რომ მას და მის მეგობრებს, პოლიტიკური შეხედულებების გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით უკვე შემთხვევის ადგილზე მისულ ენმ-ის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის მოხდა დაპირისპირება, რის შედეგადაც დააპატიმრეს “ნაცმოძრაობის” სამი წევრი - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გლდანის ინციდენტი და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე - რას უნდა ველოდოთ არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

“შაბათს პოლიციამ ეძგვერაძეზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა. კვირას კი ადმინისტრაციული წესით დაკავებული ენმ-ის წარმომადგენლები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო 23 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, გლდანის ინციდენტი პარასკევს დედაქალაქის საკრებულიში მომხდარი დაპირისპირების ერთგვარი გაგრძელება იყო. 22 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე, დაპირისპირება “ოცნების” წარმომადგენელ კონსტანტინე ზარნაძის განცხადებას მოჰყვა. მან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ავტომობილით გადაადგილების დროს მას ახალგაზრდები აგინებდნენ, მის მანქანას კი შეურაცხმყოფელი სიტყვების შემცველი სტიკერები მიაკრეს. ეს ფაქტი უარყვეს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა. ზარნაძესა და ეძგვერაძეს შორის კი შეხლა-შემოხლაც მოხდა. საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხი გახდა. ოპოზიცია უმრავლესობას ყოფილი გენერალური პროკურორის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებდა. “ოცნების” წევრები კი, ოპონენტებს დანაშაულებრივ წარსულს ახსენებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. მოგვიანებით ეძგვერაძემ მასზე თავდასხმის დამკვეთებად სწორედ კოტე ზარნაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაასახელა. ეძგვერაძე თავდასხმას დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ 40-მდე პირი მის ავტოფარეხში შეცვივდნენ, სადაც რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა და უთხრეს, რომ არ უნდა გაჩერდეს საკრებულოში. ეძგვერაძე ასევე იხსენებს 2020 წლის არჩევნების პერიოდსაც და ამბობს, რომ იგივე ადამიანები მას საარჩევნო შტაბში იარაღებით მიუვარდნენ - ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან შუკაკიძე და მისი ძმა, ასევე მათი სამეგობრო. კოტე ზარნაძე კი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვისაც ეძგვერაძე თავდამსხმელებად ასახელებს, თავად ეძგვერაძის ბავშვობის მეგობრები არიან და ის საერთოდ არაფერ შუაშია. ზარნაძის თქმით, ეძგვერაძეს თავისივე მეგობრებთან აქვს პრობლემა, რომელთა შორის ერთ-ერთი მისი ნათლიმირონიც კი არის და მას ამ კონფლიქტთან არაფერი აკავშირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ გლდანში ვითარები კიდევ ერთხელ მაშინ დაიძაბა, როდესაც ადგილზე ენმ-ის წარმომადგენლები მივიდნენ. შსს-ს განცხადებით კი, დეპუტატის ცემაში ეჭვმიტანილი ექვსი მოძალადე დაკავებულია. მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლევან შუკაკიძის ძმა გუჯა შუკაკიძე. ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე ფიქრობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია უფრო დაიძაბება და ჩვენი პოლიტიკური გარემო უფრო რადიკალური გახდება. პოლარიზაციის ხარისხის მომატებას კი, მისი აზრით, ხელს უწყობენ როგორც ხელისუფლება, ასევე “ნაციონალები”, რადგან ეს ორივეს აწყობს. კონფლიქტოლოგ და კავკასიოლოგ მამუკა არეშიძის შეფასებით, საქართველოში გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაზე მუშაობენ. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ეს შესაძლოა არ მოხდეს პირდაპირ დაპირისპირება იარაღის გამოყენებით, მაგრამ გარკვეული პროვოკაციები რომ იგეგმება ეს ფაქტია და სუს-ი ამაზე საუბრობდა”, - დასძენს გამოცემა.

“2024 წლამდე სწორედ მსგავს პოლიტიკურ ტურბულენტობაში ვიქნებით - ხან “ოცნება” სცემს და ხან - “ნაცები”. ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა, რომელიც გასაკვირი არ არის. ორივე მათგანს ეს აწყობს, რადგან ამით ერთმანეთს ეხმარებიან. მათ ინტერესებში შედის პოლიტიკური გარემო იყოს პოლარიზებული, რადიკალური და ამომრჩეველი მხოლოდ მათ გარშემო ტრიალებდეს. სწორედ ეს ხდება ისევ, რასაც წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ. მე არ მგონია, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება. არც იმას ველი, რომ თუნდაც ფარცხალაძის თემასთან დაკავშირებით, ან კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვა. ოპოზიცია ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის, როცა ემოციას ასეთ თემებზე ხარჯავს და არასწორად, ფუჭად ანაწილებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გავიგე, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შექმნან და ა.შ., მაგრამ ფარცხალაძის თემაზე ხალხის ქუჩაში მასობრივ გამოსვლას რატომ უნდა ელოდო? ხომ ნათელია, რომ ამის გამო ხალხი არ გამოვა. თუ “ოცნებამ” ისევ რაიმე კატასტროფა შეცდომა არ დაუშვა, არ ველი, რომ მასობრივი გამოსვლები და აქციები იქნება. ასეთი ჯგუფური დაპირისპირება და საქმის გარჩევები კი, ბატონო, მაგრამ ილუზიაა იმის მოლოდინი, რომ თუ სტატუსზე უარი გვითხრეს, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება, ან მასობრივი აქციები იქნება. ბევრი მიზეზის გამო ეს არ მოხდება. ერთია, რომ ხალხს ომისა და არეულობის შიში აქვს და მეორეა, რომ ამ ოპოზიციას არ ენდობიან”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ფაქტი, რომ გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისთვის ემზადებიან. ამაზე არის გარკვეული ინფორმაცია და ამის ნიშნებიც სახეზეა - ვნახეთ ფარცხალაძის თემით დაწყებული და ახლა ამ დაპირისპირებით გაგრძელებული. შესაძლოა ეს არ იყოს იარაღის სროლა და ა.შ., თუმცა ასეთ პროვოკაციები ნამდვილად მოსალოდნელია. ჩვენ ვნახეთ სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ქვეყანაში არეულობის მზადებაზე იყო საუბარი. ამიტომ ძალიან საშიშ და ფეთქებად სიტუაციაში ვიმყოფებით. ეს არის გარკვეული სცენარის ნაწილი, სადაც რეგიონის აფეთქებაზეა საუბარი. ამიტომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ნამდვილად არსებობს და რაც უფრო ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მიღების დრო, მით უმეტეს არჩევნები, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. იქნება ასეთი სახის პროვოკაციის მოწყობის მცდელობები. მე ვიცი, რომ 20-მდე ახალგაზრდა ქალაქ ლვოვში ჰყავდათ ჩაყვანილი, სადაც ტრენინგებს გადიოდნენ, თუ როგორ უნდა მართონ მასობრივი აქციები. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტიპის ჯგუფები ამ საქმისთვის ემზადებიან და მათ მიზანს ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს. კიდევ ვიმეორებ - მე არ ვამბობ, რომ იარაღი იქნება გამოყენებული, თუმცა სიტუაციის პროვოცირების მოლოდინი მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

პაატა ზაქარეიშვილი - “ჩვენ სხვა მეზობელი არა გვყავს, რუსეთი და თურქეთია დიდი სახელმწიფოები - ავირჩიოთ, ვისთან გვინდა”

“აშკარა იყო, რომ აზერბაიჯანი საბოლოო შეტევისთვის ემზადებოდა და ექსპერტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანი აღადგენდა თავის ძალაუფლებას. აშკარა იყო ისიც, რომ რუსეთი ხელს არ უშლიდა აზერბაიჯანს. ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა სახელმწიფოები პრობლემას სამხედრო ძალით წყვეტენ, თუმცა ყოფილა მშვიდობიანად მოგვარების ფაქტებიც. კავკასიაში ამჟამად ახალი რეალობაა: სუსტდება რუსეთი, ძლიერდება ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთი, რომელიც პრაქტიკულად უსაფრთხოების გარანტად დაუდგა აზერბაიჯანს. საქართველოსაც შეუძლია გამოიყენოს თურქეთი, მით უმეტეს, უკვე აშკარაა, რომ თურქეთი აღმოსავლური დიპლომატიით, ღიმილით ცდილობს გაისტუმროს რუსეთი რეგიონიდან. დიდი განსხვავებაა დასავლურ და აღმოსავლურ დიპლომატიას შორის. დასავლეთში რასაც ფიქრობენ, იმას ამბობენ, აღმოსავლეთში კი რასაც ამბობენ, იმას არ ფიქრობენ...” - აცხადებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ სხვა მეზობელი არა გვყავს, რუსეთი და თურქეთია დიდი სახელმწიფოები - ავირჩიოთ, ვისთან გვინდა”.

“ბრმა და ყრუები უნდა ვიყოთ, რომ ვერ ვხედავდეთ, თურქეთის მიზანია რუსეთის შევიწროება. ერდოღანის განცხადება რუსეთის სასარგებლოდ ნიშნავს, რომ სურს მთლიანად ჩაიგდოს ხელში რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები, ამ განცხადებით გააბრუოს. თურქეთი და ჩინეთი რუსეთს თითქოს ჰიპნოზს უკეთებენ. ჩვენც ისევე როგორც აზერბაიჯანმა მოაწერა ხელი უსაფრთხოების დოკუმენტებს, ასევე უნდა მოვაწეროთ - რუსეთს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ უკან თურქეთია. უნდა გაიყვანოს რუსეთმა მისი ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად ჯარები საქართველოდან. უნდა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო არ დაუშვებს ძალისმიერი მეთოდებით აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარებას. უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის ყოფნა საქართველოში, რომელიც ჩვენთან უკვე არის სადამკვირვებლო მისიით, მაგრამ უნდა ვთხოვოთ გააძლიეროს, შექმნას სამშვიდობო ძალები - ამით აფხაზებსა და ოსებს შევუქმნით იმის გარანტიას, რომ არ ვაპირებთ ომს” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ახალი რეალობა უნდა შევქმნათ - არა ისეთი, როგორიც აზერბაიჯანმა, არამედ ევროპული რეალობა. თუ მართლა შევდივართ ევროკავშირში და არ ფარისევლობს “ქართული ოცნება”, ეს მშვენიერი შანსია გავაძლიეროთ ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტების მოგვარებაში, აფხაზებსა და ოსებს ვუთხრათ, რომ რუსები გადიან და ჩვენთან ერთად უნდა იყოთ ევროკავშირში, უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზებსა და ოსებთან ერთიან საქართველოში ცხოვრებაზე. რუსეთი უკრაინაში მარცხდება, კავკასიაშიც სუსტდება მისი გავლენა, დადგება დრო, ეკონომიკური სანქციებიც იმუშავებს და რუსეთს მოსთხოვენ პასუხს. მთავარი მოთხოვნა იქნება ჯარების გაყვანა ყირიმიდან, დონბასიდან, კავკასიიდან, მოლდოვიდან. ამ დროს საქართველოს მართებს პრინციპულობა - მან უნდა თქვას, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 5-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი, რომ მან უნდა გაიყვანოს ჯარები. რა თქმა უნდა, აფხაზეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მსოფლიოში ახალი რეალობაა. თავის დროზე ხომ გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან, გერმანიიდან, აღმოსავლეთი ევროპიდან? გაიყვანა იმიტომ, რომ მოსთხოვეს გაყვანა. ახლაც ასეთივე პერიოდი დადგა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“მხოლოდ “ქართული ოცნება” ვერ ხედავს, რომ რეგიონში ახალი რეალობაა, რომელიც ძალზე გააძლიერა თურქეთის ფაქტორმა. ნატოს წევრი თურქეთი 100 წლის შემდეგ ბრუნდება რეგიონში, საიდანაც 1921 წელს გავიდა. ის დაბრუნდა აზერბაიჯანის საშუალებით, თანაც ნატოს წევრი სახელმწიფოა, უფრო დემოკრატიულიც, ვიდრე რუსეთი. ბევრი პლუსი აქვს თურქეთს. ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც პრინციპულად და კატეგორიულად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არა ლაპარაკით, არამედ დოკუმენტზე ხელმოწერით. არასდროს ჩარეულა აფხაზეთის საქმეშიც. თურქეთი იმდენად ძლიერი ფაქტორია, რუსეთს მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას. ახლა შანსი გვეძლევა, რომელიც 5 წელიწადში აღარ გვექნება, ამიტომ ახლავე უნდა გამოვიყენოთ”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “დიახ, თურქეთი ძლიერდება, მერე მისი ინტერესები ხომ გაჩნდება საქართველოში?” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი და მისი ინტერესები ერთმანეთს უნდა მოვარგოთ. კიდევ გავიმეორებ - თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ბუნებრივია, რაღაც ინტერესები ექნება. მთავარი ინტერესი დღეს აზერბაიჯანია, კასპიის ზღვა, იქით თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი - შუა აზიაში ყველა თურქულენოვანი სახელმწიფოა, გარდა ტაჯიკეთისა, საქართველო კი არის დერეფანი, ერთ-ერთი ტერიტორია, რომელთანაც უნდა ჰქონდეს კონტაქტი. რუსეთის ტერიტორიაზე 10 მილიონი თურქულენოვანი მოსახლეობაა, მაგრამ რუსეთი არ შეუშვებს თურქეთს. ამიტომ თურქეთი რუსეთიდან ვერ მოხვდება ცენტრალურ აზიაში, სამხრეთით კი ირანია, შიიტური სახელმწიფო, ჩვენ კი არც ისლამური სახელმწიფო ვართ და არც თურქულენოვანი. ჩვენ პრობლემა არ უნდა გვქონდეს თურქეთთან, მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, რათა სხვა სახელმწიფოებთან ხიდის ფუნქცია შევასრულოთ”

“ბევრი ფაქტორია, ბევრი პლუსი. რუსებზე კი ლაპარაკი ვისაც სურს, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ. არა, ნიავიც არ უნდა შემეხოსო, არ გამოვა - ან უნდა ვიყოთ იმპერიაში, რუსეთის ნაწილი, ან დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გვქონდეს. ჩვენ სხვა მეზობელი არა გვყავს, რუსეთი და თურქეთია დიდი სახელმწიფოები, ავირჩიოთ, ვისთან გვინდა, დავფიქრდეთ და ისე გადავდგათ სწორი ნაბიჯი... დიახ, რუსეთისთვის აფხაზეთი სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყარაბაღი - აფხაზეთი შავ ზღვაზეა, რუსეთის საზღვარზე, ყარაბაღი კი მას სომხეთის ინტერესის დასაცავად სჭირდებოდა. რუსეთისთვის სომხეთს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ყარაბაღს, ამიტომ ყარაბაღში ფეხი მოიკიდა, რათა სომხეთისთვის შეეტყობინებინა, მე შენს ინტერესებს ვიცავო, მაგრამ ვერ იცავს, არ იცავს, მაინც აზერბაიჯანთან ურჩევნია ურთიერთობა. ეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყარაბაღი, ამიტომ დათმო, რათა შეინარჩუნოს აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი აუცილებლად გაუშვებს 2025 წელს თავისი ტერიტორიიდან რუსეთს. ჩვენ კი ჩუმად ვართ. უჩვენოდ აწყობენ სუფრას და მერე იქ სტუმრად მოგვიწევს ყოფნა”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“საქართველო გამქრალია მსოფლიო პოლიტიკის რადარებიდან. “ქართული ოცნება” თუ არ შეიცვალა, ხახამშრალი დავრჩებით, სტუმრად სამხრეთ კავკასიაში, სადაც წამყვანები იქნებიან აზერბაიჯანი და თურქეთი. სომხეთიც იძულებული იქნება შეეგუოს ამ რეალობას. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც შავ ზღვაზეც არის და კავკასიაშიც. თურქეთის ინტერესებშია სტრატეგიულად იყოს კარგად საქართველოსთან, ვიდრე აზერბაიჯანთან, რადგან აზერბაიჯანი მხოლოდ კავკასიაშია. თურქეთი უკრაინასაც ეხმარება, ის მხოლოდ შავ ზღვაზეა. უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველო თურქეთისთვის, მაგრამ იმდენად პრორუსული გავხდით, თურქეთს ეშინია ამაზე ჩვენთან საუბარი, ეშინია, რომ დაიწყოს, ჩვენ კი ზურგი შევაქციოთ, ამიტომ ინიციატივა ჩვენგან უნდა იყოს, რომ არ ეგონოს, საქართველო რუსული ინტერესების გამტარებელიაო... ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს სრული უპერსპექტივობაა, არ იციან, რა იქნება 5 წლის შემდეგ, რეალობის შეცვლას ელოდებიან. საქართველო მათ არაფერს სთავაზობს. თუ ევროკავშირში მიგვიღეს, მათთვისაც ახალი რეალობა დადგება, მათაც სურთ შვილების კარგი მომავალი... გავანძრიოთ ხელი და მოვთხოვოთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები. ევროკავშირში შესვლის შანსი არ უნდა დავკარგოთ”, - დასძენს ექსპერტი.

უკრაინელებმა შეიძლება სოხუმის მშენებარე აეროპორტს დაარტყან - რამდენად რეალურია რუსული წყაროებით გავრცელებული ეს ინფორმაცია

“უახლოეს პერიოდში უკრაინულმა არმიამ შესაძლოა საბრძოლო დრონებით თავდასხმა განახორციელოს აფხაზეთის ტერიტორიაზე - ეს ინფორმაცია რუსულმა “ტელეგრამ” არხმა “ლეგიტიმნი” თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ცნობით, ამ გეგმას აქტიურად ლობირებს უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონი” და დარტყმების სამიზნე იქნება აფხაზეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უფრო კონკრეტულად კი სოხუმის აეროპორტი, რომლის აღდგენასაც რუსები გეგმავენ. და განიხილავენ სარეზერვო აეროდრომად, რომელსაც, სამოქალაქოსთან ერთად, სამხედრო დანიშნულებაც ექნება. იგივე წყარო ამ ცნობას უკავშირებს რამდენიმე დღის წინ საქართველოს სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ დარტყმის კიდევ ერთი მიზანი იქნება დესტაბილიზაცია ზოგადად კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელებმა შეიძლება სოხუმის მშენებარე აეროპორტს დაარტყან - რამდენად რეალურია რუსული წყაროებით გავრცელებული ეს ინფორმაცია.

“აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც გასულ ხუთშაბათს უკრაინულმა დრონებმა წარმატებული შეტევა მიიტანეს აფხაზეთიდან არც ისე შორს, სოჭში მდებარე სამხედრო ბაზაზე. როგორც სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ სულ ახლახან უკრაინელებმა წარმატებით განახორციელეს სოჭში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტზე, აფხაზეთის ტერიტორიაზეც შეუძლიათ იგივეს გამეორება. მით უმეტეს, რომ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რუსულ არმიას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინელებს ამის საშუალება ნამდვილად აქვთ და შეიძლება დაარტყან არა საჰაერო, არამედ საზღვაო დრონებით, მით უმეტეს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არის რუსული სამხედრო-საზღვაო ელემენტები. ასევე შეუძლიათ შეტევა სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და ჩაკეტილ ზონად მიიჩნევა. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას რუსები იყენებენ როგორც მებრძოლების მოსამზადებლად, ასევე იქ არის რუსეთის საოკუპაციაო 58-ე არმიის ქვედანაყოფები. 58-ე არმია კი პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინის ომთან . გარდა ამისა, აფხაზეთის ტერიტორიიდან მარაგდება საოკუპაციო ძალები საბრძოლო მასალებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ამ შესაძლო შეტევის დაკავშირება საქართველოსთან და უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებთან სრულიად ალოგიკური და აბსურდულია. მაისაიას თქმით, `საქართველოსთან ამას კავშირი არ უნდა ჰქონდეს - უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის და ეს განცხადება აბსოლუტურად აბსურდულია”, - წერს სტატიის ავტორი.

ბესიკ ალადაშვილი - “ჩვენი კონტრდაზვერვის შემყურე, ისღა დაგვრჩენია, იმ ბედნიერ დღეს დაველოდოთ, როდის გაშიფრავენ აგენტები საკუთარ თავს”

“ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი, ტექნიკური აღჭურვილობა და დაფინანსება მკვეთრად ჩამორჩებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დონეს. XXI საუკუნეში, მსოფლიოში სპეცსამსახურების როლისა და მნიშვნელობის არნახული გაძლიერების ხანაში, ჩვენთან ამ საკითხების შესწავლა და ანალიზი კვლავ თვითდინებაზეა მიშვებული. ქართული სპეცსამსახურების დაუძლურება მტრული ძალების მიერ მიზანმიმართული პროცესია, რადგან ცნობილია, რომ ძლიერ სახელმწიფოს სუსტი სპეცსამსახურებით ვერ ააშენებ. საქართველოში ბევრი ქვეყანა ცდილობდა და ცდილობს პოლიტელიტაში, ბიზნესელიტაში, მასმედიაში, სამეცნიერო წრეებში და ა.შ. დასაყრდენი ჰყავდეს”, - აცხადებს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი კონტრდაზვერვის შემყურე, ისღა დაგვრჩენია, იმ ბედნიერ დღეს დაველოდოთ, როდის გაშიფრავენ აგენტები საკუთარ თავს”.

“პოლიტპარტიებში აგენტურის შეგზავნით დაინტერესებული არიან: 1. კონკურენტი პოლიტპარტიები; 2. ადგილობრივი სპეცსამსახურები; 3. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. ლოკალურ დონეზე პოლიტიკური შპიონაჟით კონკურენტი პოლიტპარტიები “ერთობიან”. მათ აგენტურას მიზნებიც და შესაძლებლობებიც ლოკალური აქვთ და ბევრიც რომ ეცადონ, ჩვენი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარეშე ქვეყნის სტრატეგიულ კურსს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან. მათი საქმიანობის სფეროა ფარული კავშირები ხელისუფლებასა და სხვა პარტიებთან; არაფორმალური ურთიერთობები; კომპრომატების შეგროვება პარტიის ლიდერებზე და ა.შ. გაცილებით სახიფათოა ადგილობრივი სპეცსამსახურების “აგენტურული თამაშები”. საქართველოში­ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ოპერატიული მიზნით შექმნილი ბევრი პარტიაა. ამ პარტიების მოქმედების სცენარები სპეცსამსახურებში იწერება, მაგრამ საკითხავია, ვის ინტერესებს ატარებენ? დღეს ეროვნული სპეცსამსახურების არსებობის გარეშე შეუძლებელია გარკვევა, ვისი კონტროლით მოქმედებენ ჯერ კიდევ საბჭოთა სუკ-ის შექმნილი ან თუნდაც ახალწამოჩიტული პარტიები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.

“სპეცსამსახურებისთვის პარტიებში აგენტურის შეგზავნის მიზნები და მეთოდები საერთოა. განსხვავებულია მხოლოდ ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის რეალიზაციის მიმართულებები. ჩვენს სპეცსამსახურებს კანონით ეკრძალებათ შიდაპარტიულ ორომტრიალში მონაწილეობა, აგენტურის მეშვეობით ოპოზიციის დაშლა და ერთმანეთზე წაკიდება, რადგან `ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ~ კანონით აკრძალულია ფარული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში. მათი მოვალეობაა, გამოავლინონ და აღკვეთონ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული შეღწევა პარტიებსა და პოლიტელიტაში, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სხვ.... რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, სანამ პირი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნება, შემოწმების ობიექტი უნდა იყოს. ის ერთგვარ ფილტრს გადის, არსებობს თუ არა დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის ორგანიზაციებსა და სპეცსამსახურებთან. არ შეიძლება ასეთი პირის მოსვლა სახელისუფლებო შტოში”, - განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი.

“დღეს არა მარტო სახელისუფლებო შტო, ყველა სფერო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სამიზნეა. არ არის აუცილებელი გადაბირებული პირი იყოს მაინც და მაინც მინისტრი, საკმარისია გადაიბირონ, მაგალითად, მინისტრის მდივანი ან დამლაგებელი, რომელიც შეძლებს ფარული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას, ინფორმაციის გამოტანას... დღეს სპეცსამსახურებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდების გადაბირება, რადგან მათ აქვთ ზრდის პერსპექტივა (პოლიტიკაში, ეკონომიკაში...). რაც შეეხება კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, მას აქვს ყველა საეჭვო პირის შემოწმების ვალდებულება. სუს-ის დებულებაში წერია, რომ კონტრდაზვერვამ უნდა გამოავლინოს ყველა ასეთი პირი - უნდა შემოდიოდეს ოპერატიული ინფორმაცია და ამის მიხედვით დაიწყოს საქმე. ამისთვის გამოიყენება ფარული მოსმენაც, მაგრამ სამხილების საფუძველზე და სასამართლოს თანხმობით. ეს ყველაფერი ფარულად ხდება. ქვეყნის უსაფრთხოების უცხო ქვეყნის აგენტურისგან თავდაცვის უმთავრესი სტრუქტურა კონტრდაზვერვის დეპარტამენტია”, - ამბობს რესპონდენტი.

“თუ ინფორმაცია სპეცსამსახურიდან გაედინება, ეს უდიდესი პრობლემაა. როცა გამოძიებაც მიმდინარეობს და შედეგი არ დგება, ესეც ბევრ პრობლემაზე მიანიშნებს - ანუ რომელიღაც რგოლში (ან რამდენიმეში) გაიჟონა ინფორმაცია. სამწუხაროდ, ის მავნე პრაქტიკა, რაც საბჭოთა პერიოდში იყო, შემდეგ შევარდნაძისა და მიშას დროს, დღესაც შენარჩუნებულია - სპეცსამსახურში წამყვან თანამდებობებზე ინიშნებიან არა კვალიფიკაციის, არამედ პოლიტიკური გუნდის ან კონკრეტული პირის მიმართ ერთგულების ნიშნით. უცხოეთში არსებობს ასეთი მიდგომა: ყველა მინისტრს ჰყავს მოადგილე, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის დროსაც კი არ იცვლება. ვთქვათ, ახალი პარტია მოვიდა და მაგალითად, ნიშნავს უშიშროების მინისტრს. მისი მოადგილე, სანამ პენსიაზე არ გავა, ან არ გარდაიცვლება, უცვლელია. ეს აუცილებელი მემკვიდრეობითობაა, რაც ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი გარანტიაა. ჩვენთან კი შეიცვლება თუ არა მინისტრი ან სხვა უწყების ხელმძღვანელი, მძღოლს და დამლაგებელსაც კი უშვებენ. ადრე თუ გვიან, ეს უნდა დამთავრდეს და მთავარი პრინციპი უნდა იყოს პატიოსნება, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი”, - განმარტავს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი.

“სააკაშვილის დროს, 2006 წლის სექტემბერში, 4 რუსი სამხედრო ჯაშუში დააკავეს და ტელეგადაცემები მიუძღვნეს, რაც დაუშვებელია. როგორც წესი, ასეთი ფაქტი არ საჯაროვდება, სანამ ქვეყნებს შორის არ გაიცვლება ინფორმაცია. ეს დიპლომატიური გზებით უნდა გადაწყდეს, მით უმეტეს, 2006 წელს ჯერ არ იყო საომარი ვითარება. რა თქმა უნდა, ჯაშუში უნდა გამოავლინო, მაგრამ ჯერ უნდა გადაიბირო, მეთვალყურეობაში გყავდეს... ის 4 რუსი სამხედრო თვითმფრინავით გაუშვეს და მერე გადაცემები მიუძღვნეს. სააკაშვილი რომ მოიხსენიებდა, დაჟანგებული ГРУ-ო, იმ რუს სამხედროებს რატომ არ ჰკითხეს, კავშირზე ჰყავდათ თუ არა ქართველები? თუ ადგილობრივები არ დაეხმარნენ, მარტო ხომ ვერაფერს გააკეთებდნენ? ვინმე გამოავლინეს? - არავინ, რადგან ყველაფერი დადგმული იყო... იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება სიმონ კილაძეზეც, მერე ვახტანგ მაისაიას გამოგონილი ბრალდება, ამას მოჰყვა ფოტოგრაფების საქმე, "ენვერის საქმე”. ყველაფერი ეს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად უნდოდათ, რეალურად კი რუსეთის აგენტურა მშვენივრად მუშაობდა და აკეთებდა თავის საქმეს”, - იხსენებს ბესიკ ალადაშვილი.

“2012 წლიდან ასეთი დადგმული სცენარები აღარ გვხვდება, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობის კვალი, რა თქმა უნდა, ძირითადად ჩრდილოეთიდან მოდის და ამის წამქეზებელი ფაქტორები და პირები უნდა გამოავლინონ... რაც შეეხება მათი საქმიანობის მეთოდებს, მაგალითად, პოლიტპარტიებში, ერთი სცენარით, პარტიებისა და პოლიტიკოსების ნაწილს დავალებული აქვთ კონკრეტულ ქვეყანასთან “მეგობრობის” ლოზუნგით ღიად გაახმოვანონ მეორე ქვეყნის ინტერესები, რითაც ეჭვი ააცილონ იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც “ღრმა იატაკქვეშეთში” არიან და მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა გაატარონ რეალური შემკვეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტერესები. ამ პოლიტპარტიებიდან ზოგი ადრეა შექმნილი, ზოგი კი სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის იქმნება... მოკლედ, ქვეყანა მუდმივ ქაოსშია და ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენი კონტრდაზვერვის შემყურე, ისღა დაგვრჩენია, იმ ბედნიერ დღეს დაველოდოთ, როდის გაშიფრავენ აგენტები საკუთარ თავს. დასასრულ ერთიც უნდა ითქვას: უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობა ბეწვის ხიდზე სიარულია და, ადრე თუ გვიან, ყველას ვინაობა ცნობილი გახდება. ამიტომ ამ საქმეში ჩართულ პირებს ვურჩევ, ახლავე გადაარჩინონ შთამომავლობა სირცხვილს...” - დასძენს ბესიკ ალადაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო